დიუსელდორფის “დიდი პრიზის” მეორე დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის პირველ დღეზე ბევრად წარმატებული გამოდგა. ამირან პაპინაშვილისა (60 კგ) და შალვა ქარდავას (66 კგ) დარად, გერმანულ კვარცხლბეკზე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ავიდნენ. ორი მათგანი სულაც უმაღლეს საფეხურზე შედგა და ამ შედეგით ირაკლი უზნაძის გუნდმა მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ყველაზე სასიამოვნო 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჩვენებურების საქმეში ნახვა იყო – ჭრიკიშვილი და წიკლაური სატურნირო ბადეში სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ და ოთხ-ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ქართული ფინალი აყურებინეს.
წიკლაურმა ფინალის საგზური უმთავრესი ფავორიტის, მსოფლიო რეიტინგის სამხრეთკორეელი ლიდერის, უტიტულოვანესი ჯაე-ბუმ კიმის ძლევით მოიპოვა. ოლიმპიური და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ქართველმა ძიუდოისტმა იუკოთი გაისტუმრა რეპეშაჟში. ამ შეხვედრამდე ლევანმა რუსი ივან ვორობიევის, გერმანელი სვენ მარეხისა და ჩეხი იარომირ მუსილის დასამარცხებლად საერთო ჯამში 4 წუთი იკმარა.
ჭრიკიშვილმა პირველ წრეში ბრიტანელ თომას დევისს გაფრთხილებებით აჯობა. მერვედფინალში ფრანგ ლუის პიეტრისთან უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა – თავიდან ვაზარს იგებდა, შემდეგ თავადაც დავარდა ვაზარზე და რადგან გაფრთხილებებშიც 2:2 იყო, ოქროს დრო დაინიშნა. წერტილი კი ჩვენებურმა დასვა, თან ბრწყინვალე წმინდა გდებით. მეოთხედფინალში ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიეს უილეთოდ, შიდოებით მოუმთავრა საქმე, ხოლო ნახევარფინალში, კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე წუთნახევარში გააკრა ტატამს.
ქართული ფინალი ერთ წუთს გაგრძელდა და ავთანდილ ჭრიკიშვილის იპონით დაგვირგვინდა.
90 კილოგრამშიც საქართველოს ნაკრების ორი წევრი შევიდა სამეულში, ოღონდ ოდნავ მოკრძალებული შედეგით – პირველი და მესამე ადგილებით. ვარლამ ლიპარტელიანმა ორი კვირის წინ ჩატარებული პარიზის “დიდი სლემის” ოქროს მედალს დიუსელდორფული ოქროც მიამატა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
საჩემპიონო აღმართს ლიპარტელიანი შვედი ჟოაკიმ დვარბის ძლევით შეუყვა – პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრის დასაწყისშივე ვაზარი შეასრულა. მერე 3-ჯერ გააფრთხილებინა მოწინააღმდეგე მსაჯს. მესამე წუთზე კი საქმე მეორე ვაზარით მოამთავრა. მერვედფინალში სამხრეთკორეელ დონგ ჰან კვაკს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებამდე ერთ შიდოს უგებდა, მაგრამ საფინალო სირენამდე მოწინააღმდეგის შებოჭვა მაინც მოასწრო. მესამე წმინდა გამარჯვება გერმანელ მარკ ოდენტალთან მიითვალა, ორი ვაზარით. ფინალის საგზური ილეთის შესრულების გარეშე მოიპოვა – ჰოლანდიელი ნოელ ვან ტენდი მსაჯს ოთხი გაფრთხილების გამო მოახსნევინა. ფინალში კი ბრაზილიელ ტიაგო კამილოს იპონად შეფასებული და შემდეგ ვაზარად გადაკეთებული გდებით მოუგო.
ზვიად გოგოჭურმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, საბერძნეთისა და ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურთან წაგების შემდეგ. უღიმღამო შეხვედრაში მსაჯმა ილიადისი პასიურობისთვის სამჯერ გააფრთხილა, ხოლო გოგოჭური - ოთხჯერ.
