საქართველოს თასის მფლობელ ს/კ ”გაგრას” მზადების გეგმებში, მისმა უკრაინელმა თავკაცმა, ანატოლი პისკოვეცმა მცირე კორექტივები შეიტანა. 14 ივნისის ნაცვლად, შვებულებიდან დაბრუნებული და სამედიცინო შემოწმებაგავლილი გუნდი, ვარჯიშს 17-დან შეუდგება.
გაგრელთა პრეს-ატაშე მიხეილ აფხაზავას თქმით, უეფას ევროლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის (როგორც თასის მფლობელისთვის, ამ გუნდის ევროპული დებიუტი სწორედ ამ ეტაპზე შედგება) საშინაო მატჩს, ”გაგრა” ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს. ცნობილია, რომ საწყისი ეტაპების წილისყრა, შვეიცარიულ ნიონში 20 ივნისს შედგება და მაშინ დადგინდება, 14 ივლისს მოუწევთ ”გაგრელებს” უცხოელი სტუმრების მიღება, თუ ერთი კვირის შემდეგ.
აღნიშნული ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ”გაგრა” საშინაო მატჩს თბილისში, კერძოდ კი, ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გამართავს. აფხაზავას განმარტებით, კლუბმა საამისო თადარიგი უკვე დაიჭირა და სტადიონის დირექციასთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. მოკლედ, ”გაგრამ” ევროტურნირზე ივარგოს და დევნილობაში მყოფს, საშინაო ასპარეზის მოძებნა არ გაუჭირდება.
ფრიდონ კერვალიშვილი









