1988 წლის სეზონში, ქუთაისის ,,ტორპედომ” ჯერ საკავშირო ჩემპიონატის მე-2 ლიგის მე-9 ზონაში გაიმარჯვა, მერე პლეი ოფი მოიგო და პირველ ლიგაში დაბრუნდა. მაშინ ტორპედოელთა რიგებში 23-მა ფეხბურთელმა ითამაშა, მათგან 13-მა შემდგომში, მეტნაკლები წარმატებით, მწვრთნელობას მიჰყო ხელი. ამ 13-ში, დღეს, ზემოიმერული სოფლის სტადიონზე დაპირისპირებული ,,ჩიხურას” და ,,დილას” თავკაცებიც - სოსო ფრუიძე და გიორგი დარასელია - იყვნენ. ყოფილი თანაგუნდელები 24 წლის შემდეგ პირველად გაეჯიბრნენ ერთმანეთს მწვრთნელის ამპლუაში. სოსო ფრუიძემ, ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე, მეგობრულად მოიკითხა მასზე 9 წლით უმცროსი კოლეგა.
სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. გიორგი დარასელიას ხელში, ,,დილამ” ზედიზედ 8 თამაში მოიგო და ივანწმინდაშიც გამარჯვებას გეგმავდა. გორელებზე არანაკლებად სწყუროდათ 3 ქულა მასპინძლებს, რომლებმაც პირველ წრეში სძლიეს მეტოქეს.
მატჩის დაწყებამდე, სტადიონზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს არცთუ შორეულ წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, ენუქი თევზაძის ნათელ ხსოვნას.
მასპინძლები საპასუხისმგებლო თამაშს დიდი საკარდო დანაკლისით შეხვდნენ. ,,ჩიხურას”, ტრავმების გამო, ლაშა ჭელიძე, რევაზ გოცირიძე და დავით დიღმელაშვილი ვერ ეხმარებოდნენ. შეუძლოდ იყო გიორგი სომხიშვილიც, მაგრამ კაპიტანი მაინც ჩადგა კარში.
,,დილას” ძირითადიდან არავინ აკლდა, ეგ კი არა, მის სათადარიგო სკამზე მსხდომთაც ბევრი გუნდი ინატრებდა.
სოსო ფრუიძემ ნაცადი სქემით - 4-4-1-1-ით დააწყებინა ,,ჩიხურას”. უკანა ხაზს დავით ოდიკაძე (მარჯვნივ), ედიკ საჯაია, ნიკა გუშარაშვილი (ცენტრში) და ლაშა ჩიკვაიძე (მარცხნივ) აკონტროლებდნენ; შუა რგოლში, მარჯვნივ დათო კირკიტაძე ირჯებოდა, ცენტრში - ირაკლი ზაბახიძე და ვაჟა ლომაშვილი, მარცხნივ ნიკოლოზ მაისურაძე, ნიკო კვასხვაძე კი, ეულ ფორვარდს, ბესიკ დეკანოიძეს უმაგრებდა ზურგს.
თითქმის იგივე ტაქტიკურ მონახაზს მიმართა გიორგი დარასელიამაც. დაცვაში გამწესებული იყვნენ: გიორგი შაშიაშვილი, გიორგი ონიანი, გულვერდ თომაშვილი და დავით კვირკველია; ნახევარდაცვაში მოქმედებდნენ: ირაკლი კლიმიაშვილი, ზურაბ არზიანი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, სანდრო გურული; წინახაზელი კი, ნათან ჟუნიორი გახლდათ.
გორელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში და ჩარჩოში პირველებმა სწორედ მათ დაარტყეს. გოგიტა გოგუამ ორ საჩხერელს აუარა გვერდი და საჯარიმოს წინა ხაზიდან გაგზავნა ბურთი კარისკენ, ოღონდ არცთუ ძლიერად და სომხიშვილი დინჯად დაეუფლა ბურთს. დაახლოებით 15 წუთი ,,დილა” მყარად ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას და მასპინძლებსაც ძირითადი ყურადღება დაცვაზე ჰქონდათ გადატანილი, თუმცა, შემდგომში მათაც გაილაშქრეს მეტოქის ნახევარზე და მარინ სკენდერის კარის მიმართულებით ორი დარტყმა განახორციელეს, მაგრამ მაისურაძის მსგავსად, დეკანოიძემაც ააცილა.
