კალათბურთი

0:02 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინალური ბრძოლა გრძელდება

ბოლო ხანია ქუთაისი კალათბურთით ცხოვრობს. ქვეყნის თასის მოქმედი მფლობელი ,,ქუთაისი-2010“ მშობლიურ ქალაქს მშვენიერი სანახაობით ანებივრებს. მერამდენე დღეა ქუთაისის სპორტის სასახლეში ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ მოიძებნება. ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის საკალათბურთო დარბაზი მატჩზე დასწრების ყველა მსურველს ვერ იტევს და გულშემატკივართა ნაწილს ქუჩიდან უხდება თამაშის პერიპეტიების გაგება.

რიონისპირელთა წინაშე რთული ამონაცანა იდგა. მოასწრებდნენ თუ არა ისინი, თბილისში თითქმის უბრძოლველად წაგებული ორი ფინალური მატჩის შემდეგ, სტრესიდან გამოსვლას და თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის ლევან ცეკვავას არყოფნაში როგორი შემართებით დაუხვდებოდნენ თბილისელ სტუმრებს.

შეხვედრის დებიუტი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. რიონისპირელები დავით ბარბაქაძის სამქულიანით პირველივე წამებზე წინ გაიჭრენ. მართალია ,,დინამოელთა“ ლეგიონერებმა მილოშევიჩმა და კარტერმა ანგარიში 3:4 გახადეს, მაგრამ პირველ მეოთხედში დავით ბარბაქაძემ კიდევ ორჯერ გაიბრწყინა და პერიმეტრიდან მისი ზუსტი სამქულიანების შემდეგ ქუთათურები სოლიდურად  დაწინაურდნენ - 17:10. ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად დედაქალაქელები საკუთარ თამაშს აგრძელებდნენ. ისინი მეტოქის კალათს მეთოდურად უტევდნენ და მეოთხედის ბოლოს სხვაობა მინიმუმადეც დაიყვანეს - 19:18

შეხვედრის განახლება საკმაო ხნით დაგვიანდა. როგორც აღმოჩნდა ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქალაქს შეუწყდა და დენის მოსვლამდე კალათბურთელებს დაახლოებით 20 წუთი მოედანზე მოცდა მოუხდათ.

მეორე მეოთხედი ,,დინამოელებმა“ გაცილებით უკეთ დაიწყეს. მილოშევიჩი ორივე ფარზე დომინირებდა. მის მხარდამხარ ასევე კარგად ირჯებოდნენ ჭოჭუა და პესიჩი. მათი მცდელობის შემდეგ თბილისელები 24:26 დაწინაურდნენ. ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ სრული ძალით ათამაშდა აქამდე შედარებით ჩრდილში მყოფი აკაკი დვალიშვილი. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ დვალიშვილი ალბათ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. საბოლოოდ მან 25 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩა მილოშევიჩი (13 ქულა+10 მოხსნა). მეორე მეოთხედის ბოლოს დვალიშვილს კარგად აუბეს მხარი ძმებმა ბარბაქაძეებმა და დიდ შესვენებაზე რიონისპირელები 5 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 44:39.

შეხვედრის მეორე ნახევარი სანახაობრივად გაცილებით უკეთესი გამოდგა. ყველაზე დაძაბულად მესამე მეოთხედი წარიმართა. ფაშაევისა და დვალიშვილის აქტიურობის შედეგად რიონისპირელები 50:42 დაწინაურდნენ. დედაქალაქელებმა წუთშესვენება აიღეს და ბურთი თამაშში გვერდითი ხაზიდან შემოიტანეს. ქუთათურებმა მეტოქეს აქტიური დაცვა დაუპირისპირეს, ამის გამო ,,დინამოელებმა“ საბოლოო ტყორცნა პერიმეტრიდან მხოლოდ სირენის თანხლებით მოახერხეს. ბურთი კალათში ჩაეშვა, მაგრამ არბიტრთა პოზიციები გაიყო. თავიდან ისინი თითქოს თვლიდნენ, რომ ტყორცნა სირენის შემდეგ განხორციელდა, თუმცა მცირე თათბირის შემდეგ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს და ანგარიში 50:45 გახდა. ამან სპორტის სასახლეში მისული გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და პარკეტზე სანთებელაც გადმოვარდა. არბიტრმა მაკა კუპატაძემ მატჩი დროებით შეწყვიტა და ადგილობრივმა დიქტორმა გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მალე ყველაფერი ჩაწყნარდა და მატჩიც განახლდა.

