ინტერვიუები

11:12 | 10.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკო ბარეზი: “იტალიაში, ჯერჯერობით, ვერავინ შემედრება”

გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანკო ბარეზიმ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრების გამოსვლა შეაფასა და ამასთან, ყოფილი კლუბის - “მილანის” ამჟამინდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
- იტალიის ნაკრების გამოსვლაზე რას იტყოდით?
- იტალიელთა გამოსვლას, რა თქმა უნდა, ნეგატიურ შეფასებას მივცემ. ჩვენი გუნდი კარგად ემზადებოდა და ვფიქრობდით, რომ ის უფრო შორს წავიდოდა. თუმცა, ჩვენთვის მატჩების მოგება ძალიან გართულდა. მიუხედავად ამისა, მეოთხედფინალამდე მისვლა, წესით, უნდა შეგვძლებოდა. იტალიაში ყველა გაწბილებულია.
- იტალიურ მას-მედიასთან საუბრისას, თქვენ აღნიშნავდით, რომ მარცხში დიდწილად დამნაშავეა მწვრთნელი, რომელმაც ტაქტიკის მხრივ გადაამლაშა. მართლაც ასეა?
- რა თქმა უნდა, მწვრთნელის შეცდომა აშკარაა. იმაში, რომ გუნდმა ვერ გადალახა ჯგუფური ეტაპი, გამორიცხულია, მთავარი მწვრთნელის დანაშაული არ იყოს.
- რაც შეეხება შემადგენლობას. არიან იტალიაში მოთამაშეები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, მაგრამ საკუთარი თამაშით შეეძლოთ დაემსახურებინათ იქ მოხვედრა?
- ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მწვრთნელის არჩევანს, რომელიც აგებს კიდეც პასუხს მთლიანობაში. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო კიდევ რომელიმე ფეხბურთელის შემადგენლობაში შეყვანა, მაგრამ ვიმეორებ – მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება. ყველა სპეციალისტს შემადგენლობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს.
- იტალიაში ლეგიონერთა ლიმიტის გამკაცრების იდეას მხარს უჭერთ?
- ამჟამად, უცხოელთა შემოდინების შეზღუდვა გაჭირდება, რადგან არსებობს გარკვეული წესები. თუმცა, შესაძლებელია შეზღუდო მოთამაშეთა შეძენა არაევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩვენ კი გაგვაჩნია საკუთარი, ნაციონალური ფეხბურთი, მაგრამ უცხოელებიც საჭიროა, რადგან მათთან გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობა გვეძლევა. თუმცა, სამწუხაროდ, ამავდროულად, ჩვენს გუნდებში გადმოსული უცხო მოთამაშეები იტალიელებს ადგილს ართმევენ, რაც თავისთავად არჩევანს უმცირებს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს.
- თქვენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად გთვლიან - ტყუილად ხომ არ ამოუღიათ “მილანის” ფეხბურთელთა მოხმარებიდან, თქვენი, 6-ნომრიანი მაისური. რომელიმე მოთამაშეს თუ თვლით თქვენს მემკვიდრედ?
- ჩემი სათამაშო კარიერის ასე მაღალი შეფასებისთვის, დიდი მადლობა. დიახ, 6-ნომრიანი მაისური ამოღებულია იმიტომ, რომ მრავალი წელი შევალიე საკუთარ კლუბს. თუმცა, თუკი კლუბი საჭიროდ ჩათვლის ამ ნომრის ვინმესთვის გადაცემას (ამაზე თანხმობის მიცემა კლუბის პრეზიდენტ ბერლუსკონის შეუძლია), მე წინააღმდეგი არ ვიქნები.
რაც შეეხება მემკვიდრეს, ჩემთვის რთულია მსგავსი შედარების გაკეთება. ჩვენთან იტალიაში მრავლად არიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები: ბონუჩი, რანოკია, კიელინი, მაგრამ ყველა მათგანს ჯერ გაზრდა სჭირდება. ყოველ მათგანს გააჩნია საკუთარი მახასიათებლები, ყოველი ფეხბურთელი ინდივიდუალურია, მაგრამ ალბათ, ბარეზის, ჯერჯერობით, ვერავინ შეედრება (იცინის).
- ამბობენ, რომ დიდი ფეხბურთელებისგან დიდი მწვრთნელები იშვიათად გამოდიან. თქვენ ახლა “მილანის” ახალგაზრდებით ხართ დაკავებული. სამწვრთნელო საქმეში საკუთარ წარმატებებს როგორ შეაფასებთ?
- სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ვწვრთნიდი და გარკვეული გამოცდილება უკვე დავაგროვე. მომწონს ეს სამუშაო. თქვენს კითხვას ასე ვუპასუხებდი – არსებობს გამონაკლისი: კარგი მოთამაშეებისგან იზრდებიან კარგი დამრიგებლები. ვარაუდების დონეზე საუბარი არ მინდა, მაგრამ არადროს თქვა არასოდეს.
- “მილანში” მწვრთნელის რანგში დაბრუნებაზე ოცნებობთ?
- არ ვიცი, მომავალი გვიჩვენებს. “მილანში” 20 წელი ვთამაშობდი, ახლა კი, კლუბის ინტერესების გამო ვმწვრთნელობ.
- გასული სეზონის “მილანს” როგორ აფასებთ? რა შეიცვლება ალეგრის მოსვლით?
- მთლიანობაში, გასული სეზონი პოზიტიური იყო, მაგრამ გარკვეული პრობლემები წარმოიშვა: მაგალითად, ტრავმები, რომელთა გამოც, წამყვან მოთამაშეებს დიდი ხნით ვკარგავდით. ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით, მაგრამ ლეონარდომ გუნდთან მაინც შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს, მისი დამოუკიდებლად მუშაობის პირველი შემთხვევა იყო. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით გამოსვლასთან დაკავშირებით, დასახულ ამოცანას თავი ვერ გაართვა. ლეონარდოს წასვლა, მისი გათავისუფლებად არ უნდა აღვიქვათ, მან თავად გადაწყვიტა “მილანიდან” წასვლა.
რაც შეეხება ალეგრის, ის ახალგაზრდა, თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელია. “მილანში” კი, მან ნახა მშვენიერი სიტუაცია, რომელიც პროდუქტიულად მუშაობის საშუალებას მისცემს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063902