ინტერვიუები

10:01 | 11.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

გოგა გახოკიძე: "საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელში 2 მილიონი ზღაპარია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, გოგა გახოკიძე ფეხბურთს 32 წლის ასაკში შეეშვა, ტრავმებმა მეტის საშუალება არ მისცა და ნაადრევად დაათმობინა საყვარელი საქმე. წელიწადზე მეტია, რაც გახოკიძე ფიფას ლიცენზირებული აგენტია, უკვე საკმაო პოპულარობა მოიპოვა ამ რთულ სფეროში და მთავარი, რასაც მის მუშაობაში ვხედავთ – ე. წ. “ჭ” კლასის ლიგებში არ აგზავნის ქართველ ფეხბურთელებს.
რამდენიმე თვეა, რაც გახოკიძეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე შეუერთდა – ისინი ერთად მუშაობენ, ოღონდ “ქინქი” მოსკოვში ცხოვრობს და იქ საქმიანობს.
და ახალი ქართული ტრანსფერები, რომელიც გახოკიძემ გვითხრა: უნგრულ “დიორ ეტოს” საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ორი ფეხბურთელი შეემატება - 20 წლის თავდამსხმელი, ვახტანგ ფანცხავა და 21 წლის მცველი, ლაშა თოთაძე. პირველი მათგანი ბოლოს ხარკოვის “მეტალისტში” ირიცხებოდა, მანამდე კი ფრანგული “ლე მანის” დუბლებში იყო. მეორე “გაგრაში” თამაშობდა და მანამდე ორი წელი კიევის “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდში გახლდათ. ფანცხავასა და თოთაძეს უნგრულ კლუბში 5 ქართველი ფეხბურთელი დახვდებათ - რატი ალექსიძე, გიორგი განუგრავა, გიორგი ბახტაძე, თემურ შარაშენიძე და დავით ლორთქიფანიძე.
“მსოფლიო სპორტი” გახოკიძეს გუშინ, ანთალიაში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე დაუკავშირდა
გოგა გახოკიძე: დღეს საღამოს მივფრინავ ანთალიაში და 10 დღით დავრჩები. იქ დავაკვირდები ფეხბურთელებს, ადგილზე მუშაობა უკეთესია. ახლა ხომ სავსეა ანთალია უცხოური კლუბებით.
- კარგა ხანია, რაც სააგენტო შექმენით. რამდენად პოპულარული ხართ და ქინქლაძის გარდა, კიდევ ვინ მუშაობს თქვენთან ერთად?
- ქინქლაძე მოსკოვში მუშაობს, მე კი ხან საქართველოში ვარ, ხან ევროპაში მიწევს გამგზავრება. ჩვენთან ერთად არიან დავით ყენია და ბესო აბაშიძეც, რომლებიც აქ აკვირდებიან ნიჭიერ ფეხბურთელებს. არა მარტო აკვირდებიან, ცხადია, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელების სხვადასხვა კლუბებში მოწყობაში. ოთხივენი აქტიურად ვმუშაობთ.
- ქინქლაძეზე ცალკე გკითხავთ: როგორც ვიცით, კარიერის დასრულების შემდეგ, ის ფეხბურთში არ საქმიანობდა და რამდენად აქვს კავშირები? 
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ მარტო ქინქლაძის ხსენება რამდენს ნიშნავს... ეგეც არ იყოს, გიოს მყარი კავშირები აქვს რუსულ ფეხბურთში მომუშავე ხალხთან, მას ყველა იცნობს. და ხომ გეუბნებით, კავშირი რომც არ ჰქონდეს, ახსენებ “ქინქლაძეს” და მორჩენილია საქმე.
- საინტერესოა, დაახლოებით რა ფასი აქვს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კარგ ფეხბურთელს - მაგალითად, გიორგი მერებაშვილის ან ნიკა გელაშვილის მიახლოებითი ფასი რამდენია?
- ფასზე საუბარს მაინც მოვერიდები, მაგრამ ერთს ვიტყვი: ქართული კლუბები ხშირად არარეალურ ფასს ადებენ ფეხბურთელს. ქართველები ასეთი ხალხი ვართ, უცებ გვინდა ავშენდეთ და ავყვავდეთ. მილიონნახევარს და ორ მილიონ ევროს საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელში არ გადაიხდიან. მაშინ ძალიან მაგარი უნდა იყოს და “ფრინავდეს”. ბოლოს ასეთი იყო ლევან ყენია, მანამდე კი ქინქლაძე. დღეს კი ყველა ვხედავთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ტოპ-ფეხბურთელი არ თამაშობს. სამწუხაროდ, ასეა. და მარტო ფეხბურთელზეც არაა - ყველამ იცის, რომ თვითონ ჩემპიონატი არა არის იმ დონის, რომ აქედან მოთამაშე წავიდეს და მაგალითად, ჰოლანდიის ან ბელგიის კლუბში იოლად დაიმკვიდროს თავი. რაც შეეხება ლეგიონერებს, ჩვენ სააგენტოსთან აქვთ კონტრაქტები გაფორმებული ლადო დვალიშვილს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული ფეხბურთელია. ასევე ჩვენთან არიან შოთა და გურამ კაშიები, ვახტანგ კვარაცხელია...
