ახლოვდება საიუბილეო, საქართველოს მე-20 ეროვნული ჩემპიონატი ვაჟ კალათბურთელთა შორის, რომლის დაწყებაც ოქტომბერში იგეგმება. ჯერჯერობით, უცნობია, რა სისტემით ჩატარდება ეროვნული ჩემპიონატი და რამდენი გუნდი მიიღებს მასში მონაწილეობას.
ამ საკითხთან დაკავშირებით, “მსოფლიო სპორტი” სუპერლიგის დირექტორ გიორგი ზაბახიძეს ესაუბრა.
- რაიმე სიახლე თუა მომავალ ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით?
- შეგახსენებთ, რომ მე-19 ეროვნულ ჩემპიონატში 10 გუნდი “ენერჯი ინვესტი”, თსუ, საუ, შსს, “დინამო”, “ბათუმი, “სოხუმი”, “სამედიცინო/აკადემია”, “მერანი” და “თბილავიამშენი” ჩაება. პირველი წრის შემდეგ, “თბილავიამშენი”, ფინანსური პრობლემების გამო, დაიშალა და ასპარეზობა 9 გუნდმა დაასრულა.
მე-20 ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას არ აპირებს “მერანი”. დარჩენილ 8 გუნდთან ერთად, მომავალ სეზონში ასპარეზობის სურვილი გამოთქვეს სტუ-მა, ასკ-მა და “ქუთაისმა”. სიახლეა ისიც, რომ ოდნავ გაიზარდა გუნდების მიერ ფედერაციაში შესატანი თანხის რაოდენობა.
- მე-20 ეროვნული ჩემპიონატი რა სისტემით ჩატარდება?
- გეგმაში გვაქვს ორი ვარიანტი. ჩემპიონატში 8 ან 11 გუნდი იასპარეზებს. თუ 8 გუნდის მონაწილეობა გადაწყდა, ასპარეზობაში პირდაპირ დაიშვებიან მე-19 ეროვნულ ჩემპიონატში I-VI ადგილებზე გასული გუნდები (“ენერჯი ინვესტი”, თსუ, საუ, შსს, “ბათუმი” და “დინამო”), დანარჩენი 2 ადგილისთვის კი, მომდევნო ადგილებზე გასული “სოხუმი” და საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი გუნდები (ასკ, “ქუთაისი” და სტუ) იბრძოლებენ.
- სუპერლიგის მიღმა დარჩენილ გუნდებს რაღას უპირებთ?
- თუ სურვილი ექნებათ, ეს გუნდები პირველი ლიგის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც სუპერლიგისაგან განსხვავებით, გადასახადი ბევრად უფრო ნაკლები იქნება.
- ეს ყველაფერი როდის დაზუსტდება?
- მე-20 ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობა და ასპარეზობის ჩატარების სისტემა დაზუსტდება ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზურის მოპოვების შემდეგ, სახელწიფოსაგან კალათბურთის მიმართ ინტერესი თუ გაიზრდა?
- რა თქმა უნდა, გაიზარდა და მალე ეს ჩემპიონატსაც დაეტყობა.
- სად ჩატარდება ეროვნული ჩემპიონატის მატჩები?
- მატჩებს თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი უმასპინძლებენ. თბილისში დაგეგმილი ყველა მატჩი სპორტის სასახლეში ჩატარდება.
როლანდ ლაბუჩიძე









