სხვა

14:46 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს ძურიოში დააქვეითებენ

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ნაგოიას ბაშოზე უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) დააფიქსირა, რაც იმის წინაპირობაა, რომ მომავალი სუპერტურნირისთვის რანგით მე-2 ძურის დივიზიონში დაქვეითდება.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ნაგოიას შეჯიბრს მაკუუჩიში აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და წაფორხილების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მასზე დაკისრებული მისია ვერ შეასრულა.

ჯუღელისთვის საბედისწერო აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა სადანოფუჯისთან მარცხი აღმოჩნდა. გაგამარუ ოშიდაშით დაიჩაგრა და 5 გამარჯვების წილ მე-8 წაგება მიითვალა. ქართველი გოლიათის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც დადებითი ბალანსისთვის 1 მოგება სჭირდება და ცხადია, თეიმურაზთან შერკინებაში მაქსიმუმს გაიღებს.

გაგამარუსგან განსხვავებით კარგად მისდის საქმეები ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელიც პირიქით, ძურიოდან მაკუუჩიში აღზევებისთვის იბრძვის. აღმოსავლეთის მე-12 ნომრის სტატუსით მოასპარეზე ქართველ სკეიტორს ერთადერთი წაგება აქვს, მე-11 გამარჯვება (ოშიდაშით) კი დასავლეთის მე-13 ნომერ კიოკუტაისეისთან იზეიმა.

ტოჩინოშინის წინ კვლავაც მხოლოდ ძურიოს მე-3 ნომერი იჩინოჯო (12 მოგება) რჩება, რომელიც ამჯერად მაკუუჩის წარმომადგენელს – მე-16 მაეგაშირა ვაკანოსატოს გააჯიბრეს, თუმცა, მონღოლმა მასაც აჯობა.

იჩინოჯო ივლისის სუპერტურნირის ბოლოსწინა მე-14 დღესაც ელიტის ბინადარ – მე-14 მაეგაშირა აძუმარიუს დაუპირისპირდება, ხოლო ტოჩინოშინი ძალებს ძურიოს დასავლეთის მე-5 ნომერ კოტოიუკისთან მოსინჯავს.

ისიც ვთქვათ, რომ ნაგოიაში მე-2 მარცხი განიცადა იოკოძუნა ჰაკუჰომ. “თეთრმა ფენიქმა” ოძეკი კისენოსატოსთან კოტენაგეთი წააგო და წამოწევის საშუალება მისცა ოძეკი კოტოშოგიკუს და დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ტაკაიასუს. 10-10 მოგება აქვთ აქტივში იოკოძუნა კაკურიუს და სეკივაკე გოეიდოს.

ნაგოიას ბაშო 27 ივლისს დასრულდება.

ნაგოიას ბაშოს მე-13 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=u-A5j6XFZvQ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114546