თუ როგორ იმუშავა შარშან დაწყებულმა პროექტმა ბრაზილიურ “ატლეტიკო პარანაენსესა” და რუსთავის “ოლიმპს” შორის, ყველამ ნახა. მტკიცებულება, ფრაგას დაცვაში საიმედო თამაში და აკინოს გოლების კასკადი იყო, მაგრამ რამდენადაც კარგად დაიწყო თანამშრომლობა, იმდენად ცუდად დასრულდა – წლეულს ზაფხულს, ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და აღარ გაგრძელდა.
ახლა მიზეზების გახსენებას არ ვაპირებთ. შეხსენებისთვის, ის პროექტი “ატლეტიკო პარანაენსეს” მენეჯერის, კერძოდ, კლუბის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის, ქართველი გოჩა ალადაშვილის მეშვეობით მოხდა. ალადაშვილი ახლა თბილისში გახლავთ და “მსოფლიო სპორტსაც” გაესაუბრა:
გოჩა ალადაშვილი: “როგორც იცით, “ატლეტიკო პარანაენსეს” აღმოსავლეთ ევროპაში წარმოვადგენ, თუმცა თანამშრომლობა დავიწყეთ ჰოლანდიურ “ვიტესთანაც”. ამ კლუბის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, “ატლეტიკო პარანაენსესთან” კავშირის სურვილი გამოთქვა და ეს ძალიან კარგია”.
- ეს, აპრიორი ნიშნავს, რომ “ვიტესი” “ატლეტიკო პარანაენსეს” საუკეთესო ფეხბურთელებს დაიმატებს ხოლმე?
- შეიძლება, ასე ითქვას. არნემში რომ ვიყავი და “ვიტესის” სტადიონი ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. ერთ-ერთი საუკეთესო არენაა ევროპაში, პლუს, “ვიტესის” ინფრასტრუქტურა მშვენივრად მუშაობს, არნემში 7 სტადიონს აშენებენ.
- როგორც ვიცით, “ვიტესმა” უკვე დაიმატა ერთი ფეხბურთელი “ატლეტიკო პარანაენსედან” – 20 წლის ნახევარმცველი ბარბოსა.
- დიახ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ეს ბიჭი “ვიტესში” ითამაშებს.
- მინსკის “დინამოსთან” თანამშრომლობასაც აგრძელებთ?
- რა თქმა უნდა. მართალია, “ვიტესი” გაცილებით მაღალი დონეა, მაგრამ ბელარუსებთანაც ნაყოფიერად ვმუშაობთ. “ოლიმპში” დასრულებული პროექტი, ფაქტობრივად, მინსკში განახლდა. იქაურ “დინამოს”, “ატლეტიკო პარანაენსედან” რენანი, სოტერო და ბრუნო ჰყავს. ახლა კი, კიდევ ორი-სამი მოთამაშის დამატება სურთ და სწორედ ამისთვის მივფრინავ მინსკში 17 იანვარს.
- “ოლიმპში” ჩაიშალა ეს პროექტი, მაგრამ ხომ არაა საუბარი, რომ “ატლეტიკო პარანაენსესთან” სხვა ქართულმა კლუბმა ითანამშრომლოს?
- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ხელშეკრულება რომ გაფორმდეს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს ქართულ კლუბს. ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი ჩანს. სამწუხაროა, რომ “ოლიმპთან” ჩაიშალა ეს პროექტი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ზაფხულში რუსთავურ კლუბში ბევრი რამ შეიცვალა და...
- აკინოს და ფრაგას, “ოლიმპში” დარჩენა სურდათ?
- თუ ეს პროექტი გაგრძელდებოდა, დიდი შანსი იყო, დარჩენილიყვნენ. ეს უკვე კლუბების მოლაპარაკებაზე იყო დამოკიდებული.
- ახლა სად ირიცხებიან აკინო და ფრაგა?
- აკინო “ატლეტიკო პარანაენსემ” სერია B-ს “პარანაში” გაანათხოვრა და მანაც 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ახლა კი, ცნობილ “კურიტიბასთან” გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი. “კურიტიბა” გავარდნილი იყო და სერია A-ში დაბრუნდა. რაც შეეხება ფრაგას, ის “ატლეტიკო პარანაენსეში” იყო და ახლა კონტრაქტი დაუმთავრდა. რამდენიმე კლუბისგან აქვს წინადადება.
ილია ნანობაშვილი







