ინტერვიუები

10:52 | 27.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებული ინვესტორი მერიასთან “დათბობის” იმედადაა

საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობაში ყოფნით ვერავის გავაკვირვებთ. ამ მხრივ, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ერთგვარად განყენებული თემაა. სახელმწიფოს, კერძოდ კი ქალაქის მერიას, ჯერ კიდევ  2007 წლის ზაფხულში ჩატარებული კონკურსის შედეგებით, იგი კერძო ინვესტორისთვის 30-წლიანი მართვის უფლებით უნდა გადაეცა, მაგრამ მას შემდეგ, გამარჯვებულთან ხელშეკრულება არ გააფორმა. არადა, ბიზნესმენს, მარტო კომპლექსის იჯარის სახით, თბილისის ბიუჯეტში წელიწადში 400 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, არაფერს ვამბობთ იმ ორმილიონიან ინვესტიციაზე, რომლის განხორციელების შემდეგ, “მიხეილ მესხის” ძირითად და სათადარიგო მოედნებზე ახალი გაზონი უნდა დაგებულიყო.
ვიდრე კონკურსის გამარჯვებულთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, მანამ მოკლედ იმის შესახებ, თუ როდის და როგორ დაიგო ყოფილ “ლოკომოტივზე”, დღეს ექსპლუატირებული მომწვანო საფარი. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” სტადიონის დირექტორმა გივი ჭანტურიძემ მოუთხრო. ცნობისათვის, ბატონი გივი ამ საფეხბურთო არენაზე უკვე 50 წელი მუშაობს, 1985 წლიდან დღემდე კი, მისი უცვლელი დირექტორია.  
“სტადიონის მშენებლობის პროცესში, რკინიგზის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ცნობილი შვედური ფირმა “მოტომატიკი” დაიქირავა, რომელსაც მთლიანად მიანდო გაზონის დაგება. 1999 წლის დეკემბერში, შვედებმა სამუშაოები დაიწყეს და 2001 წლის მაისში, როცა სტადიონი გაიხსნა, მინდორი სრულ მზადყოფნაში იყო. იგივე ფირმამ დაამონტაჟა სტადიონზე განათება.
კარგად მახსოვს, როგორც სამუშაოს შემსრულებლებმა გვითხრეს, იმ ბალახს მხოლოდ 2 წლის გარანტია ჰქონდა. წესით, ამ დროის გასვლის შემდეგ, ზემო საფარი უნდა ახდილიყო, გადაგვეყარა და ახალი დაგვეგო. უკვე 9 წელი გავიდა და როგორც ხედავთ, არაფერი შეცვლილა. ბალახი კი არის, მაგრამ საერთაშორისო მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს, ისეთი აღარაა”, - გვითხრა გივი ჭანტურიძემ.
ახლა კი, დაპირებული ინტერვიუ თბილისის მერიის კონკურსის გამარჯვებულ ირაკლი მაჭავარიანთან.
- ბატონო ირაკლი, თავდაპირველად, მკითხველს გაეცანით.
- წლების განმავლობაში, ქვეყნის მთავრობის წევრი, კონკრეტულად კი, საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვიყავი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში – ცხინვალთან და სოხუმთან მოლაპარაკებებისა და სეპარატისტებთან ურთიერთობების უშუალო მონაწილე გახლდით. 2004 წლიდან, რაც სახელმწიფო სამსახურს თავი დავანებე, ბიზნესით ვარ დაკავებული.
- როდის ჩატარდა კონკურსი და რა პირობები უნდა დაეკმაყოფილებინა მის მოგებულს?
- ეს იყო 2007 წლის აგვისტოში. კონკურსში მონაწილეობა სამმა ფირმამ მივიღეთ  - ჩემმა შექმნილმა “ლოკომოტივი-36”-მა, შპს “კრისტალი-2010”-მა და შპს “საგურამოს საფეხბურთო კომპლექსმა”.
- ეს უკანასკნელი, საგურამოზე თბილისის “ლოკომოტივის” ბაზის ამშენებელი ორგანიზაცია ხომ არაა?
