ჭადრაკი

17:04 | 18.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილი მხოლოდ ლიდერს ჩამორჩება

საბერძნეთის ქალაქ კამენა ვურლაში მიმდინარე სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე 5 ტური მიილია. ცხადია, ქართველი გულშემატკივარის განსაკუთრებულ ინტერესს ქალთა ტურნირი იწვევს, რომელშიც ძალებს ნონა გაფრინდაშვილი (2350), ნინო მელაშვილი (2128) და თამარ ხმიადაშვილი (2115) სცდიან.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი გაფრინდაშვილს გააჩნია, რომელმაც 3.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით, მე-2 ადგილზე იმყოფება. მის წინ მხოლდ გერმანელი მარტინა ბელტცია (2097) 4.0 ქულით. 3-3 ქულით მერვე-მეცხრე პოზიციებზე იმყოფებიან მელაშვილი და ხმიადაშვილი.
მე-6 ტურში გაფრინდაშვილი თეთრი ფიგურებით მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ გალინა სტრუტინსკაიას (2325) დაუპირისპირდება, ხოლო მელაშვილი და ხმიადაშვილი შავებით ითამაშებენ. პირველი ლარისა ხროპოვას (რუსეთი 2014) გაეჯიბრება, ხოლო მეორე – ტატიანა ბოგუმილს (2101).
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობაში 39 ქვეყნის წარმომადგენელი 128 მოთამაშე ჩაება, ტურნირი კი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად წარიმართება და 25 ნოემბერს დასრულდება.
ისიც ვთქვათ, რომ სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი რიგით 23-ეა, ქართველთაგან კი სხვადასხვა დროს ჩემპიონის ტიტული თამარ ხმიადაშვილს (1998, 1999, 2003) და ნონა გაფრინდაშვილს (1995, 2009) მოუპოვებიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.06376