გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა ფუკუოკას ”კოკუსაი სენთერში” მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირზე მე-8 გამარჯვება იზეიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურნირს უფრო მაღალი წოდებით შეხვდება.
ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (212 კგ.) სეკიტორმა დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ასაჰიშოსთან გაიფორმა, რომლის დოჰიოდან გასაყვანად სამი ბიძგი დასჭირდა. გაგამარიმ ოშიტაოში დააფიქსირა და დარჩენილი ორი შერკინება რომც წააგოს, აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას ტიტულს მცირედით უკეთეს წოდებაზე მაინც გაცვლის.
გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება, რომელიც კარიერაში ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს.
3 მოგების წილ მე-10 მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც კიუშიუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მორიგი წარუმატებლობა კი კომუსუბი ამინიშიკისთან შეემთხვა. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე მე-9 მაეგაშირა შოტენროა, რომელსაც ლევანი ურთიერთშეხვედრებში 6:2-ს უგებს.
”იმპერატორის თასის” 23-ედ მოგებასთან ძალიან ახლოსაა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მე-12 გამარჯვება ოძეკი კისენოსატოსთან იზეიმა. ახლა, ”თეთრი ფენიქსის” დაწევის თეორიული შანსი მხოლოდ მე-6 მაეგაშირა კიოკუტენჰოს აქვს და ესეც იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იაპონელი დარჩენილ ორივე შერკინებას მოიგებს, მონღოლი კი ორივეში დამარცხდება, ეს კი, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gMkVdYpE8_k







