სიმფეროპოლის “ტავრიას” ქართველ თავდამსხმელ ვასილ გიგიაძისთვის, გასულ კვირას ოდესის “ჩერნომორეცის” წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა, უკრაინის ჩემპიონატში მე-200 აღმოჩნდა. 32 წლის გიგიაძემ 131-ჯერ სიმფეროპოლელთა მაისური მოირგო, 56-ჯერ კრივოი როგის “კრივბასში” ითამაშა, ხოლო 13-ჯერ ახტირკის “ნეფტიანიკის” ღირსება დაიცვა. მან “ტავრიას” შემადგენლობაში 37 გოლი გაიტანა, “კრივბასში” კი, მეტოქის კარი 20-ჯერ აიღო.
საიუბილეო მატჩის შემდეგ, უკრაინულმა “სპორტ-ექსპრესმა” ქართველ ფეხბურთელს ინტერვიუ ჩამოართვა.
- იცოდით, რომ “ჩერნომორეცთან” მატჩი თქვენთვის საიუბილეო აღმოჩნდებოდა?
- არა, მაგრამ ვხვდებოდი. მხოლოდ მეორე დღეს, თანაგუნდელმა ანტონ მონახოვმა მითხრა, რომ მე-200 შეხვედრა გავმართე. თუმცა, ამას დიდად არ გავუხარებივარ.
- საქმე წუთებშია, რომელიც ოდესაში მოედანზე გაატარეთ?
- დიახ. არ მეგონა, მხოლოდ ოთხი წუთი თუ ვითამაშებდი. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებებზე კარგად ვიმუშავე და ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველ მატჩში მოედანზე გასვლა ძალიან მსურდა, სამწვრთნელო შტაბმა სხვაგვარად გადაწყვიტა. თუმცა, არავითარი პრეტენზია არ მაქვს.
- უკრაინის ელიტარულ დივიზიონში თქვენს მიერ ჩატარებული პირველი მატჩი თუ გახსოვთ?
- “ტავრია” სტუმრად “ვორსკლას” ხვდებოდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. საინტერესოა, რომ უკრაინაში მე-100 თამაში, “კრივბასის” შემადგენლობაში “ტავრიას” წინააღმდეგ გავმართე. ბურთი არ გამიტანია, მაგრამ საგოლე გადაცემა გავაკეთე და ჯარიმა “გამოვიმუშავე”, რომლის შემდეგ, მეტოქის კარი მეორედ ავიღეთ. კრივოი როგში გატარებულ დროს ყოველთვის კარგად ვიხსენებ. სამწუხაროდ, ყველაფერი არ გამომდიოდა “ნეფტიანიკში”, რომლის რიგებში თავის გამოჩენა ერთხელაც ვერ მოვახერხე.
- პენალტების უბადლო შემსრულებლად ითვლებით. თუ გაქვთ რაიმე საიდუმლო - როგორ უნდა “გააცუროთ” მეტოქის მეკარე?
- ყოველთვის საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული. ეჭვი თუ გეპარება, სჯობს პენალტის ნიშნულთან არ მიხვიდე. თუმცა, რამდენიმე თერთმეტმეტრიანი გაცუდებული მაქვს. ერთ-ერთი ყველაზე გულდასაწყვეტი “ჩერნომორეცთან” შეხვედრა იყო, როდესაც ოდესელთა მეკარე ვიტალი რუდენკო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
- კარიერაში ყველაზე ეფექტურად, თქვენს მიერ გატანილ რომელ გოლს თვლით? შესაძლოა, ასეთად გასული წლის მიწურულს კიევის “დინამოს” კარში გატანილი ბურთი მიგაჩნიათ, როდესაც “ტავრიამ” 2:3 წააგო?
- ალბათ, კი. კიეველთა კარში გასული ბურთი ლამაზი გამოდგა, ვერაფერს იტყვი. მახსოვს, ბურთი საჯარიმოში მივიღე, მეტოქეს გვერდი ავუარე და მოჭრილი დარტყმით შორეულ კუთხეში გავიტანე. მეკარე არც განძრეულა.
- კარიერის დასრულების შემდეგ, ცხოვრებას სიმფეროპოლში აპირებთ?
- პაუზებს თუ გავითვალისწინებთ, თითქმის 6 წელია ყირიმში ვცხოვრობ. თუმცა, სახლი საქართველოში მაქვს. ჯერჯერობით, კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. 32 წელი ფეხბურთელისთვის ზღვარი ნამდვილად არაა და გარკვეული პერიოდი კიდევ მსურს თამაში.
- “ტავრიასთან” კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?
- ზაფხულში. ადრე, რუსეთიდან ბევრი წინადადება მქონდა, მაგრამ გული ყოველთვის სიმფეროპოლისკენ მიმიწევდა. ახლაც მსურს ყირიმულ კლუბში დარჩენა, სადაც ჩემთვის ყველაფერი მისაღებია.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა







