სხვა

13:39 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელიქსს დოჰაში ზედიზედ მეთერთმეტედ მოგება არ დაანებეს

 

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მძლეოსნობაში კომერციულ შეჯიბრებათა ყოველწლიური სერიის - ბრილიანტის ლიგის – 2013 წლის პირველი ეტაპი გაიმართა. მართალია, მსოფლიო რეკორდები არ დამხობილა, მაგრამ სპორტსმენებმა სეზონის 11 და ეტაპის 9 საუკეთესო შედეგი აჩვენეს, რაც დასაწყისისთვის ურიგო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.

სეზონის საუკეთესო შედეგებით კენიელი დევიდ რუდიშა (800 მ), ამერიკელი ბრიტნი რიზი (სიგრძეზე ხტომა), ხორვატი სანდრა პერკოვიჩი (ბადროს ტყორცნა), ამერიკელი რაიან უაიტინგი (ბირთვის კვრა), ბერძენი კონსტანტინოს ფილიპიდესი (ჭოკით ხტომა), შვედი აბება არეგავი (1500 მ), ამერიკელი დაუნ ჰარპერი (100 მ თარჯრბენი), კენიელი ლიდია ჩეპკურუი (3000 მ სტიპლჩეიზი), ბოტსვანელი ამანტლე მონტშო (400 მ), კენიელი ასბელ კიპროპი (1500 მ) და ეთიოპელი ჰაგოს გებრჰივეტი (3000 მ) გამოირჩნენ.

სახელოვან ამერიკელ მორბენალ ელისონ ფელიქსს, რომელსაც დოჰაში აქამდე ზედიზედ 10-ჯერ ემარჯვა, იქ მიჯრით მე-11 გამარჯვების მოხვეჭა მისთვის ნაკლებ წარმატებულ დისტანციაზე – 400 მეტრზე – სურდა, მაგრამ ისევე როგორც 2011 წლის მსოფლიო პირველობაზე, ამჯერადაც ბოტსვანელ ამანტლე მონტშოსთან დამარცხდა.

30 წლის მონტშომ 3 წლით უმცროს ამერიკელს უკანასკნელ 100-მეტრიან მონაკვეთზე გადაასწრო. ფინიშის ხაზი მესამემ ბრიტანელმა კრისტინ ოჰურუგუმ, ლონდონის 2012 წლის ვერცხლის მედალოსანმა, გადაკვეთა: 1. მონტშო – 49.88 წმ; 2. ფელიქსი – 50.19; 3. ოჰურუგუ – 50.53.

“დარწმუნებული ვარ, დისტანციის 49 წამზე ნაკლებ დროში დაფარვა და წლეულს მოსკოვის მსოფლიო პირველობაზე ტიტულის შენარჩუნებაც შემიძლია” – თქვა შემდეგ ბოტსვანელმა მორბენალმა.

რაც შეეხება ფელიქსს, შეგახსენებთ, რომ უდიდესი წარმატებებისთვის მას აქამდე 200 მეტრზე რბენაში მიუღწევია – ამ დისტანციაზე ის ოლიმპიური ჩემპიონი (2012) და ვერცხლის მედალოსანი (2008) და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (2005, 2007, 2009) და ბრინჯაოს მედალოსანია (2011). და, მართალია, 2011 წელს 400 მეტრზე რბენაში ბრილიანტის ლიგის გამარჯვებულიც გახდა, მაგრამ იმავე სეზონში მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც ზემოთვე აღვნიშნეთ, გადამწყვეტი გარბენი მონტშოსთან დათმო. ამ დისტანციაში ოქრო მას მხოლოდ ესტაფეტებში (4X400) მოუნაგრავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თანამემამულე კარმელიტა ჯეტერსა (100 მ) და ფრანგ რენო ლავილენისთან (ჭოკით ხტომა) ერთად ფელიქსს ბრილიანტის ლიგის ეტაპებზე ყველაზე მეტჯერ – 13-ჯერ – უმარჯვია.

