სხვა

15:16 | 11.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ ესტონელი ოძეკი დაამარცხა

როგორც იქნა, ტოკიოს ბაშოს სამი დღის თავზე ქართველ სუმოისტთა აქტივში პირველი გამარჯვება გამოჩნდა. თავი გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა ისახელა, რომელმაც დიდი დაპირისპირების შემდეგ, სახელოვანი ესტონელი ოძეკი ბარუტო დაამარცხა.
საინტერესოა, რომ გაგამარუს და ბარუტოს პირველი მიძალების კვალად, მსაჯების კონსილიუმმა გამარჯვებულის ვინაობა ვერ გამოავლინა, რადგანაც მეტოქეები დოჰიოს მიღმა ერთდროულად აღმოჩნდნენ. ტორი-ნაოსის (განმეორებითი შეხვედრა) დროს ესტონელმა 212-კილოგრამიანი ჯუღელის შეჩერება ვეღარ მოახერხა და ქართველმა გოლიათმა იორიკირით იმარჯვა.
საინტერესოა, რომ გაგამარუ ბარუტოს მეხუთედ შეხვდა და მეორედ მოუგო, ამდენად, მასთან მინიმალური უარყოფითი ბალანსიღა გააჩნია. სამაგიეროდ, თეიმურაზს მძიმე მდგომარეობა აქვს ოძეკი კოტოშოგიკუს წინააღმდეგ, რომელთანაც გასულ ოთხივე შერკინებაში დამარცხებულა. დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი მე-4 ტურში უხერხულ მეტოქედ მიჩნეულ ფუკუოკელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება.
ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა კომუსუბის ტიტულამდე აღზევებულმა ლევან გორგაძემ იგივ ტოჩინოშინმა. მან ოძეკი კაკურიუსთან იორიკირით წააგო. ქართველმა სეკიტორმა მოწინააღმდეგის საპასუხო ჰიდარი-უვატე (მეტოქის მავაშის მარჯვენა ხელს ზემოდან მოგდება) გვიან განახორციელა და მონღოლმა იგი ტავარას (დოჰიოს შემომსაზღვრელი კანტი) მიღმა იოლად გაიყვანა. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი კისენოსატოა, რომელთანაც ქართველი ურთიერთშეხვედრებში 3:7 მარცხდება.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ცუდად მისდის საქმეები ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას, რომელსაც მე-12 განთესვა გააჩნია და მორიგი უარყოფითი ბალანსის (მაკე-კოში) დაფიქსირების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. ამჯერად, კოკაი მე-14 ნომერ არავაშისთან საბრძოლველად დოჰიოზე საერთოდ არ გასულა, რისი მიზეზიც ძველი ტრავმა უნდა იყოს, ეს კი კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098174