- არა, იმ კომპლექსის აშენებაში “აბრეშუმის გზის კორპორაცია” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყვნენ ერთობლივად ჩართული. პირობებში ეწერა, რომ მონაწილეს ბიუჯეტისთვის, არანაკლებ 350 ათასი ლარისა უნდა გადაეხადა ყოველწლიურად. მე ჩავწერე 400 ათასი ლარი და როგორც მოგვიანებით მითხრეს, ჩემი გამარჯვების ერთ-ერთი განმსაზღვრელი არგუმენტი სწორედ ეს იყო. კონკურსის შედეგების მიხედვით, გავხდი სტადიონის მეიჯარე 30 წლის განმავლობაში, მისი პარალელური მართვის უფლებით. ამას გარდა, კიდევ 2 მილიონი ლარი უნდა გადამეხადა პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში. ეს თანხა გაწერილი იყო ასე - უნდა მომხდარიყო ძირითადი და სათადარიგო მოედნების მინდვრის საფარის შეცვლა, სტადიონის შენობის მდგრადობის შესწავლა და თუ რაიმე პრობლემა იყო, მისი აღმოფხვრა. ჩემს საკონკურსო პროგრამაში ჩავწერე სხვა დამატებითი ვალდებულებები, რომელთაც აუცილებლად შევასრულებდი.
- კონკურსის ჩამტარებელს, ე.ი. თბილისის მერიას, თქვენთან უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება. ეს კი, უკვე მე-3 წელიწადია არ მომხდარა.
- ეს უნდა მომხდარიყო კონკურსის მოგებიდან ერთი თვის ვადაში. ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, დაახლოებით, 5 თვე არ გაფორმდა ეს ხელშეკრულება. ჩემი სიტყვიერი მიმართვის პასუხად ვიღებდი - ცოტა ხანში დაგირეკავთო. ასე გავიდა ეს 5 თვე და 2008 წლის იანვრის ბოლო რიცხვებში, როცა უკვე მერიის ახალ შენობაში მივედი, გამომიცხადეს, რომ გადავიფიქრეთ და თქვენთან საერთოდ აღარ ვაფორმებთ ამ ხელშეკრულებასო. კითხვაზე - “რატომ?” – მიპასუხეს, ძალიან დიდხანს გაიჭიმა ეს პროცესიო. ზეპირი საუბრისას ვთქვი, რომ მოცემა თქვენი ნება იყო, წართმევა კი უკვე თქვენ კომპეტენციას შორდება-მეთქი. გავაფრთხილე კიდეც, თუ ასე მოიქცეოდნენ, ამ უკანონო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებდი სასამართლოში. ეს იყო 28 იანვარი.
როგორც ჩანს, ჩემი ეს ნათქვამი სერიოზულად არ მიიღეს, რადგან 31 იანვრით დათარიღებული გამოვიდა ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ამ კონკურსის შედეგები ძალადაკარგულად გამოცხადდა.
დადგენილ ვადაში მოხდა ამ დოკუმენტის გასაჩივრება ჯერ ქალაქის, მერე სააპელაციო და ბოლოს უზენაეს სასამართლოში. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ თბილისის მთავრობის 2008 წლის 31 იანვრის დადგენილება ბათილად გამოცხადდა.
- თუ შეიძლება, თარიღებში უფრო კონკრეტულად გაგვარკვიეთ.
- ქალაქის სასამართლო მოვიგე 2008 წლის სექტემბერში, სააპელაციო - 2009 წლის თებერვალში. ბოლო ინსტანციის, ე.ი. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება 2009 წლის 13 ივლისითაა დათარიღებული, მაგრამ ჩემამდე მხოლოდ 31 ოქტომბერს მოაღწია. მასში წერია, რომ სასამართლო ავალებს მერიას, 2008 წლის 31 იანვრის დადგენილების ბათილად გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება დაინტერესებული კომპანიის (ე.ი. “ლოკომოტივი-36”) მონაწილეობით და უნდა მიეღო ხელახალი გადაწყვეტილება - ან დაეტოვებინა ძალაში ძველი კონკურსის შედეგები, ან, თუ აუქმებდა მას - ეს დასაბუთებულად გაეკეთებინა.