იძულებითმა შესვენებამ მასპინძლებზე უარყოფითად იმოქმედა და ლეჟავას აქტიურობის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 55:55.  აქვე მსაჯებმა გიგი ბარბაქაძე ტექნიკური ჯარიმით დასაჯეს, თუმცა გამყრელიძეს ორივე სროლა გაუცუდდა. ეტყობა გაბრაზება გიგის სასიკეთოდ წაადგა და მეოთხედის უკანასკნელ წუთზე ზედიზედ 5 ქულის მოპოვება მოახერხა. მართალია მესამე მეოთხედი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით - 18:19 დათმეს, მაგრამ საერთო ანგარიშში 4 ქულიანი აქტივი შეინარჩუნეს - 62:58.

შეხვედრის დასკვნით მეოთხედში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა. პერიმეტრიდან ლეჟავას ზუსტი სროლისა და ფარქვეშიდან მილოშევიჩის ჩაგდებული ბურთის შემდეგ, თბილისელებმა ანგარიში თავიანთ სასარგებლოდ შეცვალეს - 62:63. ამის შემდეგ თამაში ქულა ქულაში გაგრძელდა. დვალიშვილის ძალიან რთული მდგომარეობიდან ჩაგდებულ ბურთს, ლეჟავას ზუსტი სამქულიანი მოჰყვა და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა - 72:72.

აქ მთელი ძალით ათამაშდა ფაშაევი, რომელმაც მოედანზე დვალიშვილთან ერთად, სრული 40 წუთი დაჰყო.  მას მხარი კარგად აუბა ასევე თითქმის შეუცვლელად მოთამაშე დიდიამ და შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა გრძელიძემ, რომლის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ქუთათურებს (9:0) გაქცევა გამოუვიდათ და ანგარიშში - 81:72 დაწინაურდნენ.  

თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ ,,დინამოელები“. მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს და საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე სხვაობა მინიმუმადე - 85:84 დაიყვანეს, თუმცა შეტევაში ბურთი დაკარგეს და იქვე გრძელიძეზე დაჯარიმდნენ. ახალგაზრდა ქუთაისელს მტკიცე ნერვები აღმოაჩნდა და ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა - 87:84. ,,დინამოელებს“ მატჩის გადასარჩენად დრო კიდევ ჰქონდათ, მაგრამ სამქულიანი გაუცუდდათ, რასაც  გრძელიძემ ფარქვეშ რეიდით  უპასუხა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 89:84.

 

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

 

მედეა მხეიძე (,,ქუთაისი-2010’’-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): ,, პირველ რიგში ვულოცავ მთელ ქუთაისს ამ გამარჯვებას. ჩვენი გუნდის ფინალში გასვლა უკვე წარმატებაა. ჩვენს წინაშე რთული ამოცანა იდგა - ბიჭები სტრესიდან უნდა გამოგვეყვანა და საბრძოლველად სათანადოდ განგვეწყო. საბედნიეროდ ეს მოვახერხეთ. მთელმა გუნდმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო. დიდი მადლობა მათ ამისთვის. შევეცდებით ხვალაც გავიმარჯვოთ და მეხუთე მატჩის გამართვა თბილისში მოგვიწიოს.’’

 

ირაკლი ხოშტარია (,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ,,ეს ფინალია და თავისი კანონზომიერება ახლავს. ყველა მატჩს ვერ მოიგებ. ხანდახან დამარცხებაც გამოერევა. ისე გამარჯვებაცს შეგვეძლო. საგანგაშო არაფერია, შეცდომებს გავაანალიზებთ და ხვალ უკეთესად ვიასპარეზებთ.’’

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166725