ჭადრაკში ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე ნონა გაფრინდაშვილმა (2362) ქალთა შორის პირველი ადგილისთვის, უმთავრეს მოცილე რუს გალინა სტრუტინსკაიასთან (2269) შავი ფიგურებით ყაიმი გააფორმა და სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის პირველი ადგილი შეინარჩუნა, საერთო ცხრილში კი მე-9 პოზიციაზეა.
გაფრინდაშვილმა 5.5 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე მყოფ რუმინელ მიჰაი სუბას (2465) უკვე 1.5 ქულით ჩამორჩება. ქალბატონი ნონა მედლებისთვის კი ვეღარ გაიბრძოლებს, თუმცა, თუკი დასკვნით ტურში თეთრებით იტალიელ ანტონიო როსინის (2233) აჯობა, შესაძლოა, ხუთეულში შეაღწიოს.
სხვათა შორის, ხსენებულმა როსინიმ გასულ ტურში შავი ფიგურებით თამარ ხმიადაშვილს (2194) სძლია, რის შემდეგაც ქართველი მოჭადრაკე 4.5 ქულით 32-ე საფეხურამდე დაქვეითდა. ქალთა შორის, მას მეხუთე ადგილი უკავია. ბოლო ტურში ხმიადაშვილი შავებით კიდევ ერთ იტალიელ პაოლო კოლომბოს (2130) გაეჯიბრება.
ევროპირველობა, რომელსაც ასამდე მონაწილე ჰყავს, თოთხმეტ აპრილს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 10350 ევროა. აქედან, კაცთა შორის საუკეთესო ათასშვიდას ევროს მიიღებს, ხოლო ქალბატონებში გამარჯვებული – შვიდას ევროს.







