ინტერვიუები

0:13 | 17.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: “არავისი არ გვეშინია”

აეროპორტული გაუგებრობის გადამკიდეს, “დალღა არენაზე” მისვლა თითქმის ერთი საათით დამაგვიანდა და “ნეფთჩის” წარმომადგენელთა პრესკონფერენციას ვერ მივუსწარი. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტებისგან შევიტყვე, ბაქოური კლუბის მთავარი მწვრთნელი ბუიუქაღა გაჯიევი შეუძლოდაა. ვერც მას-მედიასთან შეხვედრა მოახერხა და სავარაუდოდ, ვერც დღევანდელ თამაშს დაესწრება.
ვიდრე საპრესკონფერენციო დარბაზში “ზესტაფონის” დამრიგებელი გიორგი ჭიაბრიშვილი და ნახევარმცველი დავით მუჯირი შევიდოდნენ, რამდენიმე წუთით არენაზე გასვლაც მოვასწარი, სადაც “ნეფთჩი” ვარჯიშს ასრულებდა. ქალაქგარეთ, საკურორტო ზოლში მდებარე კოხტა სტადიონზე ისეთი ყიჟინა ისმოდა, მეგონა, ტრიბუნები სანახევროდ სავსე მაინც დამხვდებოდა. თვალებს არ ვუჯერებდი, როცა დავინახე, რომ მთელი ეს ხმაური აღმოსავლეთ და დასავლეთ ტრიბუნებზე მჯდომი მხოლოდ ორი, დაახლოებით 40-კაციანი გუნდის დამსახურება იყო. ფაქტია, ბრწყინვალედ ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს, მაგრამ მათ გუგუნს ერთიორად ზრდიდა ლამაზად შეკრული ნაგებობის საოცარი აკუსტიკა.
დასავლეთ ტრიბუნაზე მსხდომი ფანები “ფორცა ნეფთჩიდ” იწოდებიან, აღმოსავლეთზე კი “ულტრა ნეფთჩისა” და “ფლაგმანის” ფანკლუბის წევრები იყვნენ გაერთიანებულნი. როგორც შევიტყვეთ, “ნეფთჩის”, მათ გარდა, სულ 5 ფან-კლუბი ჰყოლია. “1937”-ისა და “შავ-თეთრი” ქალაქის” წევრები დღევანდელ ვარჯიშს არ დასწრებიან.
ადგილობრივი ჟურნალისტი ფან-კლუბებზე კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ “ზესტაფონის” პრესკონფერენცია დაიწყო და დარბაზს მივაშურეთ. შეკითხვების მთავარი ადრესატი, რა თქმა უნდა, ჭიაბრიშვილი იყო.
- როგორ ფორმაში ხვდება “ზესტაფონი” ხვალინდელ შეხვედრას?
- მოსამზადებელი ეტაპები საკმაოდ კარგად გავიარეთ და ვფიქრობ, მზად ვართ. “ნეფთჩი” კარგი გუნდია, მაგრამ იმედია, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ.
- ახლახან ერთ ინტერვიუში თქვით, თუ “ზესტაფონი” მეორე წრის მიღმა დარჩება, ეს კატასტროფა იქნებაო...
- ასეთი სიტყვები არც ერთი ჟურნალისტისთვის მითქვამს. სიტყვა – “კატასტროფა” არასოდეს არსად მიხსენებია. ამბიცია კი, ნამდვილად გვაქვს და ეს სავსებით ნორმალურია.
- “ნეფთჩის” მწვრთნელმა კი განაცხადა, რომ ყოველნაირად ეცდება, ყველაფერი პირველივე შეხვედრის შედეგით გადაწყვიტოს...
- ეს გამორიცხულია. ბრძოლა ორრაუნდიანია და ყველაფერი ზესტაფონში გამოჩნდება, ერთ კვირაში.
- მაინც რატომ უნდა გავიდეს “ზესტაფონი” შემდეგ წრეში?
- იმიტომ, რომ ეს წარმატება მთლიანად ქართულ ფეხბურთს სჭირდება. ჩვენი გუნდი უკვე წლებია, სტაბილურად ვითარდება, შარშან ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად გამოცდილება არ გვეყო. მიზნის მისაღწევად წლეულს უნდა ვიბრძოლოთ. ვფიქრობ, ამის ძალა შეგვწევს.
- ყველაზე მეტად “ნეფთჩის” რომელი ფეხბურთელის გეშინიათ?
- არავისი არ გვეშინია. ვიცით, რომ თქვენმა გუნდმა რამდენიმე ძლიერი მოთამაშე  დაიმატა, მაგრამ თამაშს მთლიანი გუნდი იგებს და არა ცალკეული ფეხბურთელი.
მოკლე კომენტარი დავით მუჯირმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ წინ მძიმე შეხვედრები ელის და იქვე დასძინა, იმედია, ამ წყვილიდან მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას “ზესტაფონი” მოიპოვებსო.
“დალღა-არენას” ხელოვნურ საფარზე ზესტაფონელების გამოჩენას აზერბაიჯანელმა ფანებმა გამაყრუებელი ზმუილი მოაყოლეს. აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მსხდომებმა კი შეხმატკბილებული უწმაწური შეძახილებით მიიქციეს ყურადღება და თუ დღესაც ასე გააგრძელეს, დიდი რისკია, საქმე შეხლა-შემოხლამდეც მივიდეს. მით უმეტეს, რომ ორგანიზატორები სწორედ მათ სიახლოვეს აპირებენ “ზესტაფონის” გულშემატკივრების განთავსებას.

 

ოთარ მაღლაკელიძე worldsport.ge-ს სპეციალური კორესპოდენტი ბაქოდან
 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=-l4FcSRVvv8#!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175983