შემდეგ უკვე სტუმრები გადავიდნენ სწრაფად მეტოქის ნახევარზე, ჟუნიორმა ცრუმოძრაობით შეაღწია ,,ჩიხურას” საჯარიმოში, გორელთა ბრაზილიელი ლეგიონერი ბოლოს გუშარაშვილსაც გასცდა, მაგრამ წაქცეულმა მცველმა ხელი წაუკრა ბურთზე და არბიტრმაც უმალ 11-მეტრიანით დასაჯა მასპინძლები. სანდრო გურულმა ძლიერად დაარტყა და ბურთი ძელს მოხვდა, თუმცა, თომაშვილმა დამატებაზე ყველას დაასწრო და ,,დილა” დააწინაურა - 0:1.
ამის შემდეგ მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, 39-ე წუთზე კი, სტუმრებმა მეორე გოლიც გაუტანეს საჩხერელებს. კვირკველიამ საჯარიმო შეასრულა, ონიანმა თავურით გაგზავნა კარისკენ და სომხიშვილმა რთულად ასაღები ბურთი კუთხურზე მოიგერია. ნაკუთხურალს საპირისპირო ფლანგზე გურული დაეუფლა და მასპინძელთა საჯარიმოში გაგზავნა, იქ კი, თომაშვილი მაღალ ნახტომში შეწვდა ბურთს და კარისკენ დაარტყა, სომხიშვილმა შეძლო მოგერიება, თუმც (როგორც თანამსაჯმა კვეტენაძემ დააფიქსირა) - მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და 0:2.
აქ, თამაში 3 წუთით შეწყდა - ეს დრო დასჭირდათ სამართალდამცავებს, მატჩის დელეგატსა და თავად საჩხერელ ფეხბურთელებს, ქომაგების დასამშვიდებლად, რომლებიც კვეტენაძის მოქმედებით იყვნენ უკმაყოფილონი.
მე-2 ტაიმში ,,ჩიხურას” ძირითადმა კიპერმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და იგი ზურაბ მწყერაშვილმა შეცვალა, რომელსაც უმალ მოუხდა მახვილი კუთხიდან გურულის დარტყმის მოგერიება.
გორელებმა აკადემიურ თამაშს მიჰყვეს ხელი, საჩხერელები კი, პირიქით, შეტევების განვითარებას ჩქარობდნენ და ამ სიჩქარეში ბევრი წუნი ჰქონდათ, თუმც ამის მიუხედავადაც, რამდენჯერმე მაინც დაემუქრნენ სკენდერის კარს.
65-ე წუთზე სტუმრები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და გოგუამ კარგი გადაცემა გაუკეთა შეცვლაზე შესულ ირაკლი მოდებაძეს, რომელმაც კარს დაუმიზნა, მაგრამ გუშარაშვილმა ხაზიდან შეძლო ბურთის გამოტანა.
მერე ყურადღების ცენტრში კვასხვაძე მოექცა. მან ორჯერ საკმაოდ შორიდან გაისროლა გორელთა კარისკენ. პირველ შემთხვევაში, ნიკომ ააცილა, ხოლო მეორეში, სკენდერი თავგანწირულ ნახტომში მიწვდა ბურთს, რომელიც მისი ხელიდან ძელს მოხვდა და მოედანზე დაბრუნდა, მცველებმა კი, უმალ განმუხტეს მდგომარეობა.
საჩხერელები ამის შემდეგაც ცდილობდნენ გატანას, მაგრამ რეალური საფრთხე მეტოქისთვის არ შეუქმნიათ. გორელებმა უპრობლემოდ შეინარჩუნეს სასურველი ანგარიში.
გიორგი დარასელია: ,,პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, რაც ორ გატანილ ბურთში გამოიხატა. შესვენების შემდეგ, დამშვიდებულად, ანგარიშის შენარჩუნებაზე ვითამაშეთ. მთავარი იყო, გოლი არ გაგვეშვა და ეს ამოცანა შევასრულეთ”.
სოსო ფრუიძე: ,,რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ამან თავის დაღი დაასვა ჩვენ თამაშს. ბიჭებმა იბრძოლეს, მაგრამ დღეს მეტოქე უფრო ძლიერი იყო. მომდევნო საშინაო თამაშებში მაქსიმალურ შედეგს უნდა მივაღწიოთ. გიორგი დარასელიას გამარჯვებას ალალად ვულოცავ”.
