ფეხბურთი

1:25 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩელებაძემ მამის ტრადიცია გააგრძელა

 

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ქობულეთის ,,შუქურამ”  ,,ზუგდიდს” უმასპინძლა. მატჩის დაწყების დროს ქობულეთში საკმაოდ ცხელოდა, ამიტომ ფეხბურთელებს სწრაფი მოძრაობა უჭირდათ და ვერც კომბინაციურ თამაშს ახერხებდნენ. ტაიმის მესამედი ისე მიილია, რომ თამაშში არც ერთი გუნდის მეკარე არ ჩართულა.

პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ზუგდიდლებმა მე-16 წუთზე შექმნეს. ეხვაია ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მეტოქის მცველებს დაუსხლტდა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

 ტაიმის შუაწელისთვის მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ. მარცხენა ფლანგიდან ჩაფიძის გამჭოლ გადაცემაზე ლობე ურტყამდა თავით, მაგრამ ბურთი კარის ბადეს ზემოდან დაეცა.

აჭარელთა მომდევნო მცდელობა შედეგიანი გამოდგა. 24-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან ჩელებაძის ჩაწოდებულ კუთხურზე ყველაზე მარჯვე მეტრეველი გამოდგა. მან ზუგდიდელთა მცველებს პოზიცია მოუგო და მაღალ ნახტომში თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა – 1:0.

ნახევარი საათის მიწურულს მასპინძლებს ანგარიშის გაორებაც შეეძლოთ. ჩაფიძე მარცხენა ფლანგზე თავის ვიზავის დაუსხლტდა და ზუსტი გადაცემით მეტრეველი საგოლე პოზიციაში გაიყვანა, თუმცა საბოლოოდ მცველებმა იმარჯვეს და სიტუაცია განმუხტეს.

ტაიმის ბოლოს გაქვითვის შანსი სტუმრებსაც მიეცათ. დათა ქირიამ მოედნის ცენტრიდან წინ წაიწია და საკმაოდ შორიდან ძლიერად დააქუხა. კაკალაძემ აკრობატულ ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება.

მატჩის მეორე ნახევარი სანახაობრივად გაცილებით უფრო თვალსასეირო გამოდგა. შეხვედრის განახლებისთანავე ზუგდიდელთა კაპიტანი შოთა ლომია მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბურთი მაღალი ტრაექტორიით წავიდა და მასპინძელთა კარის ცხრიანში ჩაეშვა. კაკალაძის თავგანწირულმა ნახტომმა მხოლოდ ეპიზოდი გაალამაზა – 1:1.

თამაშის გაყაიმებას ქობულეთლებმა მძლავრი იერიშით უპასუხეს და მალევე ანგარიშში კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. შეცვლაზე შესულმა ჩალაძემ ჩელებაძესთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და საჯარიმოს წინა ხაზიდან ძლიერად გაისროლა. დავით ლომაია ვარდნაში სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, მაგრამ ბურთი გაშლილ ხელზე მოხვდა. არბიტრმა ვადაჭკორიამ უყოყმანოდ თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა, თან წესის დამღრვევს ყვითელი ბარათი აუფრიალა. ვინაიდან ეს ლომაიასთვის ამ თამაშში მეორე გაფრთხილება გახლდათ, მას ავტომატურად მოედნის დატოვება მოხდა.

ქობულეთელთა შტატიანმა პენალტისტმა გიორგი ჩელებაძემ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო მამამისის სტილში შეასრულა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი და ზუგდიდელთა გოლკიპერი კარის სხვადასხვა კუთხეში აღმოჩნდნენ – 2:1.

საპასუხო იერიში სტუმრებმა მაშინვე წამოიწყეს და კინაღამ ანგარიშიც გაათანაბრეს. ახლადშესული წურწუმიას ჩაწოდების შემდეგ ეხვაია ურტყამდა ვარდნაში ეფექტურად, მაგრამ მისი მცდელობა ოდნავ უზუსტო გამოდგა.

ამის შემდეგ აჭარელთა უპირატესობა გამოიკვეთა. კაცნაკლულ სტუმრებს მეტოქის იერიშების შეჩერება უჭირდათ. კარგი მომენტები ჰქონდათ ჩაფიძესა და ჩელებაძეს, მაგრამ მათი დარტყმული ბურთები ორივეჯერ კარის ბადეს გარედან შეეხო.

