სხვა

14:09 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ დადებითი ბალანსი გაიფორმა

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ მაისის ბაშოზე მე-8 გამარჯვება იზეიმა, რაც იმის გარანტიაა, რომ განახლებულ ბანძუკეში (რეიტინგი) მას წოდებაში დაწინაურება ელის.

26 წლის ქართველმა გოლიათმა (206 კგ.) კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ჩიიოოტორისთან დააფიქსირა. თეიმურაზმა მეტოქეს კოტენაგეთი სძლია და 3 მარცხის წილ მე-8 მოგება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირს დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ესოდენ წარმატებული ასპარეზობის გამო კი, საგრძნობი წინსვლა ელის. ცხადია, რაც უფრო კარგი იქნება ჩვენებურის საბოლოო შედეგი, დიდი იქნება საფეხურობრივი ნახტომიც.

ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა დაიდო იქნება, რომელიც ქართველთან წარმატებისთვის მაქსიმუმს გაიღებს. საქმე ის გახლავთ, ტოკიოელ სეკიტორს 6 მოგება და 5 მარცხი გააჩნია და კაჩი-კოშისთვის თითოეული გამარჯვება ძალიან სჭირდება. ცნობისთვის, გასული წლის ივლისში დაიდოს გაგამარუ უვატენაგეთი ჰყავს დამარცხებული.

როგორც იქნა, პირველი მოგება დააფიქსირა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ. როგორც ცნობილია, ქართველ სუმოისტს ზაფხულის ბაშოზე მიჯრით 10 (!) ბრძოლა ჰქონდა წაგებული, ნავსი კი ასევე სავალალო დღეში მყოფ კომუსუბი ოკინოუმისთან გატეხა, რომელსაც უვატენაგეთი აჯობა.

ცხადია, ტოჩინოშინს ეს გამარჯვება რეიტინგში სოლიდური ვარდნისგან ვეღარ იხსნის, თუმცა, მისთვის მაინც გარკვეული შვება უნდა იყოს. დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველი შემდეგ შერკინებას დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ჯოკორიუსთან გამართავს.

მაისის სუპერტურნირის 11 დღის თავზე კვლავ დაუმარცხებლად რჩებიან იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატო. 1 წაგება აქვს ოძეკი კაკურიუს, იოკოძუნა ჰარუმაფუჯის კი 2 მარცხი გააჩნია. მომდევნო ტურში ცენტრალური კისენოსატო-ჰარუმაფუჯის და ჰაკუჰო-კაკურიუს დაპირისპირებები იქნება.

http://www.youtube.com/watch?v=SWjgnijBmsY&feature=player_embedded

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170397