როგორც ხედავთ, მას შემდეგაც დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჯერ არავინ მეძახის. 2010 წლის 18 იანვარს შევიტანე განცხადება მერიაში - მოკლედ რომ ვთქვა, რას აპირებთ-მეთქი. ახლა ველოდები - ამბობენ, ამ განცხადებაზე პასუხის გასაცემად ერთი თვე აქვთ და იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს.
ლოგიკით, რადგან 31 იანვრის გადაწყვეტილება სასამართლომ ბათილად გამოაცხადა, ეს ავტომატურად ნიშნავს იმ კონკურსის შედეგების აღდგენას. ანუ დღეს, რადგან მერიამ სასამართლოს ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილება ჯერაც არ შეასრულა, ის ძველი 2007 წლის აგვისტოს გადაწყვეტილება - რომ გაიმარჯვა ჩემმა კომპანიამ - ძალაშია. ველოდები, როდის დამიძახებენ ხელშეკრულების გასაფორმებლად. მე თანახმა ვარ დღესაც მივიღო ის სტადიონი და ყველა ნაკისრი ვალდებულება შევასრულო.
- თქვენ რომ მოიგეთ კონკურსი, რისი იმედი გქონდათ, როცა ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდით?
- იმის, რომ კონკურსის პირობებში ჩადებულ მოთხოვნებს აუცილებლად შევასრულებდი. შეიძლება მილიარდერი არა ვარ, მაგრამ ჯერ ერთი, მარტოც არ ვიყავი, როცა კონკურსში ვმონაწილეობდი და მეორეც, ჩემი საკუთარი შესაძლებლობებიც გამაჩნია. თვითონ საკონკურსო პირობები არ იყო ისეთი, რომ ის ზომიერი ინვესტიცია ვერ განმეხორციელებინა, რაც მერიის შემოთავაზებულ სავალდებულო ჩამონათვალში ეწერა. სიმართლე გითხრათ, დღეს უფრო მეტი საშუალება მაქვს, რადგან მიუხედავად კრიზისისა, ნორმალურად ვსაქმიანობ და არავითარი პრობლემა არ მაქვს.
- ბიზნესის რომელ სფეროში საქმიანობთ?
- ალბათ, უფრო კლასიკური საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი შეიძლება მეწოდოს. სუპერკომპანიების არა, მაგრამ ზომიერი შემოსავლების მქონე 4 კომპანიის დამფუძნებელი ვარ. აქედან 2, ისეთი კომპანიაა, რომელსაც აქვს უძრავი ქონება და მისი იჯარით გაცემიდან შემოდის თანხა. მსხვილი ინვესტიციის გაკეთების აუცილებლობის შემთხვევაში, შემიძლია ეს უძრავი ქონება გავყიდო და უცბად ავიღო დიდი თანხა. მაქვს იმის გარანტიები, რომ რაც მომეთხოვება, გავაკეთებ. პლუს, მქონდა ზეპირი შეთანხმებები პარტნიორებთან, რომლებიც თანახმა იყვნენ ამ საქმეში გარკვეული მონაწილეობა მიეღოთ. მთავარია, საქმე დაიძრას და ისინი კვლავ გამოჩნდებიან. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ორწელიწადნახევარი ტყუილად დაიკარგა.
- როგორ თვლით, მერიას ჰქონდა ცოტაოდენი საბაბი, რომ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაეფორმებინა?
