სხვა

0:10 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გედევანიშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეჩვიდმეტეა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ფიგურულ სრიალში მოკლე პროგრამა შედგა, რომელმაც ელენე გედევანიშვილითვის კარგი შედეგი ნამდვილად ვერ მოიტანა. ქართველმა სპორტსმენმა 30 მონაწილეს შორის მე-17 ადგილი დაიკავა და მართალია, თავისუფალი პროგრამის შესრულების უფგლება მიიღო, უკვე ცხადია, რომ ათეულში შეღწევაც ძალიან გაუჭირდება.

გედევანიშვილი ყინულზე მე-16 ნომრად გავიდა და მართალია, ერთი შეხედვით, სერიოზული შეცდომები არ დაუშვია, მსაჯებმა მხოლოდ 54.70 ქულა (ტექნიკურ ელემენტებში 27.51+პროგრამულ კომპონენტებში 27.19) დაუწერეს. საბოლოოდ, ელენე პირველ ადგილზე გასულ სამხრეთკორეელ იუნა კიმს 20.22 ქულით ჩამორჩა.

ელენეს ნუგეშად ის თუ დარჩება, რომ მის წინ მყოფი შვიდამდე კონკურენტი არცთუ დიდად უსწრებს (მე-10 ადგილზე მყოფ გერმანელ ნატალი ვეინციერლს 57.63 ქულა გააჩნია), რაც თავისუფალ პროგრამაში გარკვეული წინსვლის იმედს გვიტოვებს.

თუ მოულოდნელობა არ მოხდა, ქალთა პროგრამაში ოქროს მედლისთვის სამნი იბრძოლებენ: ხსენებულ კიმს, რუს ადელინა სოტნიკოვას და იტალიელ კაროლინა კოსტნერს შორის სხვაობა მხოლოდ 0.80 ქულაა, რაც ფინალში საოცარი ბრძოლის წინაპირობაა.

თავისუფალი პროგრამა 20 თებერვალს თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას 24 საუკეთესო სპორტსმენი მიიღებს. გედევანიშვილი ყინულზე მე-8 ნომრად გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114928