ფეხბურთი

17:01 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი: გაურკვევლობა ისევ გრძელდება

ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ყრილობა გაიმართა. მოგეხსენებათ, ზოგადად სამამულო ფუტსალში ძალიან მძიმე ვითარებაა, ჩემპიონატი არ ტარდება, საუკეთესო კლუბი “იბერია სტარი” დაშლის პირასაა, ასოციაციაშიც დაპირისპირებაა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ გამოსავალი არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. შევიტყვეთ, რომ სფფ-ის აღმასკომმა ფუტსალის ასოციაციას 31 დეკემბრამდე შეუჩერა წევრობა და დაავალა შეცვალოს წესდება და დანიშნოს არჩევნები.

სხდომა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და საკმაოდ ემოციურიც გამოდგა. სიმართლე გითხრათ, თავიდან სერიოზულად შევშფოთდი, რადგან ვერ გავიგე რა ხდებოდა. თუმცა, შემდეგ დამაწყნარეს და მითხრეს, რომ ყველა მეტ-ნაკლებად ჩემს მდგომარეობაში იყო. ორი გადაწყვეტილება მიიღეს: გარდაცვლილი ვიცე-პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის, დევი სირაძის ნაცვლად ახალ ვიცე-პრეზიდენტად ლევან გრიგოლია, გამგეობის წევრად კი ზვიად ხაჩირაშვილი აირჩიეს. ეს იყო და ეს. მთავარი – ფინანსური ანგარიშის საკითხი კი კვლავ პასუხგაუცემელია. “მსოფლიო სპორტი” გამგეობის წევრს და “იბერია სტარის” დირექტორს, გიორგი დარჯანიას ესაუბრა.

-ასოციაციის პრეზიდენტთან, ლევან ცქიტიშვილთან თქვენი კითხვები კვლავ უპასუხოდ დარჩა…

-დიახ. მთავარი საკითხი – ფინანსური ანგარიში, რომელიც უნდა წარმოედგინა პრეზიდენტს, მისი გამოუცხადებლობის გამო ისევ ჩავარდა. წესდების სრული დაცვით, ყრილობამდე ორი კვირით ადრე, მას შეტყობინება გავუგზავნეთ. მან წერილობითაც დაადასტურა, რომ შეტყობინება მიიღო, მაგრამ ფაქტია, არ გამოცხადდა.

წესდების მიხედვით, გამგეობის წევრებს უფლება გვაქვს ფინანსური ანგარიში მოვითხოვოთ. ცქიტიშვილი კი ვალდებულია ერთი თეთრის დახარჯვის საკითხიც კი შეათანხმოს გამგეობასთან. ანუ ჩვეულებრივ რაღაცას ვითხოვთ, რაც ყველა ნებისმიერ ნორმალურ ორგანიზაციაში ხდება.

-ამას წინათ უეფაშიც გაგზავნეთ წერილი.

-დიახ. უეფას კონკრეტული ფაქტების ჩამონათვალი გავუგზავნეთ და ამ ფაქტების სისწორეზე მე გახლავართ პასუხისმგებელი.

-გამოსავალს რაში ხედავთ?

-რახან ცქიტიშვილი საბუთების წარმოდგენაზე კი არა, უბრალოდ ჩვენთან დალაპარაკებაზეც კი უარს ამბობს, ერთადერთი გამოსავალი სამოქალაქო კოდექსია, სადაც არის შესაბამისი მუხლები ამა თუ იმ საზოგადოების წევრის ან ხელმძღვანელის მიერ ამავე საზოგადოებისთვის ხელის შეშლის თაობაზე და ასე შემდეგ. სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.

-ჩემპიონატი როდის დაიწყება?

-გვეუბნებიან 16 ნოემბერს უნდა დაიწყოსო, ანუ, გამოდის ერთ კვირაში, მაგრამ “იბერია სტარის” სახელით გეტყვით, რომ დღემდე არ მიგვიღია არც ჩემპიონატის რეგლამენტი და არც კალენდარი, არ ვიცით რამდენი გუნდი ითამაშებს ტურნირში. არ ვიცით სამონაწილეო გადასახადი რამდენია, მატჩები თბილისში გაიმართება თუ სხვაგან.…ვკითხოთ ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, სპორტის მოხელეებს: ნორმალურია რომ ჩემპიონატის დაწყებამდე 7 დღით ადრე არცერთმა კლუბმა არაფერი იცის?

-ყრილობაზე თქვეს, მომავალი არჩევნები 7-8, ან 14-15 დეკემბერს ჩატარდებაო

-დღეს, მეც თქვენთან ერთად მოულოდნელად შევიტყვე, რომ თურმე ცქიტიშვილი რაღაც არჩევნების ჩატარებას აპირებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენთან თანამშრომლობა არ უნდა და სადღაც შორიდან გვიგზავნის დირექტივებს. საოცარია პირდაპირ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.093113