ფეხბურთი

18:56 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგოლ ცაავას მოგონებები - “დინამოზე”, “ცხუმზე”, “ბერნაბეუს თასზე,” “ბაიერნის” მოედნიდან გასვლაზე

 

უფროსი გულშემატკივრებისგან მსმენია, იყო დრო, თბილისის “დინამოს” დუბლების მატჩებსაც კი არ ვაცდენდით, რადგან იქ უმცროსი მიშა მესხი და გრიგოლ ცაავა სპექტაკლებს დგამდნენო. ქომაგთა დიდი ნაწილი სპეციალურად ამ ორი კაცის სანახავად დადიოდა – ზოგჯერ იმდენი ადამიანი გროვდებოდა, დღეს მხოლოდ საქართველოს ნაკრების მატჩებისას რომ დადის.   

“დღეს როცა უკან ვიხედები, გული მწყდება. მეც და ჩემი თაობის ფეხბურთელებსაც უფრო მეტისთვის უნდა მიგვეღწია. რაღაც დავაკელით” – ეს ამონარიდია გრიგოლ ცაავას ინტერვიუდან. “მსოფლიო სპორტი” 52 წლის ცაავას ესაუბრა, რომელიც, როგორც იცით, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ.

ცაავა ერთ-ერთი ის პიროვნებაა ქართულ ფეხბურთში, რომელზეც ცუდის მთქმელი კაცი არ მახსენდება. ის ყველას გემრიელად უღიმის, უშუალოა და დიდისთვის თუ პატარისთვის, უბრალოდ, გრიშა ცაავაა.

ორიგინალური დრიბლინგი, ფინტები, პასის კულტურა – ცაავა ამ ყველაფერს ლამაზად აკეთებდა და ვინ მოთვლის, რამდენჯერ წამომხტარა სკამიდან მისი თამაშის შემხედვარე მაყურებელი. ბავშვობაში გრიშას მომენტებიდან ყველაზე მეტად მახსოვს 1988 წლის ზაფხულში მისი გატანილი გოლი მოსკოვის “სპარტაკის” კარში. პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან საფირმო ცაციით ცხრიანში დაარტყა და ის თამაში 1:0 მოვიგეთ.

აქვე, ინტერვიუ ცაავასთან. თავიდან, “დინამოს” დუბლებში მოხვედრაზე:

-       სოხუმის “ნორჩ დინამოელში” ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, თბილისის “დინამოში” გადასვლაზე ვოცნებობდი. 1979 წელი იყო, როცა “დინამოში” დამიბარეს და დუბლებთან ერთად, ლესელიძეში წავედი შეკრებაზე. ძირითადი გუნდი იმ დროს ტუნისში იყო. 17 წლის ბიჭისთვის “დინამოს” დუბლებში თამაში უკვე ბევრს ნიშნავდა. 17 წლისას მქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაშიც, თუმცა ადრეულ წლებში მეტწილად მაინც დუბლებში ვიყავი. ხუმრობა იყო იმ “დინამოს” ძირითადში მოხვედრა?! 1979 წელს გავიგე, რომ გუნდში ვრჩებოდი. ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვე რჩებოდა, კრება ჩატარდა და გავიგე, რომ გუნდში ჩარიცხული ვარ. პირველი თამაშიც მახსოვს, “შახტარის” დუბლებთან გვქონდა.

-       პირველი შთაბეჭდილებები დაუვიწყარია. თქვენ რას გაიხსენებდით “დინამოში” გატარებული პირველი დღეებიდან?

-       ერთხელ დარაჯი მეუბნება, ვიტალი დარასელია გეძახისო. იქვე ოთარ გაბელიაც იჯდა. გამომელაპარაკნენ და ისეთი ემოციები მომეძალა, ქვეყანა ჩემი მეგონა. ან რა დამავიწყებს, დავით ყიფიანის გვერდით რომ აღმოვჩნდი მინდორზე.

-       რა გითხრათ ყიფიანმა?

-       დათოს ტრავმა ახალი მორჩენილი ჰქონდა და ნოდარ ახალკაცმა სთხოვა, მოდი, ფორმის აღსადგენად დუბლებში ითამაშეო. მოსკოვის ცსკა-ს დუბლებთან იწყება მატჩი, შუაში კი მე და ყიფიანი ვდგავართ. ბურთი გამომიგორა და ტანში გამცრა – ეს ვისთან ერთად ვთამაშობ! გენიალური პიროვნება იყო დათო. და საერთოდ, იმ “დინამოს” ძალა საფეხბურთო ოსტატობის გარდა, იმაშიც იყო, რომ ყველა რგოლში ჰყავდა ლიდერი, თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა თავისი საქმე და ამასთან, მშვენიერი ატმოსფერო სუფევდა. ნახევარმცველი მშვიდადაა, როცა უკან საშა ჩივაძე და შოთა ხინჩაგაშვილი დგანან. თავის მხრივ, შემტევი ნახევარმცველი მშვიდადაა, როცა უკან ლომივით კაცი, თენგიზ სულაქველიძეა. აი, ზაურ სვანაძე ხომ თითქოს არ ჩანდა, მაგრამ იმხელა სამუშაოს ასრულებდა, რომ შეგეძლო, შეტევაზე თამამად გეფიქრა. ოთარ გაბელიას ჩხუბისა და ყვირილის დროს კი, აბა, მცველი როგორ მოდუნდებოდა. ამ გუნდს ჰყავდა მწვრთნელი, რომლის გარეშეც წარმატება ვერ მოვიდოდა.

