ინტერვიუები

18:00 | 10.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

გახოკიძის ისტორიები ტიტების ქვეყანაში: “მართლა ხომ არ მომკლავ?..”

ამ ინტერვიუში გოგა გახოკიძის საინტერესო ისტორიებს წაიკითხავთ. მარკ ვან ბომელთან ჩხუბზე, რუდ ვან ნისტელროის სასწაულ შრომისმოყვარეობაზე, დენის რომედალის რეაქტიულობაზე, გუს ჰიდინკისა და ერიკ გერეტსის თავისებურებებზე, კიდევ ბევრზე...
წარმოიდგინეთ, დღეს ქართველი ფეხბურთელი პსვ-ში რომ თამაშობდეს და ნაკრების სასტარტოში ხშირად ვერ ხვდებოდეს... არადა, იყო ეს დრო. თანაც, იმდროინდელი პსვ დღევანდელზე შესამჩნევად ძლიერი გუნდი იყო. გახოკიძე ეინდჰოვენურ კლუბში სულაც არ გახლდათ უკანასკნელ როლებში, მეტწილად თამაშობდა და ერთ დროს არიენ რობენი სკამზე ჰყავდა გადასმული.
აი, ასეთი კონკურენცია იყო მაშინდელ ნაკრებში.
რობენი, ვან ბომელი, ვან ნისტელროი, რომედალი, კეჟმანი... ეს არასრული სიაა იმ ფეხბურთელებისა, რომლებთან ერთადაც თამაშობდა გახოკიძე. პსვ იმ პერიოდში ჰოლანდიის საუკეთესო გუნდი იყო და ჩემპიონთა ლიგაშიც ისე თამაშობდა, როგორც ბოლო წლებში ვერცერთი ჰოლანდიური კლუბი ვერ ახერხებს.
გახოკიძემ 31 წლის ასაკში ტრავმების გამო დაასრულა კარიერა. რუსთავის "მეტალურგში" აღზრდილი ფეხბურთელი 1995 წელს თბილისის "დინამოში" გადავიდა, ერთი სეზონის შემდეგ ფოთის "კოლხეთში" გადავიდა, ისევ "დინამოში" დაბრუნდა და ვლადიკავკაზის "ალანიას" მიაშურა. იმდროინდელი "ალანია" სულ კარგ გუნდებში უშვებდა მოთამაშეებს და ოსურ კლუბში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, 1998 წელს გოგა პსვ-ში გადავიდა, სადაც 4 სეზონი გაატარა (ერთი წლით ჰაიფის "მაკაბიში" გაანათხოვრეს). პსვ-ის მერე იყო "ტვენტე" (2003-2006)...
გახოკიძეს ნაკრებში 21 მატჩი ჩაუტარებია და 3 გოლი გაუტანია, მათ შორის, ერთი - 2001 წლის ივნისს თბილისში იტალიასთან, როცა ჯანლუიჯი ბუფონს ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი.
როგორც უკვე ვთქვით, "მსოფლიო სპორტმა" გახოკიძესთან მეტწილად ჰოლანდიურ კარიერაზე ისაუბრა:
- "ალანია" იმ დროს ძლიერი გუნდი იყო, თუმცა მაშინდელ პსვ-ში გადასვლა მაინც სერიოზული ნახტომი იყო. როგორ მოხდა ეს?
- აგენტი სარსანია კარგად იცნობდა დანიელ ფრანკ არნესენს, რომელიც მაგარი ფეხბურთელი იყო, დანიის ნაკრებში ბრწყინავდა და პსვ-ს შემდეგ, "ჩელსიშიც" მუშაობდა მთავარ სელექციონერად. ასე მოხდა ჩემი გადასვლა, თუმცა შესაძლოა, პსვ-ს ნაცვლად კიევის "დინამოში" გადავსულიყავი. კიევის "დინამო" 1998 წელს ბრწყინვალე გუნდი იყო.
- გასაგებია, რომ მაინც ევროპა არჩიეთ, თუმცა თქვენს ადგილზე ბევრი სხვაგვარად მოიქცეოდა...
