ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი ოფიციალურ მასპინძლად მომავალ წელს ფილას კონგრესზე გამოცხადდება, თუმცა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და სავარაუდოდ აღარაფერი შეიცვლება.
დღეს სტამბოლში ფილას კონგრესი გაიმართა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ დამსწრეთ სპეციალურად დამზადებული სარეკლამო კლიპი წარუდგინა.
“პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. დამსწრეთ თბილისისი მიმოხილვა შევთავაზეთ. ვუჩვენეთ, რამდენად მიმზიდველია ჩვენი დედაქალაქი და მთლიანად ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის. კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩვენს წარდგინებას. ასე რომ 2013 წლისთვის უნდა მოვემზადოთ. არამგონია რამე შეიცვალოს. ცხადია სხვა ქვეყნებსაც სურდათ მასპინძლობა, მაგრამ ამ კონგრესზე გადაწყდა, რომ ერთადერთი კანდიდატი თბილისი იქნება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ.
ოთარ მაღლაკელიძე









