ქართველმა დიდოსტატმა მერაბ გაგუნაშვილმა (2570) ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა და ახლა, მთელ ყურადღებას ბლიცში ტურნირზე გადაიტანს.
სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს პირველობის დასკვნით რაუნდში შესარჩევი შეჯიბრის სამი მონაწილე გადიოდა. საბოლოოდ, ეს პატივი რუსებს იგორ კურნოსოვს (6.5 ქულა) და ალექსე დრეევს (6.0) და საფრანგეთის სახელით მოთამაშე ვლადისლავ ტკაჩიევს (6.0) ერგოთ. რაც შეეხება გაგუნაშვილს, მან 9 ტურში 5.0 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილი დაიკავა.
ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 4 ივლისს გახლავთ დაგეგმილი, 11 ტურად წარიმართება, 5-ში კი ორივე ტურნირის გადამწყვეტი რაუნდებია დანიშნული.
ისიც ვთქვათ, რომ ტურნირის ორგანიზატორთა პერსონალური მიწვევით ფინალში პირდაპირ არიან დაშვებულნი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), ტეიმურ რაჯაბოვი, შაჰრიარ მამედიაროვი (ორივე – აზერბაიჯანი), სერგეი კარიაკინი, ალექსანდრ მოროზევიჩი, ალექსანდრ გრიშჩუკი, პიოტრ სვიდლერი (ყველა – რუსეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) და ბორის გელფანდი (ისრაელი).