- კიეველები პსვ-ზე არანაკლებ პირობებს მთავაზობდნენ, თანაც, ქართველებისთვის ნაცნობი კლუბი იყო, მაგრამ არ ვნანობ პსვ-ში გადასვლას. თანაც, "ალანიას" მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა კატეგორიულად გამოაცხადა - ჩემი გუნდის ფეხბურთელი კიევის "დინამოში" ვერ გადავაო.
- რატომ? რა დაუშავეს კიეველებმა?
- გაზაევი ამბობდა, ანდრეი შევჩენკო 17 წლის რომ იყო, მისი "ალანიაში" გადმოყვანა მინდოდა და არც დამელაპარაკნენო. ერთი სიტყვა მომიგდეს, ჩვენთან მეორედ მაგაზე არ დაილაპარაკოო. უხეშად უპასუხიათ და ამის გამო გაბრაზებული იყო გაზაევი.
- არადა, რამდენიმე წლის წინ მუშაობდა კიევში მთავარ მწვრთნელად...
- კი, მაგრამ იმ დროს ძალიან ნაწყენი იყო. მითხრა, რაც უნდა მოხდეს, კიევის "დინამოში" ვერ წახვალო. მეც პსვ-ში მერჩივნა.
- გაზაევს როგორ დაახასიათებდით?
- ტიტულები მოიგო და ჩანს, რომ ძლიერი მწვრთნელია. ყველაზე მეტად მას ახასიათებს განწყობის შექმნა. ასეთი არსად არაფერი მინახავს: გაზაევი თამაშის წინ ისეთი თვალებით გიყურებდა და ისე განგაწყობდა, გეგონებოდა, მთას გადადგამდი.
- პსვ-ში რამდენიმე მწვრთნელთან იმუშავეთ. ლეგენდარული ინგლისელით, ბობი რობსონით დავიწყოთ...
- მაგარი მწვრთნელი და ადამიანი იყო. დალევა უყვარდა, სულ ხუმრობდა და ბოლოს უკვე ფეხბურთელებიც ეშაყირებოდნენ. დასცინოდნენ. უკვე ვეღარ ართმევდა თავს სამუშაოს.
- გუს ჰიდინკი...
- შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ჰიდინკზე ძლიერ სპეციალისტად ერიკ გერეტსი მიმაჩნია. უბრალოდ, გერეტსი დიპლომატიური არ იყო, კონფლიქტები არ ელეოდა. არადა, შედეგი? მშვენიერი... სამი წელი იმუშავა, ზედიზედ ორჯერ ჩემპიონები გავხდით, ერთხელ კი მეორეზე გავედით. ორჯერ მოვიგეთ ჰოლანდიის სუპერთასი.
- და მაინც გაუშვეს. კონფლიქტების გამო?
- დიახ. 2002 წელს გაუშვეს და ჰიდინკი მოიყვანეს. გერეტსი დაახლოებით მოურინიუს მსგავსი ტიპი იყო: ძლიერი მწვრთნელი, მაგრამ მოუშველებელი.
- არადა, ჰიდინკიც არ ტოვებს "ბუნჩულა" კაცის შთაბეჭდილებას...
- გერეტსთან შედარებით, "ბუნჩულა" იყო. ეს ჩემი და მარკ ვან ბომელის ინციდენტის დროსაც გამოჩნდა.
- კერძოდ? რა მოხდა თქვენსა და ვან ბომელს შორის?
- ერთ-ერთ ვარჯიშზე იდაყვი ყელში დამარტყა. ხომ მივხვდი, რომ სპეციალურად გააკეთა... გავითიშე. იმ დღეს საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი, მთელი ღამე ვერ დავიძინე ტკივილისგან. წარმოიდგინეთ, ახლაც, ყვირილი თუ მინდა, ვერ ვახერხებ. მეორე დღეს ვარჯიში რომ დამთავრდა, გასახდელში ბუცებს ვიხდით და ვან ბომელს ვუთხარი, გუშინ ეს რა გამიკეთე-მეთქი. აგდებულად შემომხედა, რა გინდაო? ამომასხა ყელში, მივვარდი და ცემა დავუწყე. ძლივს გამომტაცეს ხელიდან. გაშტერებული მიყურებდა, წინააღმდეგობაც ვერ გამიწია. არადა, როგორი ამბავია, ვან ბომელი გუნდის კაპიტანია.