ოქრო-ვერცხლის შანსის დაკარგვამდე ქართველმა ძიუდოისტმა შვეიცარიელ კირილ გროსსკლაუსს სამ წუთში შეუსრულა წმინდა გდება. ყაზახ ისლამ ბოზბაიევთან ვაზარს აგებდა, მაგრამ მეტოქე გაფრთხილებით მოახსნევინა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი ჯერ გერმანელი იანიკ გუტშე დააიპონა, “ბრინჯაოს ფინალში” კი ლიპარტელიანისგან ძლეულ ნოელ ვან ტენდს შიდოებით 3:2 მოუგო.
100 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ალექსანდრე მსხალაძემ და გიორგი ნოზაძემ იჭიდავეს. ტატამზე ორივე თითოჯერ გავიდა. ნოზაძემ გერმანელ დინო ფაიფერთან სამ წუთში, შებოჭვით წააგო. მსხალაძემ კი ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე ბეჭებზე დავარდა.
ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ) ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. “დიდ პრიზზე” პირველ ნომრად განთესილი ქართველი მძიმეწონოსანი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო, იაპონელ რიუტა იშისთან შეხვედრით. მესამე წუთზე მეტოქის ილეთი გამოეპარა და ვაზარზე დავარდა, მაგრამ სულ რამდენიმე წამში იში ბეჭებზე დასცა.
მეოთხედფინალში პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან 2 გაფრთხილებას აგებდა, როდესაც მეტოქე მისსავე ილეთზე წამოიჭირა და შებოჭა. ანალოგიურად გასცდა ტუნისელ ფაიცელ ჯაბალაჰსაც. ფინალში კი იაპონელ მასარუ მომოსესთან იპონით დამარცხდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მომოსესთან მარცხითვე დაასრულა ტურნირზე გამოსვლა ლევან მატიაშვილმაც, ოღონდ მათი გზები საწყის ეტაპზევე გადაიკვეთა და შესაბამისად, მატიაშვილმა სამეულის შანსი უმალ დაკარგა.
დიუსელდორფის “დიდ პრიზს” ერთობლივი სანაკრებო წვრთნები მოჰყვება და მასში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება. კვირის ბოლოს კი გუნდი პოლონეთში გაემგზავრება და შაბათ-კვირას ვარშავულ “ევროპის ღია ტურნირზე” იჭიდავებს.
ძიუდო
“დიდი პრიზი”. დიუსელდორფი
23-24 თებერვალი
60 კგ
1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
2 დიეგო სანტოსი (ბრაზილია)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 არამ გრიგორიანი (რუსეთი)
66 კგ
1 მასაში ებინუმა (იაპონია)
2 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)
3 შალვა ქარდავა (საქართველო)
3 გოლან პოლაკი (ისრაელი)
5 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
73 კგ
1 პიერ დუპრა (საფრანგეთი)
2 დექს ელმონი (ჰოლანდია)
3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
3 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
81 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
2 ლევან წიკლაური (საქართველო)
3 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)
90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
2 ტიაგო კამილო (ბრაზილია)
3 ზვიად გოგოჭური (საქართველო)
3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
100 კგ
1 კირილ მარე (საფრანგეთი)
2 ტაკაში ონო (იაპონია)
3 კიეონგტაე კიმი (სამხრეთ კორეა)
3 მარტინ პაცეკი (შვედეთი)
+100 კგ
1 მასარუ მომოსე (იაპონია)
2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
3 დავიდ მოურა (ბრაზილია)
3 მაგომედ ნაჟმუდინოვი (რუსეთი)
გუნდური ჩათვლა. კაცები
ო ვ ბ V VII
1 საქართველო 2 2 3 1 0
2 იაპონია 2 2 0 0 0
3 საფრანგეთი 2 0 0 2 1
4 მონღოლეთი 1 0 0 1 0
5 ბრაზილია 0 2 1 1 0







