იაპონია, გერმანია, ბელგია, ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, შვედეთი, სამხრეთ კორეა, რუსეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, მონღოლეთი, ბრაზილია, ჩეხეთი, იტალია, ისრაელი, ლატვია – ეს ის ქვეყნებია, რომელთა ძიუდოს ნაკრებებმაც ამ უქმეებზე, დიუსელდორფის დიდ პრიზზე, საქართველოს ნაკრებზე უკეთესი შედეგი აჩვენეს. ავსტრიელი პიტერ ზაიზენბახერის დარიგებულმა გუნდმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე 9-კაციანი შემადგენლობით იჭიდავა და უმედლოდ დარჩა. ორი მეხუთე ადგილი მხოლოდ გუნდური მე-19 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.
ორდღიანი შეჯიბრის მეორე დღეს – 20 თებერვალს, ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა ოთხ დარჩენილ წონით კატეგორიაში - 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ. კიმონო ექვსმა ქართველმა მოირგო და მათ შორის საუკეთესო შედეგი ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) აჩვენა. პოლონელი კრჟიშტოფ ვეგლარზისა და ფრანგი ივ მეთიუ დაფრევილის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში შვედ მარკუს ნიმანთან დამარცხდა. შეგახსენებთ, სწორედ ნიმანთან წააგო ლიპარტელიანმა შარშანდელი ევროპირველობის ფინალში, დამატებით დროში. ამჯერად კი ყველაფერი ძირითად ხუთწუთეულშივე დასრულდა, ოღონდ ისე დრამატულად, რომ ისედაც პესიმისტურ განწყობაზე მყოფ ძიუდოს ქართველ გულშემატკივრებს ხასიათი კიდევ უფრო მეტად წაუხდათ. ლიპარტელიანი ვაზარს იგებდა და საფინალო სირენამდე ხუთი წამით ადრე, ვაზარზევე დავარდა, შემდეგ კი შებოჭვაზეც მოყვა და დიდ პრიზს მე-5 ადგილით დაემშვიდობა.
იმედგაცრუება შეიძლება ეწოდოს ირაკლი ცირეკიძის (100 კგ) უმედლოდ დარჩენასაც. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო ტატამზე დაბრუნებულმა ქართველმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, დიუსელდორფში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა – უკრაინელ ვიაჩესლავ დენისოვს იპონით გასცდა, მაგრამ მერვედფინალში, მონღოლ ტემუულენ ბატულგასთან იპონითვე დამარცხდა. მონღოლმა ოცდამეათე წამზე შესრულებულ ვაზარს შებოჭვა მოაყოლა.
ერთადერთი გამარჯვებით დაასრულა დიდი პრიზი მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმაც. აზერბაიჯანელ ემილ ტაჰიროვს იოლად მოუმთავრა საქმე. ლიტველ მარიუს პასკევიჩუსსაც დამაჯერებლად უგებდა, მაგრამ მესამე წუთზე, თავის წამოწყებულ ილეთზე, ჩვეულ სტილში მოყვა შებოჭვაზე. +100 კილოგრამში კიმონო ნოდარ მეტრეველმაც მოირგო და ხანჯალიაშვილის მსგავსად, ისიც მერვედფინალიდან გამოეთიშა შეჯიბრს, ოღონდ იქამდე ორი მეტოქის – თურქი ენსარ ტამასა და სლოვენიელი მატიაზ სერაჟის ძლევა მოასწრო. მარცხი კი ბრაზილიელი რაფაელ სილვასგან იწვნია. სწორედ სილვასთან წააგო მეტრეველმა გასულ უქმეებზე, ბუდაპეშტის მსოფლიოს თასის ნახევარფინალში, ოღონდ მაშინ გაფრთხილებით, ამჯერად კი იპონით.
81 კილოგრამში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ლევან წიკლაურმა დიდ პრიზზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. ჭრიკიშვილი იტალიელ ფრანჩესკო ბრიერთან დამარცხდა წმინდა გდებით, წიკლაური – ლატვიელმა კონსტანტინს ოვჩინიკოვსმა შებოჭა.
18 დღიანი შეკრების გასავლელად, გერმანიიდან იაპონიაში ქართველ ძიუდოისტებს პიტერ ზაიზენბახერი წაიყვანს. ავსტრიელმა სპეციალისტმა ტოკიოს სია ჯერ კიდევ დიუსელდორფის დიდი პრიზის დაწყებამდე შეავსო გერმანულ შემადგენლობაში შეყვანილი სპორტსმენებით, ოღონდ დავით ასუმბანისა და ზვიად ხანჯალიაშვილის გამოკლებით.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო. დიდი პრიზი
დიუსელდორფი. 20 თებერვალი
კაცები
81 კგ
1 ტრევის სტივენსი (აშშ)
2 მურატ ხაბაჩიროვი (რუსეთი)
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)
3 არსენ პშმახოვი (რუსეთი)
90 კგ
1 მარკუს ნიმანი (შვედეთი)
2 რომენ ბუფე (საფრანგეთი)
3 მასაში ნიშიამა (იაპონია)
3 ვადიმ სინიავსკი (უკრაინა)
5 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
100 კგ
1 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)
2 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)
3 იევგენის ბოროდავკო (ლატვია)
3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
+100 კგ
1 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
2 კეიჯი სუძუკი (იაპონია)
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3 რობერტ ციმერმანი (გერმანია)
ქალები
70 კგ
1 ფეი ჩენი (ჩინეთი)
2 იანა მარზოკი (გერმანია)
3 იური ალვეარი (კოლუმბია)
3 ჯულიან რობრა (შვეიცარია)
78 კგ
1 ლხამდეგდ პურევიარგალი (მონღოლეთი)
2 ჰეიდე ვიოლერი (გერმანია)
3 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)
3 ქსიული იანგი (ჩინეთი)
+78 კგ
1 მიკა სუგიმოტო (იაპონია)
2 ლუსია პოლავდერი (სლოვენია)
3 ანა-სოფი მონდიე (საფრანგეთი)
3 ქიან ქინი (ჩინეთი)
გუნდური ჩათვლა. კაცები
ო ვ ბ V VII
1 იაპონია 2 1 2 2 0
2 გერმანია 1 1 1 4 0
3 ბელგია 1 0 0 1 0
3 ყაზახეთი 1 0 0 1 0
3 აშშ 1 0 0 1 0
6 შვედეთი 1 0 0 0 0
7 სამხრეთ კორეა0 2 0 0 0
8 რუსეთი 0 1 2 0 0
9 ესპანეთი 0 1 0 1 0
9 საფრანგეთი 0 1 0 1 0
--------------------------------------------------------------------------
19 საქართველო0 0 0 2 0