- როგორ გაგრძელდა ეს ამბავი?
- მოგკლავ-მეთქი და ამაზე სულ შეშინდა. არ ეგონა, რომ ასე "გავგიჟდებოდი" და ამდენს გავუბედავდი. მართლა ხომ არ მომკლავო, შემეკითხა... გავხედე, მეგონა დამცინოდა, მაგრამ სერიოზულად შეშინებული სახე ჰქონდა. გამეცინა.
- შერიგდით?
- ასე თუ ისე... ჰიდინკმა გაგვიყვანა ცალკე და გვესაუბრა. ჰიდინკმა მშვენივრად იცოდა, ვინც იყო დამნაშავე, მაგრამ მაინც ახსნა-განმარტება მოგვთხოვა. მე რომ ვყოფილიყავი ვან ბომელის ადგილზე, საცობში გამატარებდა, მაგრამ ის გუნდის კაპიტანი იყო, თანაც, ჰოლანდიელი და მე კი უცხოელი. თანაგუნდელებთან რომ შევბრუნდით, ტაშით შეგვეგებნენ შერიგებისთვის. საინტერესო კიდევ ის იყო, რომ როცა იდაყვი ყელში დამარტყა, ჰიდინკი მივიდა ვან ბომელთან, რას უკეთებო... ვან ბომელმა კი უცებ მიახალა: "გაჩუმდი, შენი დედაც!" წარმოიდგინეთ...
- ჰიდინკს ეს გაუბედა?
- გიკვირთ, ხომ? ვან ბომელი მაშინ ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ყველასთან გასდიოდა. იცით, იმ შემთხვევის შემდეგ როგორი მოკრძალებული იყო ჩემთან? თამაშებისას მისგან შენიშვნა აღარ მიმიღია. არ მიყვარს ვან ბომელი - მარტო იდაყვზე არაა. საქმე საქმეზე რომ მიდგა, ყველამ დაინახა, რა მშიშარაც იყო. სხვათა შორის, ჩემს მერე სერბეთის ნაკრების მეკარე ივიცა კრალიც ემუქრებოდა. კრალთან ვმეგობრობდი, მასთანაც რაღაც კონფლიქტი მოუვიდა ვან ბომელს. და ვარჯიშის მერე მანქანაში როცა ჯდებოდნენ, იქ დახვდა კრალი. ყველაფრით "შეამკო" ვან ბომელი, ის კი შეშინებული ხმას ვერ იღებდა. მე კი იქვე შორიახლოს ვიდექი, ვუყურებდი და მეცინებოდა. თუმცა, ვან ბომელი საკაპიტნო ტიპი იყო და არის.
- თან მშიშარა და თან კაპიტანი?
- სანამ საქმე საქმეზე მივიდოდა, ყველაფერი გასდიოდა. გუნდის დაქოქვა შეეძლო. კაპიტნისთვის საჭირო "ნაგლობა" ჰქონდა. იცით, ერთხელ რა მითხრა? მაშინ უკვე "ტვენტეში" ვიყავი გადასული და პსვ-ს ვხვდებოდით. თამაშის შემდეგ ჩემთან მოდის, უკნიდან ხელები მომხვია და ის ინციდენტი გამახსენა, კიდევ ნაწყენი ხომ არ ხარო? არაფერი მიპასუხია. მერე მეუბნება: "იცი, როცა ჰოლანდიის ნაკრებში მივდივარ, ზოგიერთი ფეხბურთელი ზემოდან მიყურებს, რადგან ისინი ჩემზე დიდ გუნდებში თამაშობენ და მე პსვ-დან ვარ. მაგრამ დაიმახსოვრე, ცოტა ხნის შემდეგ ისინი თამაშს შეეშვებიან, მე კი დაინახავ, რა ფეხბურთსაც ვითამაშებ და რა დონეს მივაღწევო". ასეთი იყო... პრინციპში, მიაღწია კიდეც. "ბარსელონაში" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, "ბაიერნში" ლიგის ფინალი წააგო, "მილანში" მაგრად ითამაშა, ჰოლანდიის ნაკრებში კი კაპიტანია და კინაღამ მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
- ეტყობა, რეჟიმის დიდი მოყვარულია...
