ვინუს და სერენა უილიამსები ჩარლსტონის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 740 000 დოლარი) ერთდროულად მესამედ გამოდიან, მეოთხედფინალში სინქრონულად გასვლა კი პირველად მოახერხეს. თუკი მათ Family Circle Cup-ის შეჯიბრების ამ ეტაპზეც იმარჯვეს, ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან.
მერვედფინალში სერენამ (5) ახალზელანდიელ მარინა ერაკოვიჩს (17) 6:2, 6:2 მოუგო, ხოლო ვინუსმა ასევე ორი სეტით ავსტრალიელი ანასტასია როდიონოვას წინააღმდეგობა გატეხა 7:5, 6:2. უმცროსის უილიამსის სამეოთხედფინალო მოწინააღმდეგე გერმანელი საბინ ლისიცკია, ვინუსი კი, სავარაუდოდ, სამანტა სტოსურს (მისი მატჩი გალინა ვოსკობოევასთან წვიმის გამო გადაიდო) შეხვდება.
“ვინუსთან ნახევარფინალში თამაშზე ვფიქრობ. გრუნტზე ასპარეზობა მომწონს და კარგ ფორმაშიც ვარ”, - სერენამ ლისიცკი “წინასწარ” დაამარცხა და უკვე დედმამიშვილთან დაპირისპირებას ელის. ვინუსს კი უკვე ნახევარფინალში სერენასთან მატჩის პროგნოზის გაკეთება სთხოვეს, რაზეც უფროსმა უილიამსდამ მიუგო, ფინალში ჩვენგან უძლიერესი გავაო.