- ჩემი ვარაუდით, მოხდა უბრალო გაუგებრობა. ეს სტადიონი, 2006 წლის დეკემბრიდან (მანამდე იყო რკინიგზის საკუთრება) გადაეცა თბილისის მერიას და 2007 წლის ზაფხულშიც, შესაბამისად, მერიამ ჩაატარა ის კონკურსი. თვითონ კონკურსის შედეგებში მე რომ მომცეს გამარჯვება, ესეც ხომ მერიამ გააკეთა? თუ თვით მერიის თვალით შევხედავთ სიტუაციას, ასე გამოდის - ატარებ კონკურსს, მონაწილეობს 3 კონკურენტი კომპანია, მათგან ერთ-ერთს შენ თვითონ ანიჭებ გამარჯვებას და მერე, რატომღაც, აუქმებ ამ გამარჯვებას. ჩემი აზრით, აქ გაუგებრობა მოხდა და მგონია, რომ ეს გაუგებრობა იყო გამოწვეული ჩემი ორი კონკურენტიდან ერთ-ერთი დამარცხებული კომპანიის ჭორიკნული და ინტრიგანული ქმედებით.
- ხომ არ დააკონკრეტებდით ამ კომპანიას?
- არ დავაკონკრეტებ, მაგრამ იმით, რომ ზემოთ ორიდან მხოლოდ ერთზე ვახსენე ვისი დაფუძნებულია, მგონი, ჩანს ვისაც ვგულისხმობ. მით უმეტეს, ესაა ის ხალხი, რომელმაც ძალიან ცუდად და უსახელოდ დატოვა ქართული ფეხბურთი. მათი “ვაჟკაცური” მოქმედების ერთ-ერთი გამოვლინება იყო ის, რაც საერთოდ მთელი ქართული ფეხბურთის “აყვავებაში” გამოიხატა. ზუსტად ასეთივე მოქმედებას ჰქონდა ადგილი ამ სტადიონთან მიმართებაშიც.
ჩემი აზრით, ისინი გაბრაზდნენ, რომ წააგეს ეს კონკურსი და დაიწყეს ინტრიგანული მოქმედება ჩემს წინააღმდეგ. აი, ამ ინტრიგანული მოქმედების მსხვერპლი გავხდით თბილისის მერიაც და მეც.
მერიას რომ არ ნდომოდა ჩემი გამარჯვება, ყველაზე ადვილი ის იყო, კონკურსის შედეგებით სხვისთვის გადაეცათ სტადიონი. ტენდერში გამარჯვება სუბიექტური ამბავია - მისი გასაჩივრება შეუძლებელია, ვერცერთ სასამართლოს ვერ დავუმტკიცებდი, რომ მე ვიყავი ღირსი და არა სხვა. იქ შემოდის დალუქული კონვერტები და შენ მხოლოდ ის იცი, შენ რა ჩაწერე მასში. იქნებ მოწინააღმდეგემ შენზე უკეთესი წინადადებები შეიტანა? ამიტომ, ამას პრაქტიკულად ვერ გაასაჩივრებ, თუ თავად კონკურენტმა არ გითხრა, რომ შიგნით შენზე უარესი პირობები ჰქონდა ჩაწერილი.
ამდენად, მეეჭვება მერიაში ჩემზე რაიმე საწინააღმდეგო ჰქონოდათ. უბრალოდ, იმ სხვამ მოინდომა “წყლის ამღვრევა”. მართალია, გავასაჩივრე და სასამართლოს წესით დავამტკიცე ჩემი სიმართლე, მაგრამ მერიის ხელმძღვანელობის მიმართ არავითარი უკმაყოფილება არ მაქვს.
- მაშინ, რადგან ის ძალები, თქვენი თქმით, მოშორდნენ ქართულ ფეხბურთს, ალბათ, მერიასა და თქვენს შორის დამოკიდებულების “დათბობას” ელით.
- მერიას ამ ჩემი ნათქვამით მინდა მესიჯი გავუგზავნო - მე მათთან არავითარი სადავო არა მაქვს; კარგად თუ დაფიქრდებიან, არც თვითონ აქვთ ჩემთან სადავო. ისინი, ვისი ორგანიზებულიც იყო ჩვენ შორის არსებული გაუგებრობა, აღარ არიან ქართულ ფეხბურთში.
“მსოფლიო სპორტი”, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრების მქონეთაც მისცემს საკუთარი პოზიციის წარმოჩენის საშუალებას.

ფრიდონ კერვალიშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099513