800 მეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდსმენმა, მოქმედმა ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა დევიდ რუდიშამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 24 წლის კენიელმა, რომლისთვისაც ეს წლეულს პირველი გამოსვლა გახლდათ, მანძილი 1 წუთსა და 43.87 წამში დაფარა. 19 წლის ეთიოპელმა მოჰამედ ამანმა, ვინც ერთადერთია, უკანასკნელ წლებში რუდიშას დამარცხება რომ შეძლო, ფინიშს მეორემ მიატანა - 1:44.21, ხოლო მესამე ადგილზე კენიელი ჯობ კინიორი გავიდა 1:44.24.

ბრწყინვალედ იასპარეზა ქალთა შორის ბადროს ტყორცნაში მოქმედმა ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა სანდრა პერკოვიჩმა – მან პირველივე ცდაზე წლის და ეტაპის საუკეთესო შედეგი აჩვენა 67,37 მ, ხოლო უკასკნელ ცდაზე ეს მაჩვენებელი 86 სმ-ით გააუმჯობესა – 68,23 მ.

დიდებულად გამოვიდა მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი სიგრძეზე ხტომაში ამერიკელი ბრიტნი რიიზი, რომელიც მეოთხე ცდაზე 7,25 მეტრზე გადახტა, რაც არა მხოლოდ მიმდინარე სეზონის, არამედ უკანასკნელი 9 წლის საუკეთესო შედეგია, და, ამდენად, არა მარტო დოჰას ეტაპის, არამედ საერთოდ ბრილიანტის ლიგის რეკორდიც გახლავთ.

მსოფლიოს ჭერქვეშა პირველობის გამარჯვებულმა ბირთვის კვრაში რაიან უაიტინგმა წლის საუკეთესო შედეგს (21.74 მ), რომელიც გასულ უქმეებზე კინგსტონში თავადვე აჩვენა, 56 სმ დაამატა - 22.28 მ. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პოლონელმა ტომაშ მაიევსკიმ, რომელმაც ზამთარში იდაყვის ოპერაცია გაიკეთა, წლეულს თავის პირველ შეჯიბრზე ბირთვი მხოლოდ 19.96 მ-ზე გადააგდო და სამეულშიც ვერ მოხვდა.

2012 წლის ევროპის ჩემპიონმა შუბის ტყორცნაში, ჩეხმა ვიტეზსლავ ვესელიმ ორ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ერთ მსოფლიო ჩემპიონთან ჭიდილში იმარჯვა. მან შუბი 85,09 მეტრზე ტყორცნა. მეორე ადგილზე მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი ტერო პიტკემეკი გავიდა 82.18 მ, მესამეზე – 2004 და 2008 წლების ოლიმპიადების გამარჯვებული ნორვეგიელი ანდრეას თორკილდსენი 81.51 მ, ხოლო ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი, ტრინიდადელი და ტობაგოელი კეშორნ უოლკოტი 79.79 მ-ით მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა.

გამარჯვებით დაიწყო წლევანდელი ლიგა მოქმედმა ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა სამხტომში, ამერიკელმა კრისტიან ტეილორმა – 17,25 მ. კაცთა შორის 100 მეტრზე გარბენი 2004 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა და 2005 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 31 წლის ამერიკელმა ჯასტინ გეტლინმა მოიგო – მანძილი მან 9.97 წამში დაფარა და თანამემამულე მაიკ როჯერსსა და იამაიკელ ნესტა კარტერს წამის 2 მეასედით აჯობა.

ლიგის მეორე ეტაპი 18 მაისს, შანხაიში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბრილიანტის ლიგაში შეჯიბრებები 32 დისციპლინაში 14 ეტაპად ტარდება - აქედან თითოეულ დისციპლინას 7 ეტაპი ეთმობა. რიგით ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენს 4 ქულა ერიცხება, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად,  2 და 1. ხოლო დისციპლინის ფინალურ ეტაპზე ქულები ორმაგდება - 1. - 8, 2. - 4, 3. - 2. ლიგის გამარჯვებული ის სპორტსმენი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. გამარჯვებულს 40 ათასი დოლარი და ბრილიანტის ჯილდო ერგება.