-       ნოდარ ახალკაცზე უფრო ვრცლად გვითხარით.

-       უპირველესად, დისციპლინაა გამოსარჩევი და ის ტაქტიკური გადაადგილებები, რაც მან მოახდინა. ყველაფერმა გაამართლა. ბატონი ნოდარი მკაცრიც იყო და ფეხბურთელებზე ზედ გადაყოლილიც. ამბობენ, მძიმე ხასიათის კაცი იყოო. კი, ბატონო, მაგრამ პირადად ჩემთვის ახალკაცი ყველაფერი იყო. 

-       დრო გადიოდა და ნელ-ნელა შეეჩვიეთ “დინამოს” ძირითადს. თქვენთვის განსაკუთრებულად რთული იქნებოდა, რადგან ყიფიანმა ტრავმა მიიღო და მის შემცვლელად განგიხილავდნენ...

-       სამწუხაროდ, ყიფიანმა ტრავმა მიიღო, რაც დიდი დარტყმა გამოდგა გუნდისთვის. 1982 წელს 32 მატჩი ჩავატარე, ყველაზე მეტი გუნდში. 9 გოლი გავიტანე და რამდენიმე საგოლე პასიც გავაკეთე. 33 საუკეთესოს შორისაც მოვხვდი. თან, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვთამაშობდი. ყველაფერი კარგად მიდიოდა...

-       რატომ დაიწყო “დინამოს” ასეთი მკვეთრი ჩავარდნა?

-       დიდი ფეხბურთელები უნდა შეგვეცვალა და ეტყობა, მზად არ ვიყავით. ეტყობა, რაღაც დავაკელით. ყიფიანის ტრავმა, ვიტალის დაღუპვა – ეს ორი კაცი უკვე იმხელა ძალა იყო, რომ მათ გარეშე გაჭირდა. სხვა გუნდებიც გაძლიერდნენ. ტყუილი არაა, როცა ამბობენ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაშიო. არადა, კარგი თაობა ვიყავით: მიშა მესხი, იაგო ჟორჟიკაშვილი, გოჩა ჯოხაძე, ვაჟა ჟვანია, ნუკრი კაკილაშვილი... გული მწყდება, რომ ქომაგთა მოლოდინი ვერ გავამართლეთ. რაც წლები გემატება, ამას გრძნობ და მით უფრო გული გწყდება კაცს.

-       აწ გარდაცვლილ მიშა მესხ-უმცროსს როგორ გაიხსენებდით?

-       ჩემთვის ის საუკეთესო იყო. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მიშას მინდორზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რასაც მოისურვებდა. აი, მიიღო ბურთი და წინ კაცი უდგას? ვიცი, რომ მოატყუებს, ეჭვიც არ მეპარება.

-       კომეტასავით გაიელვა ცხონებულმა მამუკა აფციაურმაც, რომელზეც ბევრს საუბრობდნენ, როგორც ამომავალ ვარსკვლავზე.

-       პასის კულტურა, ინდივიდუალიზმი, დახვეწილი მანერა – აფციაური ყველაფერს ლამაზად აკეთებდა. სამწუხაროდ, მალევე გაქრა და იმის 10 პროცენტიც ვერ გამოავლინა, რაც შეეძლო.

-       მახსოვს, მძიმე ტრავმა მიიღეთ ოდესის “ჩერნომორეცთან” მატჩისას. როგორ მოხდა?

-       ტრავმა ახალი მოშუშებული მქონდა და კიევის “დინამოსთან” გამოვედი პირველად. კიეველები ფეხში არ მირტყამდნენ, მიფრთხილდებოდნენ. მალევე, “ჩერნომორეცთან” გვქონდა თამაში და მათმა ფეხბურთელმა ერიომინმა უკნიდან ჩამარტყა. 14 ნაკერი დამადეს. 8 თვე გამიცდა. 

-       ერიომინმა ბოდიში მოგიხადათ?

-       დიახ. თბილისში მნახა და მომობოდიშა. ფეხბურთია, ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა, მასზე წყენა არ დამრჩენია გულში.

