კალათბურთი

12:14 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი განმეორდება

ნბა-ს ფინალურ სერიაში შარშანდელის მსგავსად, “მაიამი ჰითი” და “სან ანტონიო სპურზი” ითამაშებენ. ფლორიდელებმა და ტეხასელებმა ნახევარფინალებში, შესაბამისად, “ინდიანა პეისერზს” და “ოკლაჰომა სიტი სანდერსს” ერთნაირი ანგარიშით, 4:2 სძლიეს.

პირველმა ფინალის საგზური მაიამელებმა მოიპოვეს და ეს გაცილებით იოლად შესძლეს. სტუმრად განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, “ჰითმა” თვალნათლივ წარმოაჩინა ვინ იყო ფავორიტი და ინდიანელები 117:92 გაანადგურა.

შეხვედრის განმავლობაში ფლორიდელთა უპირატესობამ ლამის 40 ქულას უწია და ალბათ, ბოლომდე რომ მოენდომებინათ, სხვაობა მეტიც იქნებოდა, თუმცა, ლებრონ ჯეიმსი და კომპანიამ “მხოლოდ” 25-ქულიანი მარაგით დაკმაყოფილდნენ.

“მეფე ლებრონმა” და კრის ბოშმა საკუთარ აქტივშიც 25-25 ქულა ჩაიწერეს, “პეისერზს” კი პოლ ჯორჯის კიდევ ერთი ჩინებული მატჩი (29 ქულა) არაფერში წაადგა.

შარშანდელ ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება “სან ანტონიო”, რომელმაც დასავლეთ კონფერენციის ფინალში სტუმართა “წყევლას” ბოლო მოუღო და ოკლაჰომელები ოვერტაიმში 112:107 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სერიაში გასული ხუთივე მატჩი მასპინლებს ჰქონდათ მოგებული, გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა კი სწორედაც რომ იდეალურ მომენტში “გაისროლეს” და მე-7 თამაშამდე საქმე აღარ მიიყვანეს.

ტეხასელებს მატჩის მოგება ძირითად დროშივე შეეძლოთ მანუ ჯინობილის სირენასთან ერთად ნასროლი ორქულიანი რომ ჩაეგდო, თუმცა, არგენტინელი 15 ქულით მაინც მატჩის რთ-ერთი გმირი გახდა.

სამხრეთამერიკელის გარდა უბერებელი ტიმ დანკანიც (19 ქულა, 15 მოხსნა) გამოირჩა, რომელმაც ოვერტაიმის უკანასკნელ წუთზე უმნიშვნელოვანესი ორქულიანი ჩააგდო, ოკლაჰომელთა ლიდერებმა – კევინ დიურანტმა და რასელ უესტბრუკმა კი ჯამში 65 ქულა ჩააგდეს, თუმცა, გადამწყვეტი ტყორცნები გაუცუდდათ.

“ჯერ კიდევ გვახსოვს ის მარცხი, რომელიც შარშან განვიცადეთ. კარგია, რომ ფინალში ისევ “მაიამის” ვეთამაშებით. ახლა, უბრალოდ 4 მატჩი უნდა მოვიგოთ და ამჯერად, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, - განაცხადა დანკანმა.

ფინალური სერია სტარტს 6 ივნისის დილას სან ანტონიოში აიღებს და მოედნის უპირატესობა სწორედ “სპურზს” ექნება.

 

მაიამი – ინდიანა 117:92 (24:13, 36:21, 31:24, 26:34)

მაიამი: ჯეიმსი (25 ქ. 6 პ.), ბოში (25 ქ. 8 მ.), უეიდი (13 ქ. 6 პ.), ლუისი (13 ქ.), ჩალმერსი (4 ქ.); ანდერსენი (9 ქ. 10 მ.), ბატიე (8 ქ.), დუგლასი (6 ქ.), ჰასლემი (6 ქ.), ალენი (3 ქ.), ჯონსი (3 ქ.), კოული (2 ქ.), ოდენი.

ინდიანა: ჯორჯი (29 ქ. 8 მ.), უესტი (16 ქ.), სტივენსონი (11 ქ.), ჰილი (9 ქ.), ჰიბერტი (8 ქ.); კოუპლენდი (6 ქ.), სლოუნი (5 ქ.), უოტსონი (2 ქ.), ბატლერი (2 ქ.), ალენი (2 ქ.), სკოლა (2 ქ.), მაინმი.

მაიამიმ მოიგო სერია 4:2

 

ოკლაჰომა სიტი – სან ანტონიო 107:112 ოტ. (23:20, 26:22, 20:37, 32:22, 6:11)

ოკლაჰომა სიტი: უესტბრუკი (34 ქ. 7 მ. 8 პ. 6 ჩ), დიურანტი (31 ქ. 14 მ.), ჯეკსონი (21 ქ.), იბაკა (16 ქ. 4 დ.), პერკინსი; ფიშერი (5 ქ.), ლემბი, სეფოლოშა, კოლისონი, ჯონსი, ადამსი.

სან ანტონიო: დანკანი (19 ქ. 15 მ.), ლენარდი (17 ქ. 11 მ.), გრინი (11 ქ.), პარკერი (8 ქ.), ბონერი (6 ქ.); დიაო (26 ქ.), ჯინობილი (15 ქ.), სპლიტერი (5 ქ.), ბელინელი (3 ქ.), ჯოზეფი (2 ქ.), მილსი.

სან ანტონიომ მოიგო სერია 4:2

0.118135