სენიორებს შორის მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატის ორი ტურის თავზე, ქალთა პირველობას ქულათა მაქსიმუმით ექვსი მონაწილე ლიდერობს, რომელთა შორის ქართველები – ნონა გაფრინდაშვილი (2360) და თამარ ხმიადაშვილიც (2166) იმყოფებიან.
მეორე ტურში გაფრინდაშვილმა შავი ფიგურებით რუს ნატალია ტიტორენკოს (2143) სძლია, ხმიადაშვილმა კი თეთრებით ასევე რუს ნატალია ჩერნოვას (2095) მოუგო. რაც შეეხება ნინო მელაშვილს (2106), იგი შავი ფიგურებით კიდევ ერთ რუს გალინა სტრუტინსკაიას (2277) დაუზავდა და 1.5 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
მესამე ტურში გაფრინდაშვილი და მელაშვილი თეთრებით ითამაშებენ და შესაბამისად, ინდოელ სატე ტიპსეისა (2152) და რუს ელენა ფატალიბეკოვას (2285) დაუპირისპირდებიან, ხოლო ხმიადაშვილი შავი ფიგურებით რუს სვეტლანა მიედნიკოვას (2165) პირისპირ დაჯდება.
11 ტურად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 15 ათასი ევროა, რომელიც ძალიან უცნაურადაა გადანაწილებული: ვაჟთა ტურნირისთვის 12 ათასია გამოყოფილი, ქალებისთვის კი – 3 ათასი. შესაბამისად, თუკი ვაჟებში ჩემპიონი 2 100 ევროთი დაჯილდოვდება, ქალებში უძლიერესს 800 ევროთი დაკმაყოფილება მოუწევს.







