ჩოგბურთი

13:13 | 8.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ფრანგული ფინალი” ცონგასია

ბოლო ხანს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ახალი წლის პირველ კვირას ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ყატარის დედაქალაქ დოჰაში ტარდება. 2009 წლიდან მოყოლებული ამ შეჯიბრებაში XXI საუკუნის პირველი ათწლეულის უძლიერესი ჩოგბურთელები როჯერ ფედერერი და რაფა ნადალი მონაწილეობენ. ამასთან შვეიცარიელი დოჰას ტურნირის სამგზის გამარჯვებულია, ესპანელი კი ჯერჯერობით ყატარში მთავარი პრიზის მოპოვებას ვერა და ვერ ახერხებს. წლეულს ფედერერმა და ნადალმა (ისინი შესაბამისად ტურნირზე მეორე და პირველ ნომრებად იყვნენ განთესილნი) დოჰაში ნახევარფინალს უწიეს, თუმცა, გადამწვყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება ვერც როჯერმა შეძლო და ვერც რაფამ. ფედერერმა ტრავმის გამო ცონგას წინააღმდეგ ვერ ითამაშა, ნადალი კი მონფისთან დამარცხდა. “ფრანგულ ფინალში” ჟო-ვილფრიდ ცონგამ (3) გაელ მონფისს (4) 7:5, 6:3 მოუგო და კარიერის განმავლობაში მერვე ტიტული დაისაკუთრა.
“მატჩის დასაწყისში გაელი მშვენივრად თამაშობდა, ლამის მთელ კორტს “ფარავდა” და ბურთს ზუსტად იმ წერტილში ხვდებოდა, რომელშიც მე ვურტყამდი. უპირატესობის მოპოვება თანდათან შევძელი. მონფისს მოძრაობას ვაიძულებდა, რამაც იგი დაღალა”, - ამგვარი ბლიც-კომენტარი გააკეთა ცონგამ საფინალო პაექრობის დასრულებისთანავე.
დოჰის ფინალში მარცხს გაელ მონფისი “ფილოსოფიურად” მიუდგა: “როდესაც ვმარცხდები, მხოლოდ მაშინ ვხვდები, რომელი ასპექტით უნდა მოვუმატო თამაშს. ნებისმიერი წაგებისგან სათანადო დასკვნაა გასაკეთებელი. ხანდახან მარცხი უფრო სასრგებლოა, ვიდრე მოგება. დოჰას ტურნირს რაც შეეხება, იგი მეტად საინტერესო გამოდგა როგორც მაყურებლისთვის, ასევე შეჯიბრების მონაწილეთათვის”.

დოჰა
Qatar ExxonMobil Open

საპრიზო ფონდი მილიონ 24 000 დოლარი
ფინალი
ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი, 3) – გაელ მონფისი (საფრანგეთი, 4) 7:5, 6:3


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164269