ბრაზილიაში ბევრი ადამიანი გაკვირვებული იყო იმ ფაქტით, რომ გასულ წელს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მიეცა ფელიპე მელოს. ქვეყნის პირველ გუნდში მელოს დებიუტიდან ერთი წელიც არ გასულა და მან თვით დიეგო მარადონას ქება დაიმსახურა.
ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა კარიერა 2001 წელს “ფლამენგოში” დაიწყო, სადაც 2 სეზონი დაჰყო. შემდეგ იყო ასევე ბრაზილიური კლუბები, “კრუზეირო” და “გრემიო”, რასაც პირველი ევროპული გამოწვევა მოჰყვა. “ბებერ კონტინენტზე” მელოს პირველი გუნდი ესპანური “მალიორკა” იყო, თუმცა მალევე იგი “რასინგში” გადაბარგდა. სანტანდერულ კლუბში ბრაზილიელმა 2 სეზონი გაატარა, რის შემდეგაც, ასევე ესპანურ “ალმერიას” მიაშურა. ამ ტრანსფერიდან ერთ წელიწადში ბრაზილიელმა იტალიაში გადაბარგება გადაწყვიტა, სადაც მისი პირველი გუნდი “ფიორენტინა” გახლდათ. სწორედ ფლორენციელთა რიგებში კარგი თამაშით მიიპყრო მელომ ნაკრების მწვრთნელის, დუნგას ყურადღება, რასაც “იუვენტუსის” მხრიდან გამოჩენილი ინტერესი და ტურინში გადაბარგება მოჰყვა.
როგორც ხედავთ, 26 წლის ფეხბურთელს აღიარების მოსაპოვებლად ხანგძლივი მოგზაურობა დასჭირდა. ახლა კი იგი ნაკრების წევრია და ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუს დროს როგორც განვლილი კარიერის, ასევე მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.
- რა განსხვავება იგრძენით, როდესაც ესპანეთიდან იტალიაში გადაბარგდით?
- “რასინგში” ყოფნის დროს ძალიან მიჭირდა. სიტუაცია გამოსწორდა მას შემდეგ, რაც “ალმერიაში” გადავედი. იმ დროს კლუბს უნაი ემერი წვრთნიდა და იგი ძალიან დამეხმარა. მის ხელში დიდი პროგრესი განვიცადე. შემდეგ კი იყო იტალია, სადაც მეტი პატივისცემა მოვიპოვე. ფლორენციულ კლუბში რეგულარულად მიწევდა თამაში და ტაქტიკის მხრივ ბევრი რამ ვისწავლე, რაც ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრაში დამეხმარა.
- იყო უნაი ემერი ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი თქვენს კარიერაში?
- იგი ჩემთვის მასწავლებელივით იყო. ყოველი ვარჯიშის დროს იგი ჩემთან პირისპირ საუბრობდა. გუნდში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ემერის წყალობით გავხდი. მის გარდა ჩემს კარიერაში იყო კიდევ ორი მწვრთნელი, რომლებსაც ვერასდროს დავივიწყებ. ერთია ვანდერლეი ლუშემბურგო, რომელმაც, “კრუზეიროში” თამაშის დროს, ბევრი რამ მასწავლა და პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამომაყალიბა. მეორეა ჩეზარე პრანდელი, რომელიც ძალზე ინტელიგენტი ადამიანია და მასთან მუშაობის დროს ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს იგი ფლორენციის მეფე ყოფილიყოს.
- სწორედ “ფიორენტინაში” თამაშის დროს მიიქციეთ დუნგას ყურადღება. რა იგრძენით, როდესაც ნაკრებში პირველად გამოგიძახეს?
- ბრაზილიის ნაკრებთან დაკავშირებით სიახლეებს ხშირად ვეცნობოდი და ვფიქრობდი, რომ შესაძლოა მოვიდეს დრო და მეც მოვხვდე ქვეყნის პირველ გუნდში. ეს სასიამოვნო ამბავი მეგობარმა მამცნო ტელეფონით. თავიდან დაჯერება მიჭირდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ სახლის გარშემო ყვირილით დავრბოდი.
