იაპონიის ქალაქ მიიაგიში, კერძოდ კი, ”სეკისუი ჰეიმ სუპერ არენაზე” სტარტი აიღო ტრადიციულმა გრან-პრიმ, რომელშიც ფიგურული ციგურაობის ქართველი ვარსკვლავი ელენე გედევანიშვილიც ჩაება. ISU GP NHK Trophy 2012-ს სულ 9 მონაწილე ჰყავს, მოკლე პროგრამის შემდეგ კი, ელენე მე-6 ადგილზე იმყოფება.
გედევანიშვილი ყინულზე მე-7 ნომრად გავიდა და მართალია, ცუდად არ უსრიალია, ხარვეზებიც ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, დასანანი ის გახლდათ, რომ ქართველმა სპორტსმენმა სამმაგი ხტომების კასკადი ვერ შეასრულა. შედეგად, ელენემ ტექნიკური ელემენტებისთვის 28.39 ქულა მიიღო, პროგრამული კომპონენტებისთვის კი – 29.11 (ეს მესამე მაჩვენებელი გახლდათ) და ჯამში 57.50 ქულა მოაგროვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, აშკარა უპირატესობას ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (2008, 2010) იაპონელი მაო ასადა ფლობს, რომელმაც 67.95 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარ ამერიკელ მირაი ნაგასუს (61.18) სოლიდური სხვაობით უსწრებს. გედევანიშვილის წინ კიდევ სამი სპორტსმენია: ჩინელი ზიჯუნ ლი (59.62), რუსი კსენია მაკაროვა (58.93) და იაპონელი აკიკო სუძუკი (58.60).
ქალთა ტურნირის მონაწილენი თავისუფალ პროგრამას 24 ნოემბერს შეასრულებენ. ელენე ყინულზე მე-4 ნომრად გავა და პირველ ჯგუფს დახურავს, მე-2 ჯგუფში კი მოკლე პროგრამის შედეგად გამოვლენილი პირველი ხუთეულის წევრები მოხვდნენ.







