“გპირდებით, ცხოვრებას “ლივერპულის” აღორძინებას მივუძღვნი და ყოველთვის დავიცავ ასეთი დიდი კლუბის ტრადიციებსა და პრინციპებს. “სუონსიში” თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ როცა მერსისაიდელთა წინადადება მივიღე, ცხადია, მასზე უარის თქმა, პროფესიული თვალსაზრისით, სიგიჟის ტოლფასი იქნებოდა” - ეს “ლივერპულის” ახალი მთავარი მწვრთნელის, 39 წლის ჩრდილოირლანდიელი ბრენდან როჯერსის სიტყვებია, რომელიც დღეს ოფიციალურად დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე.
“მსოფლიო სპორტი” გუშინაც წერდა, რომ ეს საქმე თითქმის გადაწყვეტილი იყო, მხოლოდ “ბეჭდის დასმა” უნდოდა და: “ბრენდანის სახით ძალიან ახალგაზრდა და ქარიზმატული მენეჯერი გადმოვიბირეთ. ის ყოველთვის წინ იყურება, ახალი თაობის მწვრთნელთა შორის აშკარად გამორჩეულია და გვჯერა, ლეგენდარულ გუნდს ლაღ და შემტევ სტილს დაუბრუნებს” – ეს “ლივერპულის” ამერიკელმა მეპატრონემ, ტომ უორნერმა განაცხადა.
როჯერსი 20 წელიწადია ფეხბურთში ტრიალებს, თავის დროზე ჟოზე მოურინიოს თანაშემწეც ყოფილა “ჩელსიში”, უამრავ სახელიან ფეხბურთელთანაც უმუშავია. მერე იყო “უოტფორდი”, “რედინგი” და ბოლოს უელსური “სუონსი”, რომელმაც შარშან პრემიერლიგაში ერთობ გამართული ფეხბურთი ითამაშა და ფავორიტებსაც არაერთხელ გაუმწარა ცხოვრება. ახლა კი, ეტყობა, “ლივერპულის” ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება. ხუმრობა ხომ არ არის, “წითლებს” 1990 წლის შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ ჩემპიონატში. შარშან “ბებერი მგლის” კენი დალგლიშის დახმარებით სცადეს საქმის გამოსწორება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა ახალგაზრდა მენეჯერს უთმობენ ასპარეზს. ვნახოთ, ავანსი უკვე გაცემულია...
სოლომონ გულისაშვილი