- როდესაც 2006 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების ასპარეზობას თვალს ტელევიზორით ადევნებდით, შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ ერთ დღეს ამ გუნდში თავად ითამაშებდით?
- ყოველთვის ვოცნებობდი ეროვნულ ნაკრებში თამაშზე. ამაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს. როდესაც ჩემს ამ მისწრაფებას საჯაროდ გავამხელდი, ხალხი დამცინოდა, მაგრამ ყოველთვის თავდაუზოგავად ვმუშაობდი და საბოლოოდ მივაღწიე კიდეც მიზანს. ნაკრებში დებიუტის დროს 25 წლის ვიყავი, ზოგი ფეხბურთელი კი პირველ მატჩს 18-20 წლის ასაკში ატარებს, მაგრამ შემდეგ დიდ წარმატებებს ვერ აღწევენ. დღესდღეობით არ ვთვლი, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა გარანტირებული მაქვს. ბრაზილია მსოფლიოში უდიდესი საფეხბურთო ქვეყანაა და მის ნაკრებში არავის აქვს ადგილი გარანტირებული. თუ მოვახერხე სამხრეთ აფრიკაში წასვლა, ამით ამაყი ვიქნები და შემდგომში ჩემს შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა.
- თქვენი დებიუტი შედგა ლონდონში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ. როგორი განცდებით შეხვდით ამ თამაშს?
- თამაშის წინ, სასტუმროში დუნგასთან მცირე საუბარი მქონდა. თამაშამდე ერთად მხოლოდ ორი დღე ვიყავით და საუბარი მანამდე ერთხელ გვქონდა, როდესაც მატჩის წინა დღეს, გუნდის შეკრებაზე გამოაცხადა, რომ ვითამაშებდი. როდესაც გავიგე, რომ ძირითადში ვიქნებოდი, კანკალმა ამიტანა. იმ მომენტში მთელმა კარიერამ თვალწინ გამიელვა და უკვე ვიცოდი, რომ ეს იყო ის შანსი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდი. ვიცოდი, რომ შემეძლო დამემტკიცებინა, თუ რისი გაკეთება შემიძლია. მადლობა ღმერთს, სადებიუტო მატჩი კარგად ჩავატარე და მას შემდეგაც რამდენიმე კარგი შეხვედრა გავმართე.
- ნაკრებში თამაში გიწევთ ძალზე გამოცდილ ჟილბერტო სილვას მხარდამხარ, რომელიც უფრო დაცვით ფუნქციებს ასრულებს, თქვენ კი უფრო ხშირად მიდიხართ წინ. შეგიძლიათ შედარება გააკეთოთ თქვენს წყვილდა და მაურო სილვა-დუნგას ტანდემზე, რომელიც 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდა? მწვრთნელს თქვენთან ამ თემაზე საუბარი ხომ არ ჰქონია?
- ამ საკითხზე მას ჩვენთან არასდროს უსაუბრია, მაგრამ დაწმუნებული ვარ, იგი და ჟორჟინიო (დუნგას თანაშემწე და 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე) ამერიკის მუნდიალზე მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ. ისინი ჩემპიონთა თაობიდან მოდიან და ამაში მიუღებელი არაფერია. მათი გამოცდილება ამას ამტკიცებს და ყველაფერი, რაც მათ იმ მსოფლიოს თასზე გადაიტანეს, შეიძლება ჩვენთვის გამოსადეგი იყოს. ორივე ფოკუსირებულია საკუთარ სამუშაოზე და იციან, თუ რამხელა ძალისხმევაა საჭირო მოსაგებად. ერთი-ორი ისეთი მწვრთნელი მყოლია, რომლებსაც ურყევი იდეები ჰქონდათ და არასოდეს ცვლიდნენ მათ, მაგრამ დუნგა უბრალოდ გუნდის კიდევ ერთი წევრია, რომელიც ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ის დიდი ხანია ამ საქმითაა დაკავებული. კარგი მოსმენის უნარი აქვს და იცის მოთამაშეებს რა სჭირდებათ. მან წარმატებისკენ მიმავალი მოკლე გზები იცის.
