ვეტერან მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატის მე-6 ტურში, ქართველმა ქალბატონებმა - ნონა გაფრინდაშვილმა (2362) და თამარ ხმიადაშვილმა (2194) გამარჯვებები მოიპოვეს და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს.
გაფრინდაშვილმა შავი ფიგურებით იტალიელი იუდიჩელოს (2180) სძლია და 4.5 ქულით მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, ხმიადაშვილმა კი თეთრებით კიდევ ერთ მასპინძელ ლაჩოს (2128) აჯობა და 4.0 ქულით 21-ე საფეხურს უწია.
6 ტურის თავზე, 5.0 ქულით 6 მოჭადრაკე დაწინაურდა – ბუტნორიუსი (ლიტვა, 2388), ოხოტნიკი (საფრანგეთი, 2458), კუპრეიჩიკი (ბელორუსი, 2431), სუბა (რუმინეთი, 2465), ჩებალო (ხორვატია, 2486) და ცეიტლინი (ისრაელი, 2420).
მე-7 ტურში, გაფრინდაშვილი თეთრი ფიგურებით გერმანელ ვერნერს (2353) ეთამაშება, ხოლო ხმიადაშვილი შავებით – შვეიცარიელ ჰოჰლერს (2144).
ევროპირველობა, რომელსაც ასამდე მონაწილე ჰყავს, 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს და თოთხმეტ აპრილს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 10350 ევროა. აქედან, კაცთა შორის საუკეთესო ათასშვიდას ევროს მიიღებს, ხოლო ქალბატონებში გამარჯვებული – შვიდას ევროს.







