ჩოგბურთი

16:36 | 7.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგებს მონფისი დააკლდებათ

მოახლოებული სადევისთასო პაექრობების წინ, საფრანგეთის ნაკრების წევრი გაელ მონფისი მუხლის ტრავმამ შეაწუხა. დაზიანება მან მონპელიეს ტურნირის მსვლელობისას მიიღო, თუმცა, ფინალში გასვლა მაინც მოახერხა და გადამწყვეტ მატჩში ფავორიტს, ჩეხ ტომაშ ბერდიხს მონფისმა მხოლოდ სამსეტიანი დაძაბული პაექრობის შემდეგ დაუთმო მოგება.
“ჯერ კიდევ შაბათ საღამოს არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა მონპელიეს შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის მიღებას. საბოლოოდ ასპარეზობა გადავწყვიტე, რამაც ჩემი კანადაში გამგზავრებასა და ამ ქვეყნის ნაკრებთან დაპირისპირებას კითხვის ნიშანი დაუსვა. ექიმები სკურპულოზურად გამსინჯავენ და მათი კონსილიუმის შემდეგ გადაწყდება ჩემი ნაკრების რიგებში გამოსვლის საქმე. არ მსურს თანაგუნდელებს ტვირთად დავაწვე. თუკი ფორმაში არ ვიქნები, უმჯობესია, ჩემ მაგივრად სხვამ ითამაშოს”, - მონფისის ეს სიტყვები დევისის თასის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.
შეგახსენებთ, გაელ მონფისის გარდა, საფრანგეთის საჩოგბურთო ნაკრების განაცხადში ჟო-ვილფრიდ ცონგა, მიკაელ ლოდრა და ჟულიენ ბენეტო არიან. თუკი მონფისი დასავლეთ ნახევარსფეროში ვერ გაემგზავრა, მას, სავარაუდოდ, ჟილ სიმონი შეცვლის.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089839