- ძალიან. ვან ბომელი არათუ დისკოთეკაზე, მგონი, კაფეშიც არაა ნამყოფი. სულ ფეხბურთი, ფეხბურთი... სხვა არაფერზე ფიქრობდა. აი, ამის გამოც იყო კაპიტანი.
- სხვა ფეხბურთელებზეც გვითხარით. მაგალითად, რობენი როგორი პიროვნებაა?
- ჩვეულებრივი, ჩუმი ბიჭი იყო. 2002 წელს "გრონინგენიდან" მოიყვანეს და ჩემს პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა თავიდან სულ მე ვიყავი სასტარტოში. რობენი 18 წლისა იყო. არ ვიცი, ასე როდემდე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი უსიამოვნო ამბავი. საფრანგეთის "ოსერთან" თამაშის წინ დარბაზში 5 წუთით დამაგვიანდა და ჰიდინკმა ზედიზედ 8 თამაში განაცხადს მიღმა დამტოვა. ტრიბუნაზე ვიჯექი. რობენი კი უკვე დაფრინავდა...
- როგორ დაგაგვიანდათ?
- მე და ჩემი თანაგუნდელი მიხაელ ლამეი ერთ ოთახში ვიყავით. მორიგეობით დავიძინეთ. ჯერ მას დაეძინა და მე გავაღვიძე, მერე კი მე ჩამეძინა და... მასაც დასძინებია. ასე დავაგვიანეთ. ლამეიმ ჰიდინკს არ უთხრა, რომ მისი ბრალი იყო. არ ეყო გამბედაობა. რა ვქნა, ესეც ბედია... მე სხვაგვარად მოვიქცეოდი და ჩემს თავზე ავიღებდი პასუხისმგებლობას.
- ეს უკვე თქვენი ბოლო სეზონი იყო პსვ-ში?
- დიახ. ჰიდინკმა 8 თამაშის მერე დამაბრუნა და შეცვლებზე შევყავდი, მაგრამ მე ისეთ გუნდში ყოფნა მსურდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა მეტი მექნებოდა. "ტვენტეში" წავედი. დღესაც ვიტყვი, რომ პსვ მთლად კარგი კუთხით არ მახსენდება, სულ ბრძოლა მიწევდა. "ტვენტედან" გაცილებით კარგი მოგონებები გამომყვა - კარგი თამაშები ჩავატარე ენსხედეში, ერთ სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტიც გავხდი.
- პსვ-ში ერთი მატჩი განსაკუთრებით ცუდად დაგამახსოვრდებოდათ - "ფეიენოორდთან"...
- პსვ-მ "ფეიენოორდთან" პენალტებში წააგო უეფას თასის მეოთხედფინალი და სერიაში ერთადერთი პენალტი სწორედ მე გავაფუჭე. შინ 1:1 ვითამაშეთ, სტუმრად ვიგებდით და რაღაც წამები რჩებოდა, როცა ვან ჰოიდონკმა გაგვიტანა. დამატებით დროში ვან ბომელი გაგვიძევეს. სერიაში კი, არ დავმალავ, დარტყმა არ მინდოდა, მაგრამ ჩვენმა მცველმა ვილფრედ ბაუმამ თქვა, შეუძლოდ ვარ და ვერ დავარტყამო. არადა, 120 წუთი ითამაშა, რამ გახადა ცუდად... დარტყმამდე სულ ვფიქრობდი, მეკარისგან მარცხნივ დავარტყამ-მეთქი, მაგრამ მარჯვნივ გავუშვი. სამწუხაროდ, გავვარდით და "ფეიენოორდმა" იმ წელს უეფას თასი მოიგო. ფინალი შინ ჰქონდა და "დორტმუნდი" დაამარცხა.
- პსვ-ში ვისთან მეგობრობდით?
- ვან ნისტელროისთან, ვენეგორ ოფ ჰესელინკთან, კრალთან, კეჟმანთან და კიდევ სხვებთან. ისე, ჰოლანდიაში ძალიან ძნელია უცხოელისთვის ფეხის მოკიდება. მაინც ისე გიყურებენ, როგორც უცხოს. შეიძლება არაფერი გითხრან, მაგრამ თუ არ მოეწონე, ძირს გითხრიან. მაგალითად, კეჟმანს სულ პრობლემები ჰქონდა.
