ინტერვიუები

20:19 | 19.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძემ ტრავმა ბოლომდე მოირჩინა

ორშაბათ გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “ოლიმპის” გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ავიარეისით თბილისში დაბრუნდა. ცინცაძე ხუთი დღით ლიტვის ქალაქ კაუნასში იმყოფებოდა, სადაც ნაოპერაციებ ფეხზე შემოწმება გაიარა.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2011-ზე ცინცაძემ მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, მაკედონიასთან შეხვედრისას დაშავდა – ფეხის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და საოპერაციო გახდა. “ბუმ” ოპერაცია ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დასრულების შემდეგ, 22 სექტემბერს ლიტვაში გაიკეთა. ამის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და რეაბილიტაციას თბილისში გადიოდა. ნაოპერაციები ფეხით თბილისში დაბრუნების შემდეგ, ცინცაძე ლიტვაში მეორედ იმყოფებოდა. პირველად იგი კაუნასში მიმდინარე წლის 11-18 იანვარს ჩავიდა და მკურნალ ექიმს გაესინჯა.
“მსოფლიო სპორტი” ლიტვიდან ახალდაბრუნებულ გიორგი ცინცაძეს ესაუბრა.
- როგორ ჩაიარა კაუნასში თქვენი ნაოპერაციები ფეხის ამჟამინდელმა შემოწმებამ?
- ჩემი მკურნალი ექიმების განცხადებით, ნაოპერაციები ფეხის აღდგენითი პროცესი დასრულებულია. აღდგენითმა პროცესმა კარგად ჩაიარა და შემიძლია სრული დატვირთვით ვარჯიში.
- “ოლიმპის” შემადგენლობაში სრული დატვირთვით ვარჯიშს როდიდან დაიწყებთ?
- მართალია, ლიტვიდან დღეს (ორშაბათს – რ.ლ.) ჩამოვედი, მაგრამ “ოლიმპთან” ვარჯიში უკვე მოვასწარი.
- ლიტვაში გამგზავრებამდე “მსოფლიო სპორტს” განუცხადეთ, “ოლიმპთან” ვარჯიშის დროს ტკივილებს არ ვგრძნობ, მაგრამ რადგან არ ვიცი ნაოპერაციები ფეხის რეალური მდგომარეობა, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიმყოფებიო. იმის შემდეგ, რაც გაიგეთ, რომ ნაოპერაციები ფეხი ბოლომდე მოირჩინეთ, ფსიქოლოგიური წნეხი ადვილად დაძლიეთ?
- თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ დღევანდელი ვარჯიში სრული დატვირთვით დავასრულე. ფსიქოლოგიური შიში არ მიგრძვნია.
- სუპერლიგის მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მომდევნო, მე-8 ტურის შეხვედრას “ოლიმპი” ბათუმში, ადგილობრივ “ბათუმი-რსუ"-თან ატარებს. გუნდთან ერთად ბათუმში თქვენც მიემგზავრებით?
- გუნდთან ერთად ვიქნები, მაგრამ ვერ ვითამაშებ. ლიტვაში ყოფნის გამო 5 დღე გამიცდა და გუნდთან შესათამაშებლად ერთ კვირაზე ცოტა მეტი დამჭირდება.
- “ოლიმპში” თქვენი დებიუტი როდის შედგება?
- თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ოლიმპში” ჩემი დებიუტი მე-9 ტურში, “დინამოსთან” შეხვედრაში შედგება.
 

 

როლანდ ლაბუჩიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090281