ნიკა გელაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონ აგდამის “ყარაბაღში” რჩება. ამის შესახებ ყარაბაღელთა მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა ინტერნეტპორტალ apasport.az-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორი იქნება ქართველი ფეხბურთელის მომავალი კლუბში, გურბანოვმა შემდეგი უპასუხა: “მას ჯერ კლუბთან კონტრაქტი აქვს”. 28 წლის თავდამსხმელი “ყარაბაღში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმიდან” გადავიდა და 26 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მან აგდამელებთან ერთად ოქროს მედლები მოიგო და “ზესტაფონის” რიგებში საქართველოს ჩემპიონობის გათვალისწინებით, ტიტულს უკვე ორ ქვეყანაში დაეუფლა.
“ყარაბაღში” იჯარით მეორე ქართველი ფორვარდი ჯაბა დვალი თამაშობდა, რომელმაც 5 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი არ აუღია. სეზონის დასრულების შემდეგ, იგი “დინამოში” დაბრუნდება, რომელთან კონტრაქტი აკავშირებს.







