პლიაჟის ფრენბურთის ვაჟთა წყვილი გეორ-გია კარგ სეზონს ნამდვილად არ ატარებს, თუმცა, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დიდი სლემის ეგიდით გამართულ მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე მცირე “გამონათება” ჰქონდა. გეორ-გიამ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი ფრენბურთელები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო იცავენ, მეჩვიდმეტე-ოცდამეოთხე ადგილები გაიყო და 5 100 დოლართან ერთად, 160 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
გეორ-გიამ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, სადაც ორი გამარჯვება იზეიმა. მე-4 განთესვის მქონე “ბრაზილიელმა ქართველებმა” პირველ რაუნდში ლატვიელები (სმედინსი-ედგარსი, 29-ე) 2:0 (21:10, 21:14) დაამარცხეს, შემდეგ კი ზელანდიურ წყვილსაც (ბენ ო’დეა-სემ ო’დეა) სძლიეს – 2:0 (21:17, 21:19).
ძირითად ტურნირში გეორ-გია M ჯგუფში მოხვდა და იქაც წარმატებულად იასპარეზა. გომეშმა და ტერშეირომ მხოლოდ ფავორიტად მიჩნეულ ბრაზილიურ წყვილთან (ბენჯამინი-ბრუნო, მე-4) წააგეს – 0:2 (13:21, 17:21), შემდეგ კი ორი მოგება მიითვალეს.
გეორ-გიამ გერმანული დუეტი (დოლინგერი-ვინდშეიფი, მე-13) 2:0 (21;19, 31:29) დაამარცხა, მე-20 განთესვის მქონე ნორვეგიული წყვილი (სკარლუნდი-სპინანგრი) კი ტურნირიდან ერთ-ერთი ფრენბურთელის ტრავმის გამო მოიხსნა და თამაშიც აღარ გამართულა.
პლეი ოფის პირველ რაუნდში გეორ-გია ყაზახურ დუეტს (სიდორენკო-დიაჩენკო, მე-19) გადაეყარა და დაძაბულ ბრძოლაში 0:2 (18:21, 19:21) წააგო.
გომეში და ტერშეირო უკვე ავსტრიულ კლაგენფურტში იმყოფებიან და ოთხშაბათიდან მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ითამაშებენ. და ერთიც. ქალთა წყვილი საქა-რთველო არც ბერლინურ ეტაპზე ყოფილა და არც ავსტრიულ განაცხადში ფიგურირებს.