- როგორია ჟილბერტო სილვასნაირი გამოცდილების მქონე ადამიანის გვერდით თამაში?
- ფანტასტიკურია იყო მისი გვერდით ყოფნა მაშინ, როცა საერთაშორისო დებიუტი მქონდა. ეს ფაქტი ძალიან მამშვიდებდა. ძნელია იმის ახსნა, თუ რამხელა დახმარებას გიწევს ის მოედანზე, მნიშვნელობა არ აქვს ბურთს ვფლობთ თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ერთად უკვე არაერთი მატჩი ვითამაშეთ, მისგან ჯერ კიდევ ბევრს ვსწავლობ. საოცარი ტაქტიკური ცოდნა აქვს, რაც ვვარაუდობ ინგლისში განივითარა. შესანიშნავი მებრძოლია და რა თქმა უნდა, ჩემპიონიც.
- რა არის ბრაზილიის ამჟამინდელი ნაკრების ძლიერი მხარე?
- ეროვნული ნაკრები ტაქტიკის მხრივ ძალიან ორგანიზებულია. გუნდურად ვთამაშობთ და მოედნის გარეთაც უამრავი რამ გვაერთიანებს. ადვილი შესაჩნევია ყველა ერთმანეთს როგორ ვეხმარებით. ყველა დარბის, ეწევა ფეხბურთელებს და ბოლომდე იხარჯება. კაკას და რობინიოს მსგავსი ფეხბურთელებიც კი თანაბრად აწოდებენ ბურთს თანაგუნდელებს. ეს ყველაფერი თითქოს უფრო აახლოებს “სელესაოს” გულშემატკივრებთან, თითქოს წარსულში ვბრუნდებით, როცა ხალხს გუნდი მართლა უყვარდა.
- მოდით ვისაუბროთ "იუვენტუსზე", რომელსაც ბოლო დროს რთული პერიოდი უდგას. როგორ უმკლავდებით პრობლემებს?
- "იუვენტუსი" დიდი კლუბია და ისევე როგორც ყველა დიდი სახელის მქონე გუნდს, მასაც ტიტულების მოგება სჭირდება. თუმცა უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო ტიტული მოვიგეთ. ჩვენგან ბევრს ელიან და საკმაოდ დიდი იყო იმის იმედები, რომ სკუდეტოს მოგებას შევძლებდით. მართალია, ბევრი სირთულის გადალახვა გვიწევს ამ ეტაპზე, მაგრამ ასეთი რამ ყველა გუნდს ემართება. მსგავს სიტუაციაში იყო "მილანიც" სეზონის დასაწყისში. ვიცი ეს რამხელა ზეწოლაა, როცა ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, ხალხის 99% მაკრიტიკებდა. სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ კარგი თამაშით შემეძლო. ასე რომ, მშვიდად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის აზრით მოწოდების სიაღლეზე არ ვართ, მაინც შესანიშნავ კლუბში ვთამაშობთ და აბსოლუტურად დარწუნებული ვარ, რომ ამ ეტაპს გადავლახავთ.
- ბოლო შეკითხვა. შარშან ჩვენთან საუბრისას მარადონამ თქვენ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ და მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის აღმოჩენად დაგასახელათ. როგორია ასეთი სტატუსის მქონე ადამიანისგან ასეთი შეფასების მიღება?
- ეს ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის, რადგან მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ორი საუკეთესო მოთამაშიდან ერთ-ერთია. დარწმუნებული ვარ, დღეს რომ თამაშობდეს, მაინც საუკეთესო იქნებოდა. ბუნებრივია ამ შექებამ ძალიან გამახარა. სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი პელეს გაეკეთებინა ჩემი შეფასება. ბოლოს და ბოლოს მარადონა ხომ არგენტინელია (იცინის)?!
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა









