ჭადრაკი

23:57 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრან-პრიზე ძაგნიძე დაწინაურდა

სომხეთის ქალაქ დილიჟანში მიმდინარე 2013-14 წლების ქალთა საჭადრაკო გრან-პრის სერიის მე-2 ტურნირს 2 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს და იგი ნანა ძაგნიძე (2550) გახლავთ. ქათველმა მოჭადრაკემ მონღოლი ტუვშინტუგს ბატჩიმეგის (2316) კვალად ინდოელი დრონავალი ჰარიკაც (2482) დაამარცხა და თავი 2.0 ქულას მოუყარა.

მე-3 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ელინა დანიელიანს (2475) ეთამაშება და ცხადია, ფავორიტადაც მოიაზრება, რადგანაც სომეხ მოჭადრაკეს რეიტინგითაც ჯობნის და თან, ეს უკანასკნელი 0.5 ქულით აუტსაიდერთა რიგებში ირიცხება.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ყოჩაღობს ბელა ხოტენაშვილი (2531), რომელმაც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ გრან-პრის პირველ ტურნირში მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა. ამჯერად, ბელას აქტივში მხოლოდ ნახევარი ქულაა და დილიჟანის ტურნირის 12 მონაწილეს შორის, დამატებითი მაჩვენებლებით ბოლო ადგილზე იმყოფება.

ხოტენაშვილმა პირველ ტურში შავი ფიგურებით რუს ტატიანა კოსინცევასთან (2526) წააგო, მეორე რაუნდში კი ისევ შავებით ლიტველ ვიკტორია ჩმილიტეს (2511) დაუზავდა. ქართველი მოჭადრაკის მორიგი მეტოქე სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2593) იქნება და ამჯერად, ბელა თეთრი ფიგურებით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ თითოეულმა მოჭადრაკემ საჭადრაკო გრან-პრის ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა, საერთო ჩათვლაში კი, მათ მიერ ნაჩვენები სამი საუკეთესო შედეგი შევა. ცნობისთვის, ერთ-ერთ, კონკრეტულად კი V ეტაპს თბილისიც უმასპინძლებს. მომავალი ტურნირი 2014 წელს, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+160 ქულა), II – 8 250 (+130), III – 6 750 (+120), IV – 5 750 (+90), V – 5 000 (+80), VI – 4 500 (+70), VII – 4 250 (+60), VIII – 4 000 (+50), IX – 3 250 (+40), X – 3 000 (+30), XI – 2 750 (+20), XII – 2 500 (+10).

გრან პრის გამარჯვებული 2015 წელს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს შეხვდება. ამჟამად, ჩემპიონი რუსი ანა უშენინა (2499) გახლავთ, რომელმაც ტიტული შარშან, ნოკაუტსისტემით მოიგო. წლეულს უშენინა წოდების შესანარჩუნებლად, 2011-12 წლების გრან პრის გამარჯვებულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113618