 მე-80 წუთზე სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ. შეცვლაზე შესულმა თუხარელმა მარჯვენა ფრთაზე გაილაღა და პირით ხაზთან მისულმა, რბილი გადაცემით საჯარიმოში შევარდნილ ჩელებაძეს ბურთი პირდაპირ თავზე დაუსვა. აჭარელთა კაპიტნის თავური დარტყმა კარის მარცხენა ძელმა აისხლიტა და მოედნის ფარგლები დატოვა.

ამ დროს კინაღამ ამოქმედდა ფეხბურთის დაუწერელი კანონი – ,,ვერ გაიტან – გაგიტანენ”. ზუგდიდლებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს, რომლის ბოლო ფაზაში წურწუმიას გამჭოლ გადაცემას ეხვაია შორეულ ძელთან ვარდნაში ხურავდა, მაგრამ მას ბურთთან შეხებამდე სულ სანტიმეტრები დააკლდა და ანგარიშიც უცვლელი დარჩა.

შეხვედრის ბოლო წუთები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მიუხედავად ამისა ზუგდიდლებს შეეძლოთ შინ ქულით დაბრუნებულიყვნენ. არბიტრის მიერ კომპენსირებული დრო იწურებოდა, როდესაც თანაგუნდელებმა ეხვაია მეკარის პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ უკანასკნელ წამს კაკალაძემ იმარჯვა, მან მეტოქის შემტევს დაასწრო და თავისიანებს მოგება გაუნაღდა.

პრესკონფერენცია:

ნესტორ მუმლაძე (,,ზუგდიდი”) - ,,ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელსაც კარგი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. ჩვენ ორი კვირაა რაც ერთად ვვარჯიშობთ. ჯერ კიდევ ყველა ფეხბურთელის შესაძლებლობები ბოლომდე არ ვიცი. ამდენსაც არ ველოდი. ბიჭებმა იბრძოლეს და მათი მადლობელი ვარ. იღბალიც რომ ჩვენს მხარეს ყოფილიყო, ალბათ ქულას მოვიპოვებდით. ვფიქრობ  არბიტრმა ორმაგად დაგვსაჯა. შეეძლო ლომაია არ გაეძევებინა.”

ბესიკ შეროზია (,,შუქურა”) - ,,ბიჭებმა დავალება ნაწილობრივ შეასრულეს. ეს ამინდის ბრალიც იყო. ძალიან ცხელოდა და ფეხბურთელებს აჩქარება უჭირდათ. შედეგით კმაყოფილი ვარ. სამეგრელოს სულ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს. წარმოშობით მეც ზუგდიდიდან ვარ და მათი წარმატება ყოველთვის გამეხარდება”

,,შუქურა” (ქობულეთი) - ,,ზუგდიდი” (ზუგდიდი) 2:1 (1:0)
9 აგვისტო. 17.30. ქობულეთი. ,,ჩელე არენა’. 2500 მაყურებელი.

,,შუქურა”: თ. კაკალაძე, ტაკიძე (ჩალაძე 46), ხოჭოლავა, კალანდაძე, გ. გურული, კუტალია, კუხიანიძე, ლობე (თუხარელი 72), ჩაფიძე, ჩელებაძე (კ), მეტრეველი (გოლიხინი 83);

მთ. მწვრთნელი:  ბესიკ შეროზია

,,ზუგდიდი”: თევდორაძე, რიგვავა, დ. ლომაია, ქურდაძე, ჯავაშვილი, დ. ქირია (გვაზავა 63), კობერიძე (ჭაავა 46), შ. ლომია (კ), კუკავა (წურწუმია 46), ეხვაია, ვ. კვარაცხელია;

მთ. მწვრთნელი:  ნესტორ მუმლაძე

გოლები: 1:0 მეტრეველი (24), 1:1 შ. ლომია (48), 2:1 ჩელებაძე (55, პენ);

გაფრთხილება:  დ. ლომაია (27, 52), ჯავაშვილი (59), ჭაავა (75), გ. გურული (84);

გაძევება: დ. ლომაია (52);

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114607