სხვა

15:36 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ დაამრგვალა

მაისის ბაშოს 13 დღის თავზე დაუმარცხებლად იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატო ლიდერობენ, მათ კი 10-10 მოგებით კვალში სამი სეკიტორი უდგას, რომელთა შორის ქართველი გოლიათი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუც იმყოფება.

26 წლის გაგამარუ, რომელიც მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (206 კგ.) წევრია, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირს დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და ჩინებულად ირჯება.

გაგამარუმ მე-10 გამარჯვება აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა იოშიკაძესთან იზეიმა. იაპონელმა სეკიტორმა სასტარტო მიძალება პირველ ნაბიჯზე შეაჩერა, რადგანაც ფალს-სტარტი ეგონა, თუმცა, გიოძიმ (მსაჯი) შერკინება არ შეაჩერა, რითაც ჯუღელმა ჩინებულად ისარგებლა. ქართველმა 140-კილოგრამიანი მეტოქე ტავარას (დოჰიოს კიდე) მიღმა ოშიდაშით იოლად გაიყვანა.

მომდევნო ტურში გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა მიოგირიუ დადგება და ის იმ სეკიტორთა შორის, რომელთაც თეიმურაზი მიმდინარე ბაშოზე შეხვედრია, ყველაზე მაღალი წოდებისაა. იაპონელ სეკიტორს ტოკიოში 9 ბრძოლა აქვს მოგებული, გაგამარუს წინააღმდეგ კი ერთადერთი შეხვედრა ჩაუტარებია და უმარჯვია კიდეც.

ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ, ისევ მარცხი განიცადა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელიც ზაფხულის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება, თუმცა, დიდ ვარდნას ნამდვილად ვერ გადაურჩება.

ტოჩინოშინმა მე-11 მარცხი დასავლეთის პირველმა მაეგაშირა ამინიშიკისთან განიცადა. ამ უკანასკნელმა ქართველის მავაში მარცხენა ხელით მოიგდო, მეტოქეს წონასწორობა დააკარგვინა და უვატედაშინაგეთი დაჯაბნა. გორგაძეს შემდეგი მეტოქე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა სადანოფუჯია, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში ქართველი 2:0-ს იგებს.

გასულ საშეჯიბრო დღეს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება შედგა. ჰაკუჰომ ოძეკი კოტოშოგიკუ დაამარცხა, კისენოსატომ ოძეკი კაკურიუს სძლია, ხოლო იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ ოძეკი კოტოოშუ დაჯაბნა. ჰარუმაფუჯი და კაკურიუ სწორედ ის სეკიტორები არიან, რომელთაც გაგამარუს დარად 10-10 მოგება გააჩნიათ.

მე-14 ტურში ცენტრალური ჰაკუჰოს და კისენოსატოს შერკინება იქნება და დიდი ალბათობით “იმპერატორის თასის” მფლობელის ვინაობასაც გავიგებთ. ინტერესს იწვევს კაკურიუს და ჰარუმაფუჯის შეხვედრაც.

http://www.youtube.com/watch?v=N-ihcJbtx2o&feature=player_embedded

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166885