ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სტარტი აიღო ვაჟთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატმა სწრაფ ჭადრაკსა (ყოველი პარტიისთვის 15-15 წუთი, თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) და ბლიცში (3 წუთს+2 წამი). ტურნირის მონაწილე 30 მოჭადრაკე, რომელთა შორის ერთი ქართველი – საქართველოს 2010 წლის ჩემპიონი მერან გაგუნაშვილიც (2570) გახლავთ, გადამწყვეტი ეტაპის 3-3 საგზურისთვის იბრძვის.
რეგლამენტის თანახმად, სწრაფ ჭადრაკში შვეიცარიული სისტემით 9 ტური ჩატარდება, ბლიცში კი – 11. ჩემპიონატის პირველ დღეს სწრაფ ჭადრაკში 5 ტური გათამაშდა და 4.0 ქულით რუსი იგორ კურნოსოვი (2663) დაწინაურდა. ამ უკანასკნელმა მე-6 ტურში გაგუნაშვილი დაამარცხა, არადა, თეთრი ფიგურებით მოთამაშე ქართველს რომ ემარჯვა, ერთპიროვნული ლიდერი თავად იქნებოდა.
ასე კი, მერაბს 3.0 ქულა შერჩა და კიდევ ოთხ მონაწილესთან ერთად, მეშვიდე-მეთერთმეტე ადგილებს იყოფს. 3 ივლისს, სწრაფ ჭადრაკში დარჩენილი 4 ტურის პარტიები შედგება და უკვე ცნობილია, რომ მე-6 ტურში გაგუნაშვილი შავებით ყაზახ კირილ კუდერინოვს (2493) ეთამაშება.
ორგანიზატორებმა ფინალში პერსონალურად მიიწვიეს მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), ტეიმურ რაჯაბოვი, შაჰრიარ მამედიაროვი (ორივე – აზერბაიჯანი), სერგეი კარიაკინი, ალექსანდრ მოროზევიჩი, ალექსანდრ გრიშჩუკი, პიოტრ სვიდლერი (ყველა – რუსეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) და ბორის გელფანდი (ისრაელი).







