გამთენიას, თბილისის დროით 5 საათზე ტოკიოში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. მამაკაცთა და ქალთა ორ-ორ უმძიმეს წონაში წინასწარი ეტაპის შეხვედრები უკვე დასრულდა. ქართული გუნდი სეზონის უმთავრეს შეჯიბრზე მხოლოდ მამაკაცთა გუნდითაა წარმოდგენილი და დღეს ტატამზე ნაკრების 4 წევრი გავიდა. მათგან 3-მა ჩემპიონატზე გამოსვლა უკვე დაასრულა.
მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ მძიმეწონოსანი ლაშა გუჯეჯიანი აგრძელებს. უზბეკი აბდულო ტანგრიევის იუკოთი და სლოვენიელი მატიაშ სერაჟის იპონით ძლევის შემდეგ გუჯეჯიანი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იაპონელ კაზუჰიკო ტაკაჰაშისთან წუთსა და 27 წამში ორჯერ წამოეგო ვაზარზე და რეპეშაჟში გადაერთო. ქართველ ძიუდოისტს ბრინჯაოს მედალს 2 გამარჯვება აშორებს. დამამშვიდებელი ეტაპის პირველ შეხვედრაში ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდება და თუ გასცდება, გადამწყვეტ ბრძოლაში გერმანელი ანდრეას ტოლცერისა და ფრანგი მეტიუ ბატეის ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულს შეხვდება.
მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილმაც მოირგო კიმონო, მაგრამ ერთადერთხელ. ანდრეას ტოლცერთან სამწუთნახევარში იუკო და 2 ვაზარი გამოეპარა.
100 კილოგრამში მოჭიდავე ირაკლი ცირეკიძემ ჩემპიონატი უკრაინელი არტემ ბლოშენკოს ძლევით გახსნა (იპონი 3 წუთსა და 24 წამში), უზბეკ რამზიდინ საიდოვთან კი საკმაოდ დაძაბული ბრძოლა საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე მეორე ვაზარით დააგვირგვინა და მერვედფინალში გავიდა. კუბელი ორეიდის დესპაინი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა და ოქრო-ვერცხლისა და ბრინჯაოს შანსიც ერთდროულად დაკარგა.
ამავე წონაში ლევან ჟორჟოლიანმა ოდენ ერთი ეტაპის გადალახვა მოახერხა. მოლდოველი სტანისლავ ჩერნეგა ერთ წუთში გააკრა ტატამს, მაგრამ მერე უზბეკ უტკირ კურბანოვთან მესამე წუთზე თავად დავარდა იპონზე.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე









