ზაგრებში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა ევროპის ჩემპიონატზე საქმეში ქალები ჩაერთვნენ. საქართველოს სახელს კონტინენტის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ელენე გედევანიშვილი მოკლე პროგრამით წარსდგა ხორვატი მაყურებლის წინაშე. სამწუხაროდ, ელენემ ამჯერად წარმატებით ვერ ისრიალა.
იგი 48.75 ქულით 16-ეა და მიუხედავად იმისა, ხვალ საღამოს თავისუფალი პროგრამით რომ იაპარეზებს, მაღალი ადგილის დაკავების შანსი პრაქტიკულად აღარ შერჩა. თავად განსაჯეთ, პირველ ადგილზე მყოფ რუს ანგელინა სოტნიკოვას 67.71 ქულა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ ტიტულოვან იტალიელს კაროლინა კოსტნერს 64.19, მესამე შედეგის ნაჩვენებ იტალიელ ვალენტინა მარჩეის კი 58.22. პირველი დისციპლინის შემდეგ მეათე ადგილზე მყოფ ფინელ იულია ტურკილას 51.47 ქულა აქვს.
შეგახსენებთ, მოკლე პროგრამაში ელენე გედევანიშვილის საუკეთესო შედეგი 60.8 ქულას უტოლდება.







