ერთ დროს მრისხანე "ნოტინგემ ფორესტმა", რომელიც კარგა ხანია, ინგლისის პრემიერლიგაში არ ყოფილა, ორშაბათს გოლების ფეიერვერკი მოაწყო ლიდსში. ნოტინგემელებმა ჩემპიონლიგაში სტუმრად 7:3 გაანადგურეს "ლიდსი" და მატჩი ერთი ფეხბურთელის, კერძოდ, გარეთ მაკლირის ბენეფისად იქცა. 24 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა 5 გოლი გაიტანა და საამისოდ სულ 26 წუთი დასჭირდა.
არადა, მაკლირი აქამდე შედეგიანობით ვერავის აოცებდა, "ნოტინგემში" ჩატარებული 109 მატჩიდან მხოლოდ 13 გოლი ჰქონდა გატანილი და საერთოდაც, სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებულად ვერ ხვდებოდა.
საინტერესო კიდევ ისაა, რომ "ნოტინგემი" ცხრილში მე-20 (ბოლოდან მე-5) ადგილზეა, "ლიდსი" კი მეათეზეა და ჯერ კიდევ აქვს პრემიერლიგაში გადასვლის შანსი.
მაკლირი კი ისტორიაში ჩაეწერა.
ილია ნანობაშვილი