,,ჩიხურა”(საჩხერე) - ,,დილა” (გორი) 0:2 (0:2)
საჩხერე. ივანწმინდის სტადიონი. 4 ნოემბერი. 14.00 საათი. 800 მაყურებელი
,,ჩიხურა”: სომხიშვილი (კ. მწყერაშვილი, 46), ოდიკაძე, გუშარაშვილი, საჯაია, ჩიკვაიძე, ზაბახიძე (გ. ჩხეტიანი, 66), ლომაშვილი, ნ. კვასხვაძე, კირკიტაძე, დეკანოიძე, ნ. მაისურაძე (შარაშენიძე, 46)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
,,დილა”: სკენდერი, გ. ონიანი, არზიანი (სალუქვაძე, 63), შაშიაშვილი, გოგუა, კვირკველია (კ), ს. გურული, ჟუნიორი (გორელიშვილი, 46), კლიმიაშვილი (მოდებაძე, 59), ბეჭვაია, თომაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გოლი: 0:1, 0:2 თომაშვილი (20, 39)
მე-19 წუთზე გურულმა ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: გუშარაშვილი (19)
მსაჯები: ჯ. ხორავა, დ. თოდრია, დ. კვეტენაძე, გ. კიკაჩეიშვილი
მე-13 ტური:
ვიტ ჯორჯია – მერანი 0:0, კოლხეთი – სიონი 0:1, დინამო (ბთ) – ზუგდიდი 0:4, მეტალურგი – ზესტაფონი 1:1, ჩიხურა – დილა 0:2, ტორპედო – დინამო (თბ) 2:2
| 1. | დინამო (თბ) | 13 | 9 | 3 | 1 | 36:10 | 30 |
| 2. | დილა | 13 | 9 | 1 | 3 | 22:8 | 28 |
| 3. | ტორპედო | 13 | 8 | 2 | 3 | 29:12 | 26 |
| 4. | ზუგდიდი | 13 | 6 | 5 | 2 | 18:9 | 23 |
| 5. | ჩიხურა | 13 | 7 | 2 | 4 | 17:14 | 23 |
| 6. | ზესტაფონი | 13 | 6 | 3 | 4 | 16:9 | 21 |
| 7. | მეტალურგი | 13 | 5 | 1 | 7 | 9:18 | 16 |
| 8. | ვიტ ჯორჯია | 13 | 4 | 3 | 6 | 10:16 | 15 |
| 9. | მერანი | 13 | 4 | 1 | 8 | 7:23 | 13 |
| 10. | სიონი | 13 | 3 | 4 | 6 | 11:20 | 13 |
| 11. | დინამო (ბთ) | 13 | 2 | 2 | 9 | 10:26 | 8 |
| 12. | კოლხეთი | 13 | 0 | 3 | 10 | 5:25 | 3 |
მე-14 ტური
11 ნოემბერი: ზესტაფონი – ტორპედო, დინამო (თბ) – დინამო (ბთ), ზუგდიდი – კოლხეთი, სიონი – დილა, ჩიხურა – ვიტ ჯორჯია, მერანი - მეტალურგი
მეგოლეები:
10 – ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
8 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
7 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ჩისკო (2 პენ, “დინამო” თბილისი) რევაზ ჯიქია (“სიონი”)
5 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”)
4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით ოდიკაძე (4, “ჩიხურა”) რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”),
3 – დიმიტრი ტატანაშვილი, ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), გიორგი კუხიანიძე (1), ლევან ხმალაძე (“დინამო” თბილისი), საბა ლომია (“მერანი”), გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), ნიკო კვასხვაძე (“ჩიხურა”), დავით გამეზარდაშვილი, გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი (“დილა”)
2 – გივი კვარაცხელია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან შარიქაძე (“ზესტაფონი”), ლევან კუტალია (1), შოთა ლომია (“ზუგდიდი”), რევაზ გოცირიძე, გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მიქაბერიძე (“მეტალურგი”) ირაკლი მოდებაძე, რომან ახალკაცი, გიორგი კახელიშვილი, ჟუნიორი, სანდრო გურული, ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა”), პაატა ცხვიტარია, პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი), გრიგოლ დოლიძე (“ტორპედო”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, პატრიკ მილხრაუმი, ოთარ კვერნაძე, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ნოზაძე, გივი დიდავა (“მერანი” მარტვილი), რობერტინიო, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი (“დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, ამირან მუჯირი, თორნიკე ბერიძე, ალექსანდრ ტიმჩიშინი (“დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (“სიონი”), ედიკ საჯაია, ბესო დეკანოიძე, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, თეიმურაზ შარაშენიძე, ნიკა გუშარაშვილი (“ჩიხურა”), ალექსანდრე კვახაძე, ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (“ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ელგუჯა ლობჟანიძე, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა გაბრიჩიძე, გურამ გურეშიძე (“ვიტ ჯორჯია”), დაჩი ფოფხაძე, ალექსანდრე კოშკაძე (“ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, დათო კვირკველია, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი (“დილა”), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”), ანზორ სუხიაშვილი (“მეტალურგი”)
ავტოგოლი: ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), ირაკლი კვეკვესკირი (“დინამო” ბათუმი)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
იუზა კაციტაძე საჩხერედან









