ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე სეკიტორმა – ქართველმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ წლის დასკვნით სუპერტურნირზე მე-7 გამარჯვება იზეიმა და ახლა, დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად ერთადერთი მოგებაღა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე კიუშიუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მორიგი წარმატება კი მე-11 მაეგაშირა მიაბიამასთან იზეიმა. ქართველმა სეკიტორმა 35 წლის მონღოლის მარჯვენა ხელს ქვემოდან შესვლა მოახერხა და ვეტერანი იორიკირით დაამარცხა.
ჯუღელს 7 მოგება და 5 მარცხი გააჩნია, ხოლო მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი მე-11 მაეგაშირა ასაჰიშოა, რომელსაც ქართველი გოლიათი კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
ორდღიანი წარმატებული სერიის შემდეგ, კიდევ ერთი მარცხი განიცადა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ. საწყისი მოძრაობის დროს ქართველის მეტოქე, 31 წლის იაპონელი ჰომაშო ოდნავ მარცხნივ გაიწია, ჩვენებურის მავაში ხელთ იგდო და უვატედაშინაგე განახორციელა.
25 წლის ტოჩინოშინს 9 მარცხის წილ მხოლოდ 3 გამარჯვება გააჩნია და ცხადია, ახლანდელ ტიტულს (აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა) გაცილებით უარეს წოდებაზე გაცვლის. გორგაძის მომდევნო მეტოქე კომუსუბი ამინიშიკი იქნება, რომელთანაც ქართველი ურთიერთშეხვედრებში 5:6 მარცხდება.
“იმპერატორის თასის” 23-ედ მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მე-11 გამარჯვება ოძეკი კოტოშოგიკუსთან იზეიმა, მის უახლოეს მდევრებს – იოკოძუნა ჰარუმაფუჯის და მე-15 მაეგაშირა ჩიოტაირიუს კი წარუმატებელი დღე ჰქონდათ. ამდენად, ისინი ლიდერს უკვე 2 მოგებით ჩამორჩნენ და თუკი ჰაკუჰომ დარჩენილი 3 შერკინებიდან ორში მაინც იმარჯვა, ჩემპიონობას ვეღარავინ შეეცილება.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=q1cRQNXCMOk







