საბერძნეთის ქალაქ კამენა ვურლაში მიმდინარე სენიორთა საჭადრაკო მსოფლიოს ჩემპიონატის ქალთა ტურნირს 3 ტურის თავზე 2 ლიდერი ჰყავს – ქართველი ნონა გაფრინდაშვილი (2350) და გერმანელი მარტინა ბელტცი (2097). ამ უკანასკნელმა გასულ ტურში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გალინა სტრუტინსკაია (რუსეთი, 2325) შავი ფიგურებით დაამარცხა, გაფრინდაშვილმა კი თეთრებით კიდევ ერთ რუს ნატალია ტიტორენკოს (2137) სძლია. მე-4 ტურში ლიდერები ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან, თეთრი ფიგურებით კი ბელტცი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ ტურნირზე კიდევ ორი ქართველი ქალბატონი თამაშობს. თამარ ხმიადაშვილს (2115) და ნინო მელაშვილს (2128) თითო მოგება და 2-2 ყაიმი მოუგროვდათ და 2-2 ქულით, დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-4 და მე-6 ადგილებზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში ხმიადაშვილი თეთრებით ყაზახ ელენა ანკუდინოვას (2147) ეთამაშება, მელაშვილი კი შავი ფიგურებით რუს ნატალია ბელიაევას (2006) გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობაში 39 ქვეყნის წარმომადგენელი 128 მოთამაშე ჩაება, ტურნირი კი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად წარიმართება და 25 ნოემბერს დასრულდება.
ისიც ვთქვათ, რომ სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი რიგით 23-ეა, ქართველთაგან კი სხვადასხვა დროს ჩემპიონის ტიტული თამარ ხმიადაშვილს (1998, 1999, 2003) და ნონა გაფრინდაშვილს (1995, 2009) მოუპოვებიათ.