-       ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში, როცა “დინამო” ფოთის “კოლხეთს” ხვდებოდა, ისტორიას შემორჩა ფოტო: პატარა ვიტალი დარასელია ბურთს აგორებს, მასთან ახლოს კი თქვენ და გია გურული დგახართ. 28 წლის იყავით, თუმცა ერთი სეზონიღა ითამაშეთ “დინამოში”. რატომ?

-       მშვენიერი თაობა მოდიოდა არველაძეების, ქინქლაძის, ჯამარაულისა და სხვების სახით. უკვე ვგრძნობდი, რომ იმ დონეზე ვეღარ ვთამაშობდი და სჯობდა, ახალგაზრდებისთვის დამეთმო გზა. არის ცხოვრებაში მომენტები, როცა ამას გრძნობ. სოხუმის “ცხუმში” წავედი და მეორე წელს თასის ფინალში გავედით, სადაც თბილისის “დინამოსთან” 1:3 წავაგეთ. თასების თასზე უნდა გვეთამაშა, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი გურამ გაბისკირია კენჭისყრაზეც იყო წასული, მაგრამ... გამოგვიცხადეს, საომარი ვითარების გამო, ევროტურნირებიდან მოხსნილი ხართო. ომი მძვინვარებდა და ფეხბურთმა მეორე პლანზე გადაიწია. 

ცაავამ მთხოვა, მოდით, ომის ამბებზე ნუ ვისაბრებთო. ისე კი, აღნიშნა, რომ სოხუმში მისი სახლი დაიწვა.

-       განსაკუთრებულად რომელი პერიოდი გახსენდებათ თქვენი კარიერიდან? სახალისოც ბევრი იქნებოდა.

-       გავიხსენებ 1981 წლის სექტემბერში მადრიდში გამართულ ოთხთა ტურნირს: “სანტიაგო ბერნაბეუს თასს”. იქ ჩვენ, “რეალი”, “ბაიერნი” და “ალკმაარი” გამოვდიოდით. პირველი მატჩი “რეალთან” გვქონდა და წავაგეთ. ეს ის თამაში იყო, ანხელმა ყიფიანს ფეხი რომ მოტეხა. შემდეგ “ბაიერნს” ვხვდებოდით და 2:1 ვიგებდით. მე სათადარიგოებში ვიყავი, “დინამოში” საერთაშორისო მატჩი ჯერ არ მქონდა ჩატარებული. რამაზ შენგელიამ ორი გოლი გაუტანა “ბაიერნს”, იქიდან კი პაულ ბრაიტნერმა შეაგდო. პირველი ტაიმის დამთავრებას 5 წუთი აკლდა, როცა მატჩი შეწყდა, არადა, მეორე ტაიმში მე უნდა შევსულიყავი... კაკილაშვილს მხარი ასტკივდა, ვერ აგრძელებდა თამაშს და ახალკაცმა მითხრა, მოემზადეო. ავდექი სკამიდან, ვემზადები და “ბაიერნის” ფეხბურთელები მინდვრიდან გავიდნენ, აღარ გავაგრძელებთო... რა დამემართებოდა, ხომ ხვდებით?

-       გახმაურებული ამბავია, მაგრამ მაინც - რატომ შეწყდა ის მატჩი?

-       რუმენიგე და გია თავაძე შეეჯახნენ. მსაჯმა რუმენიგეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რამაც ძალიან გაამწარა გერმანელები. ფიქრობდნენ, რომ მსაჯი გვეხმარებოდა, არადა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ბრაიტნერმა რაღაც უთხრა რუმენიგეს და ვხედავ, ყველანი მიდიან გასახდელში. გულში ვნატრულობ: “არ გახვიდეთ, თამაში მინდა”, მაგრამ მატჩი აღარ გაგრძელდა. მსაჯმაც უცადა და თქვა: “ფინიტა ლა კომედია”. შეწყდა.

-       უხეში მატჩი იყო?

-       საკმაოდ. გერმანელებმა ვერ აიტანეს, რომ აგებდნენ და უხეშობა დაიწყეს. ჩვენებმაც თავი არ დაუხარეს და ჯარიმა ჯარიმას მოსდევდა. მოკლედ, ასე დავრჩი უთამაშებელი, მაგრამ ინდივიდუალური პრიზები კი წამოიღეს ჩვენმა ფეხბურთელებმა: ტურნირის ბომბარდირი შენგელია გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად გუცაევი დაასახელეს. კრუიფიც მინახავს, მარადონაც, მაგრამ ის, რაც გუცაევმა “რეალთან” აკეთა, არ დამავიწყდება. სუპერმატჩი ჩაატარა.

ვიდეო “სანტიაგო ბერნაბეუს თასი”

 

 http://www.youtube.com/watch?v=ldp7cT4tFkI  

 http://www.youtube.com/watch?v=v2OOjUDCFYc

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114278