გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი პირველი ქართველი სუმოისტი გახდა, რომელმაც ნაგოიას ბაშოზე დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსირა და შესაბამისად, წოდებაში დაწინაურებაც გაინაღდა.
უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე სეკიტორმა კაჩი-კოშისთვის აუცილებელი მე-8 გამარჯვება ბრაზილიელი კაისეისთან იზეიმა. გაგამარუმ, მეტოქე, რომელსაც ათი ტურის თავზე მხოლოდ ერთი მარცხი გააჩნდა, იორიკირით დაჯაბნა.
ცნობისთვის, ჯუღელმა ბოლო 7 ორთაბრძოლიდან ექვსში იმარჯვა და უკვე ცხადია, რომ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებას, მომავალ ბანძუკეში უკეთეს ტიტულზე გაცვლის. ქართველი გოლიათის მომდევნო მეტოქე 36 წლის მე-14 მაეგაშირა ვაკანოსატოა, რომელიც შარშან ივლისში სუკუინაგეთი ჰყავს დამარცხებული.
დადებით ბალანსამდე კვლავ ერთი გამარჯვება აშორებს ნაგოიას ტურნირზე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე ტოჩინოშინს. ლევან გორგაძეს 7 მოგება გააჩნია, მე-5 მარცხი კი მე-9 მაეგაშირა მიაბიამასთან შეემთხვა. იაპონელმა სეკიტორმა ქართველს ოშიდაშით აჯობა და თანაბარი ბალანსი (6-6) მოუგროვდა, ტოჩინოშინი კი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ხვალ ეცდება, როდესაც ძალებს სეკივაკე გოეიდოსთან მოსინჯავს. გორგაძე ოსაკელს ბოლო წლის განმავლობაში სამჯერ დაუპირისპირდა და ორჯერ იმარჯვა.
“იმპერატორის თასის” მოგების უმთავრეს კანდიდატებად კვლავაც იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი ჰარუმაფუჯი რჩებიან, რომელთაც ზურგს 12-12 გამარჯვება უმაგრებთ და უახლოეს კონკურენტებს – ოძეკებს კისენოსატოს და კოტოშოგიკუს და რიგით მაეგაშირებს – არანსა და კაისეის უკვე 3-3 მოგებით უსწრებენ. პარასკევს ჰაკუჰო ესტონელ ოძეკი ბარუტოს შეერკინება, ჰარუმაფუჯი – კაისეის, ხოლო კისენოსატო და კოტოშოგიკუ ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში წარუმატებლად ასპარეზობს ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია. მე-7 რეიტინგის მქონე კოკაის 3 მოგება გააჩნია, მე-9 მარცხი (ოშიდაში) კი მე-13 ნომერ მასურაუმისთან განიცადა. “შავი ზღვის” შემდეგი მოწინააღმდეგე ტაკანოივა იქნება, თუმცა, უკვე ნათელია, რომ მიუხედავად დარჩენილ ბრძოლებში ნაჩვენები შედეგებისა, ქართველ სეკიტორს წოდებაში დაქვეითება არ ასცდება.
http://www.youtube.com/watch?v=qttosbWZhcE&feature=player_embedded