- ვან ნისტელროიზეც გვითხარით...
- ვარჯიშების შემდეგ რჩებოდა და სპეციალურად ცალკე ვარჯიშობდა. მეც მთხოვდა ხოლმე, დარჩი და თავზე ჩამიწოდეო. ვრჩებოდი. დიდი პროფესიონალი იყო ვან ნისტელროი.
- უცხოელისთვის ჰოლანდიაში ძნელიაო, თქვით. პსვ-ს ფანებიც უფრო მეტ პატივს ჰოლანდიელებს სცემდნენ?
- ფანები არა. მაგალითად, კეჟმანს უფრო კლუბში ჰქონდა პრობლემები, თორემ ფანებს ძალიან უყვარდათ. თან, კეჟმანს უყვარდა ლამაზად, პუბლიკაზე თამაში.
- ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ვინ იყო პსვ-ში?
- რომედალი. სასწაული სისწრაფე ჰქონდა. ამას უფრო ვარჯიშებზე, "ორკარას" დროს ვგრძნობდი. ის მარჯვენაფლანგელი იყო, მე კი მარცხენა, ასე რომ, ერთმანეთს ვეკვეთებოდით. ცენტრიდან პასი რომ გაკეთდებოდა მარჯვნივ, სიზუსტეს აზრი არ ჰქონდა, რომედალი მაინც ასწრებდა მეტოქის მცველებს...
- თქვენი საუკეთესო მატჩი ჰოლანდიაში?
- უფრო გამოვარჩევდი "ნაიმეგენთან" თამაშს, როცა ერთი გოლი გავიტანე და 3 გავატანინე.
- ნაკრებში, ალბათ, ყველაზე სასიამოვნოდ ბუფონის კარში გატანილი გახსენდებათ...
- თუმცა, უფრო ლამაზი გოლი უკრაინას გავუტანე ბოლო წუთებზე. თბილისში ვაგებდით და ბოლო წუთებზე საჯარიმო კარგად შევასრულე. გავათანაბრე და მატჩი 1:1 დამთავრდა.
- სანამ "ტვენტეში" გადახვიდოდით, სხვა გუნდების ვარიანტები არ გქონდათ?
- გერეტსს ვუნდოდი "კაიზერსლაუტერნში". ასევე, "გლადბახს". მაინც "ტვენტე" ავირჩიე. არ ვნანობ და ვიმეორებ, "ტვენტეში" უკეთესი პერიოდი გავატარე, ვიდრე პსვ-ში. მართალია, გუნდებს შორის დონეში განსხვავება იყო, მაგრამ მაინც.
- "ტვენტეს" თქვენს დროს ფრედ რუტენი წვრთნიდა, რომელიც ახლა "ვიტესის" თავკაცია...
- ძლიერი სპეციალისტია და საქმიდანაც ეტყობა.
- ბოლო წლებში საფეხბურთო აგენტად მუშაობთ და ყველაზე მჭიდრო კავშირები "ვიტესთან" გაქვთ. როგორ ფიქრობთ, შეუძლია მერაბ ჟორდანიას კლუბს მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა?
- არაა გამორიცხული. "ვიტესი" შემთხვევით ნამდვილად არაა ლიდერთა ჯგუფში.
- სააგენტო საქმიანობაში თქვენი პარტნიორია გიორგი ქინქლაძე. ჰოლანდიაში ხშირად ხართ და საინტერესოა, როგორ იხსენებენ მას? ქინქლაძე ხომ "აიაქსში" იყო...
- ახსოვთ გიო. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ უცხოელისთვის ჰოლანდიაში დამკვიდრება ძნელია. მით უმეტეს, მაშინდელ "აიაქსში" ბრწყინვალე შემადგენლობა იყო შეკრებილი. ქინქლაძე კლასით არავის ჩამოუვარდებოდა, მაგრამ იარი ლიტმანენი წლების განმავლობაში თამაშობდა "აიაქსში" და მის ავტორიტეტს ვერ შეეხნენ. გიო მარცხნივ დააყენეს, ცენტრში კი ლიტმანენი დატოვეს. საწყენია, რომ ასეთმა ფეხბურთელმა ჰოლანდიაში დიდი კვალი ვერ დატოვა.
 

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147385