 

ბრილიანტის ლიგა. 2013

1-ლი ეტაპი. დოჰა. 10 მაისი

 კაცები

ბირთვის კვრა

1. რაიან უაიტინგი (აშშ)    22,28  (სეზონის საუკეთესო შედეგი, ეტაპის რეკორდი)

2. ხერმან ლუხან ლაურო (არგენტინა) 21,26

3. რიიზ ჰოფა (აშშ)     21,01

 

შუბის ტყორცნა

1. ვიტეზსლავ ვესელი (ჩეხეთი)        85.09

2. ტერო პიტკემეკი (ფინეთი)   82.18

3. ანდრეას თორკილდსენი (ნორვეგია)    81.51

 

ჭოკით ხტომა

1. კონსტანტინოს ფილიპიდისი (საბერძნეთი)   5,82  (სსშ, ერ, ნაციონალური რეკორდი)

2. მალტე მორი (გერმანია)    5,82  (სსშ, ერ, ნრ)

3. რაფაელ ჰოლცდეპე (გერმანია)    5,70

 

სიმაღლეზე ხტომა

1. ბოგდან ბონდარენკო (უკრაინა)   2,33  (ერ)

2. მუტაზ ესა ბარშიმი (ყატარი)      2,30

3. ალექსანდრ შუსტოვი (რუსეთი)  2,27

 

სამხტომი

1. კრისტიან ტეილორი (აშშ)            17,25

2. ბენჟამენ კომპაორე (საფრანგეთი) 17,06 

3. ალექსეი ფიოდოროვი (რუსეთი)   16,85 

 

100 მ.

1. ჯასტინ გეტლინი (აშშ) 9.97

2. მაიკლ როჯერსი (აშშ) 9.99

3. ნესტა კარტერი (იამაიკა) 9.99  

 

400 მ. თარჯრბენი

1. მაიკლ ტინსლი (აშშ)  48,92

2. ბერშაუნ ჯეკსონი (აშშ) 49,12

3. კორნელ ფრედერიკსი (სარ) 49,35

 

800 მ.

1. დევიდ რუდიშა (კენია)        1:43.87 (სსშ)

2. მოჰამედ ამანი (ეთიოპია)    1:44.21

3. ჯობ კინიორი (კენია)           1:44.24

 

1500 მ.

1. ასბელ კიპროპი (კენია)          3:31.13

2. ბეთუელ ბირგენი (კენია)       3:31.90

3. აიანლე სულეიმანი (ჯიბუტი) 3:32.59    

 

3000 მ.

1. ჰაგოს გებრჰივეტი (ეთიოპია)       7:30.36 (სსშ)

2. თომას პკემეი ლონგოსივა (კენია) 7:32.01

2. იენეუ ალამირეუ (ეთიოპია)        7:32.64

 

ქალები

ბადროს ტყორცნა

1. სანდრა პერკოვიჩი (ხორვატია)   68,23  (სსშ, ერ)

2. ზინაიდა სენდრიუტე (ლიტვა)    63,92

3.  ანა რიუ (გერმანია)                   63,01

 

სიგრძეზე ხტომა

1. ბრიტნი რიზი (აშშ)   7,25  (სსშ, ერ)

2. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია)     7,14

3. ჯენი დელოუჩ სუკუპი (აშშ)       7,08

 

100 მ. თარჯრბენი

1. დაუნ ჰარპერ-ნელსონი (აშშ) 12,60 (სსშ)

2 კელი უესლი (აშშ)       12,73

3. ქუინ ჰარისონი (აშშ)  12,74

 

200 მ.

1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა)    22,48

2. შერონ სიმპსონი (იამაიკა)     22,73 

3. მირიამ სუმარი (საფრანგეთი)     22,81 

 

400 მ.

1. ამანტლე მონტშო (ბოტსვანა)      49,88 (სსშ)

2. ელისონ ფელიქსი (აშშ)     50,19 

3. კრისტინ ოჰურუგუ (ბრიტანეთი)   50,33 

 

1500 მ.

1. აბება არეგავი (შვედეთი)    3:56.60 (სსშ, ერ)

2. ფაით ჩეპნგეტიჩ კიპიეგონი (კენია)       3:56.98 (ნრ)

3. გენზებე დიბებე (ეთიოპია)        3:57.54

 

3000 მ. სტიპლჩეიზი

1. ლიდია ჩეპკურუი (კენია)    9:13.75      

2. სოფია ასეფა (ეთიოპია)     9:14.61      

3. ჰივოტ ავალეუ (ეთიოპია)   9:17.60

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168635