სხვა

14:56 | 17.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს დადებით ბალანსამდე ერთი გამარჯვება აშორებს

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც გაგამარუს შიკონათია ცნობილი, ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე მე-7 გამარჯვება იზეიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) გასაფორმებლად და წოდებაში დასაწინაურებლად, დარჩენილ ხუთ შეხვედრაში ერთი მოგებაც ეყოფა.
შეგახსენებთ, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე სეკიტორი ნაგოიას ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მორიგ წარმატებას კი მე-13 მაეგაშირა მასუნოიამასთან მიაღწია. გაგამარუმ იაპონელი სეკიტორი იორიკირით დაჯაბნა. ოთხშაბათს, ჯუღელს კიდევ ერთი მე-13 მაეგაშირა დაიდო ელის, რომელიც გასულ ორ ორთაბრძოლაში ოშიდაშით ჰყავს დამარცხებული.
6 გამარჯვება და 4 მარცხი მოუგროვდა ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს. ქართველმა სუმოისტმა, რომელიც ივლისის ტურნირზე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, მორიგ ტურში კომუსუბი მიოგირიუსთან წაიფორხილა. იაპონელმა მებრძოლმა ოშიდაშით იმარჯვა და ბალანსით ქართველს გაუთანაბრდა. ტოჩინოშინს კაჩი-კოშიმდე ორი გამარჯვება აშორებს, შემდეგი შეხვედრა კი მე-9 მაეგაშირა ტოკიტენკუსთან ელის.
ნაგოიას ბაშოს სათავეში კვლავაც იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი ჰარუმაფუჯი რჩებიან, რომელთაც ათ-ათივე ბრძოლა მოგებული აქვთ. ჰარუმაფუჯიმ ამჯერად ოძეკი კოტოშოგიკუ დაამარცხა და მეტოქე უკან უკვე ორი გამარჯვებით მოიპოვა, ჰაკუჰომ კი ოძეკი კაკურიუ დაჯაბნა. ტურნირის მე-11 დღეს “თეთრი ფენიქსი” ძალებს ბულგარელ ოძეკი კოტოოშუსთან მოსინჯავს, ჰარუმაფუჯის მეტოქე კი ოძეკი კისენოსატო იქნება.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მძიმედ აქვს საქმეები ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას, რომელსაც მოწინააღმდეგეებთან და ტრავმებთან გამკლავება ერთდროულად უწევს. ამჯერად, კოკაიმ ძურიოს მე-14 ნომერ ჰომარეფუჯისთან უვატედაშინაგეთი წააგო და 3 მოგების წილ მე-7 მარცხი მოუგროვდა.
იოლი გამოსათვლელია, რომ კიდევ ერთი წარუმატებლობა “შავ ზღვას” უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გაიყვანს. კოკაი ურთულესი მისიის შესრულებისთვის ბრძოლას, რაც მიჯრით ხუთი შეხვედრის მოგებას ითვალისწინებს, ოთხშაბათს შეუდგება, როდესაც მე-4 რეიტინგის მქონე სოტაირიუს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ თავად ცაგურია ძურიოს მე-7 ნომერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170854