- რამდენად დიდია ალბათობა, რომ ძმები კაშიები და კვარაცხელია იანვარშივე გადავიდნენ უცხოურ კლუბებში?
- ამის შანსი არის. ვმუშაობთ და ვნახოთ...
- ისე, როდესაც სააგენტო შექმენით, მაშინვე განაცხადეთ, რომ თქვენი პრიორიტეტი ქართველების ძლიერ უცხოურ კლუბებში მოწყობა იქნებოდა...
- ასეცაა. ჩვენ აზერბაიჯანსა და სომხეთში ჯერ არ ვუშვებთ ფეხბურთელებს. ასე ვთქვათ, ფრთების გაშლას ვაპირებთ და გვინდა, რომ ევროპაში ჩვენი საქმიანობის არეალი გავაფართოვოთ. კარგი კონტაქტები გვაქვს რუსეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, უნგრეთში, იგივე გერმანიაში...
- საფეხბურთო კარიერის უმეტესი ნაწილი ჰოლანდიაში გაატარეთ და იქ კავშირები საკმაოდ გექნებათ. თუმცა, ჰოლანდიაში ქართველი არავინ წაგიყვანიათ...
- ეს ერთ სიძნელესთანაა დაკავშირებული. ჰოლანდიაში არის კანონი, რომლის მიხედვითაც 21 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს კლუბში, ყველაზე ცოტა, 500 ათასი უნდა ჰქონდეს წლიური ხელფასი. 21-წლამდელისთვის კი, მინიმუმი, 250 ათასი უნდა იყოს. ამდენად, ეს ხელისშემშლელი ფაქტორია, თუმცა, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ჰოლანდიაშიც გამოჩნდნენ ჩვენი ფეხბურთელები. მაგ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.
- ახალი წლის წინა დღეებში “მსოფლიო სპორტი” უნგრული “დიორ ეტოს” პრეზიდენტის მრჩეველ ლაშა ოდილაძეს ესაუბრა და მან განაცხადა, შესაძლოა, იანვარში კიდევ გადმოვიყვანოთ რომელიმე ქართველი ფეხბურთელიო. ვიცით, რომ ოდილაძესთან მეგობრობთ და თქვენ ხომ არ აპირებთ “დიორ ეტოში” რომელიმე ქართველის ჩაყვანას? 
- ლაშა ოდილაძე მართლაც გამორჩეულად ზრუნავს ქართველ ფეხბურთელებზე და ძალიან დასაფასებელი კაცია. რაც უფრო ბევრი ეყოლება ქართულ ფეხბურთს ოდილაძისნაირი პიროვნება, მით უკეთესი. დიახ, ჩვენ ჩაგვყავს “დიორ ეტოში” ორი ქართველი და 90 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ორივენი ჩაირიცხებიან იქ - ლაშა თოთაძე და ვახტანგ ფანცხავა. ლაშა ბოლომდე მენდობა და ამ ბიჭების ვიდეო-კასეტაც კი არ მოუთხოვია. 
- ალბათ, თქვენს სფეროში ბევრი სიბინძურეც ხდება. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გვითხრათ?
- მართალია, სიბინძურე და ტყუილები ხშირია, მეც საკმაოდ შევხვდი ამგვარ ფაქტებს. აგენტობა სათუთი სფეროა და ერთხელ თუ გაგიტყდა სახელი, მორჩა, ხელახლა ვეღარ მოიპოვებ. შენზე რომ დაიწყებს ფეხბურთელი ლაპარაკს, მომატყუა, გუნდში ჩამიყვანა და “გადამაგდოო”, ამაზე საშინელება რაღა უნდა იყოს. ამიტომ,  მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ჩვენ პატიოსნებას ჩირქი არ მოეცხოს. საამისოდ არც გვქონია საქმე და ღმერთმა გვაშოროს.
- როგორც ვიცით, გამოცდილ ქართველ ფეხბურთელებზე არცთუ დიდი მოთხოვნაა ევროპაში, მაგრამ სულ სხვა სურათია ახალგაზრდა ქართველების მიმართ. ანუ ევროპულ კლუბებში რამდენად დიდი სახელი აქვთ ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს და რამდენად არის მოთხოვნა მათზე?
- მართალი ხართ, ახალგაზრდა ქართველებზე გაცილებით დიდი მოთხოვნაა. ევროპაში კარგად იციან ჩვენი ბიჭების პერსპექტიულობაზე, რაც ჯანო ანანიძის, ლევან ყენიას და კიდევ რამდენიმეს დამსახურებაა. იციან, რომ 13-14 წლის ქართველი ჭაბუკი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მერე ხომ იცით, იწყება არასწორი რეჟიმი, ქართული კლუბი პირობებს ვერ უქმნის და ზრდაც წყდება... 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091745