ჭადრაკი

0:25 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრე უკრაინასთან, მარცხი აზერბაიჯანთან

გუნდური ევროპის ჩემპიონატის მე-6 ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები პირველ ნომრად განთესილ და გუშინდლამდე დანაკარგის გარეშე მყოფ უკრაინელებს დაუპირისპირდა და ყაიმი დააფიქსირა.

საინტერესოა, რომ ზავით არცერთი პარტია არ დასრულებულა. ნანა ძაგნიძემ (2556) კატერინა ლაჰნო (2542) დაამარცხა, ლელა ჯავახიშვილმა (2423) ნატალია ჟუკოვას (2466) სძლია, მერი არაბიძემ (2374) და ბელა ხოტენაშვილმა (2524) კი, შესაბამისად, ანა უშენინასთან (2492) და მარია მუზიჩუკთან (2491) წააგეს.

საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა მოაგროვა და კიდევ სამ ნაკრებთან ერთად მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს, დამატებითი მაჩვენებლებით კი მესამეა. ერთპიროვნულ ლიდერად უკრაინა რჩება 11 ქულით, მეორე საფეხური კი სომხეთს უკავია.

პირველი მარცხი შეემთხვა საქართველოს ვაჟთა ნაკრებს, რომელიც მე-6 განთესვის მქონე აზერბაიჯანელებს ხვდებოდა და 1:3 წააგო.

გუნდის ლიდერი ბაადურ ჯობავა (2695) შაჰრიარ მამედიაროვს (2757) ვერ გაუმკლავდა, გაიოზ ნიგალიძემ (2494) რაუფ მამედოვთან (2647) წააგო, მიხეილ მჭედლიშვილი (2631) და ლევან ფანცულაია (2595) კი, შესაბამისად, ტეიმურ რაჯაბოვთან (2715) და ელტაჯ საფარლისთან (2653) დაზავდნენ.

ქართველ მოჭადრაკეებს 8 ქულა შერჩათ და დამატებითი მაჩვენებლებით მე-8 ადგილზე იმყოფებიან. ერთპიროვნული ლიდერი საფრანგეთია 11 ქულით, აზერბაიჯანს 10 ქულა აქვს, შემდეგ კი რუსეთი და სომხეთი მოდიან 9-9 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101482