პლიაჟის ფრენბურთის წყვილმა გეორ-გიამ, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს, ჩინურ შანხაიში გრან-პრის ეგიდით მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპი ჯგუფურ ეტაპზევე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ გეორ-გია, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი ფრენბურთელები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო იცავენ, O ჯგუფში 22-ე ნომრად იყო განთესილი და საწყის დღეს ორივე თამაში წააგო.
დღეს, ბრაზილიურ-ქართულ დუეტს ჯგუფის ფავორიტად მიჩნეულ გერმანულ წყვილთან (ერდმანი-მატისიკი, მე-6) უნდა ეთამაშა, თუმცა, მეტოქეებმა, რომლებიც მომდევნო რაუნდში უკვე გასული იყვნენ, მატჩის გამართვაზე უარი განაცხადეს და თავი საპლეიოფოდ შეინახეს.
ამგვარად, გეორ-გიას მოგება უბრძოლველად ერგო, თუმცა, ასევე ერთი გამარჯვების მქონე რუსულ ტანდემს (ბოგატოვი-პროკოპიევი, 27-ე) წაგებული ურთიერთშეხვედრის გამო ჩამორჩა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.
შანხაიში თამაშით გომეშმა და ტერშეირომ მხოლოდ 80 ქულა და 3500 დოლარი გამოიმუშავეს, მომდევნო ტურნირი კი 7-13 მაისს, ჩინეთშივე, პეკინში ელით, სადაც ასევე ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი. რაც შეეხება ქალთა წყვილ საქა-რთველოს, ის ასპარეზობას კვალიფიკაციიდან დაიწყებს.







